ჭადრაკი

20:55 | 14.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

კულისებში ყველაფერს ვიგებთ!

გუშინდელმა დღემ ტრიუმფით ჩაიარა! ასეთი რამ ყოველთვის და წელიწადში რამდენჯერმე არ ხდება; საერთოდაც, შესაძლოა,  ვერასდროს ეღირსოს ქვეყანა... ბევრი რომ არ გავაგრძელო, ტრომსოში საქართველომ და კერძოდ ქალაქმა ბათუმმა უდიდეს გამარჯვებას მიაღწია და 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება მოიპოვა!

დასრულებული ბრძოლის შემდეგ თითქოს იოლია პერიპეტიებზე საუბარი, მაგრამ არც ასეა საქმე - იმ ტვირთის და პასუხისმგებლობის გასიგრძეგანება, რაც თამაშების მაღალ დონეზე ორგანიზებას ახლავს თან, დიდი ძალისხმევა და ყველა რესურსის მოხმობა სჭირდება. ისიც გასათვლისწინებელია, რომ ემოცია ჯერაც არ ჩამცხრალა, რაც სრული სურათის დახატვას ართულებს. ამ წუთისთვის, როგორც იტყვიან, გამარჯვებით უნდა დავტკბეთ!

ცხადია, ქართული დელეგაციის ყველა წევრი ბედნიერია და თავს მოშვების და ამ წუთებით ტკბობის უფლებას მისცემს, მაგრამ ოლიმპიადა ჯერაც არ დამთავრებულა და ბოლო აკორდი ასაღებია. თუკი აქაც მივიღებთ გარკვეულ დივიდენდებს, მშვენიერი იქნება, თუ არადა, მომავლის პერსპექტივის იმედით უნდა დავცილდეთ ტრომსოს, ნორვეგიას და მთლიანად საჭადრაკო სამყაროს.

გუშინდელ დღეზე ბევრის თქმა აღარაა აქტუალური, მაგრამ მცირე ექსკურსს მაინც  გავაკეთებ, მითუფრო, რომ მოულოდნელმა ფაქტორებმა ძალიან შეგვაწუხა.

წინასწარი ინფორმაციით, 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძლის გამოსავლენად კენჭისყრა დღის 12 საათისათვის იყო დანიშნული. დილის ცხრა საათიდან ფიდეს კონგრესი  თავის ახალ წევრებს ირჩევდა. ეს პროცესი იმდენად გართულდა და დროში გაიწელა, რომ 12 საათს ვინ ჩივის, საღამოს ცხრა საათისთვისაც კი არაფერი იყო გარკვეული(?!). ამ ხნის განმავლობაში ყველა ჩვენთაგანი ტრომსოს უნივერსიტეტის ( სადაც იმართებოდა არჩევნები) დერეფნებში თუ აუდიტორიებში  ცემდა ბოლთას. არ დაგიმალავთ და ეს დრო ჯერ კიდევ იძლეოდა საშუალებას,   ამომრჩევლებთან გემუშავა  და მათი კეთილგანწყობა  მოგეპოვებინა. გამოცდილ ჩინოვნიკებს ეს არ ესწავლებოდათ და დროს უქმად არ კარგავდნენ... მართალია, ზურაბ აზმაიფარაშვილი და მისი გუნდი  თავდაჯერებული იყო, მაგრამ ნერვიულობა მაინც შეიმჩნეოდა, რადგანაც არჩევნებში ყველაფერია მოსალოდნელი; არც სამხრეთ აფრიკაა ისეთი ქვეყანა, რომელსაც ხელაღებით მოისვრი გვერდზე...  საბედნიეროდ, უფრო მდიდარი ქვეყნის წარმომადგენელთა ყველა მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა და მწარე მარცხიც იგემეს -  ბათუმმა კონკურენტი დურბანი დიდი სხვაობით დაამარცხა - 93 ხმა 58 -ის წინააღმდეგ.

ქალაქ დურბანის ხსენებამ არ დაგაბნიოთ. აღმოჩნდა, რომ ორიოდ დღით ადრე სამხრეთ აფრიკის დელეგაციამ ადრე შეგულებული ქეიფთაუნის ნაცვლად მასპინძლად დურბანი დაადგინა და ეს ქალაქი წარუდგინა ფიდეს კონგრესს.  ეს რომ არასერიოზული ნაბიჯია და ქულებს ვერ ჩაუწერდა აფრიკელებს, საბოლოო შედეგმაც გამოაჩინა. სხვათა შორის, დურბანის პრეზენტაცია საკმაოდ მაღალ დონეზე იყო გაკეთებული და აშკარად აჯობა ქართულს. სამწუხაროა, ასე რომ მოხდა, მაგრამ ამას თავისი მიზეზებიც გამოაჩნდა. მოგეხსენებათ, რომ ერთი დღით ადრე ბათუმის დიდი პრეზენტაცია მოეწყო სასტუმრო „რიკაში“, სადაც სრულად  იქნა ნაჩვენები ქართული მხარის ყველა ნამუშევარი. გუშინ კი, ჩვენებურები ფიდეს ჩინოვნიკთა  გაუგებარი გადაწყვეტილებების მსხვერპლი გახდნენ,  პრეზენტაციისთვის მცირე დრო გამოვყავით და თქვენ შემოკლებული პროგრამით გამოსვლა მოგიწევთო.  პირველები ქართველები წარადგენდნენ კანდიდატ ქალაქს, ამიტომ  პროგრამაც   ხუთ  წუთამდე იქნა შემცირებული. კონკურენტებმა კი, რატომღაც  ლამის 20 წუთიანი ვრცელი პროგრამა წარადგინეს. რატომ მოხდა ასე, არ ვიცი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველაფერი საჩვენოდ დასრულდა. ერთი რამ კი ფაქტია: ჭკუის სასწვლებლად შესანიშნავი მაგალითი მივიღეთ...

ახლა უკვე სხვა მოლოდინები გვაქვს და იმედიც იმისა, რომ ოლიმპიადას უმაღლეს დონეზე ვუმასპინძლებთ!

ზვიად შათირიშვილი სპეციალურად worldsport.ge-სთვის ტრომსოდან

ავტორის ფოტო

0.205661