ავტოსპორტი

0:17 | 15.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

კუბიცა ფ1-ში დაბრუნებას ჯერჯერობით გამორიცხავს

რობერტ კუბიცამ კიდევ ერთხელ გააწბილა თავისი ფანები, როცა განაცხადა, რომ ჯერჯერობით ფორმულა ერთში მისი დაბრუნება ისევ შეუძლებლად მიაჩნია. პოლონელი მრბოლი, ვინც რალის მსოფლიო ჩემპიონატში ასპარეზობს, ამბობს, რომ ფიზიკურად ჯერაც შეზღუდულია იმისათვის, რომ ფ1-ის ვიწრო კოკპიტში, ექსტრემალურ პირობებში საჭის მართვა შესძლოს.

შეგახსენებთ, რომ კუბიცას 2011 წლის სეზონის წინ, მძიმე ავარია მოუვიდა, როცა იტალიაში, მეორეხარისხოვანი რალის რბოლაში ასპარეზობდა. ერთი შეხედვით, ავარია მძიმე არ ჩანდა - პოლონელის მანქანა დამცავ რელსს მხების მიმართულებით შეეჯახა. მაგრამ შეჯახება რელსის გადაბმის ადგილზე მოხდა. ის გაიღუნა და მანქანას შეერჭო. ფოლადის რელსმა სალონში შეაღწია და კუბიცას მარჯვენა ხელის იდაყვი დაუმსხვრია და მარჯვენა მაჯა და ფეხი დაუზიანა.

კუბიცა ახლა 29 წლისაა და რალის მსოფლიო ჩემპიონატის გარდა, პერიოდულად ტესტებს „მერსედესის“ DTM-ის სარბოლო მანქანით და „მერსედესისვე“ ფ1-ის სიმულატორით ატარებს. მაგრამ თავადვე ამბობს, რომ სიმულატორი და DTM-ის კოკპიტი ვერ შეედრება ფ1-ის ავტომობილის კოკპიტს. ამასთან, ფ1-ში სულ სხვა გადატვირთვებია, რისი ატანაც მას ჯერ არ შეუძლია. ეგ კი არა, როგორც გერმანული გამოცემა „ველტი“ წერს, მას მარჯვენა ხელით წერაც აღარ შეუძლია და ახლა ამას მარცხენა ხელით აკეთებს. ყავასაც თურმე მარცხენათი სვამს.

„ფიზიკურმა შეზღუდვებმა სიცოცხლე საკმაოდ გამირთულა. სირთულეთაგან ყველაზე ძნელად ასატანი ისაა, რომ ფ1-ში დაბრუნებას ვერ ვახერხებ. სამწუხაროდ, ეს ჯერაც არ შემიძლია. ჯერჯერობით ეს შეუძლებელია. მაგრამ იმედია, ოდესმე დაბრუნებას შევძლებ“, - ამბობს კუბიცა და დასძენს, რომ ფ1-ში დაბრუნებაში ხელს ყველაზე მეტად ის გარემოება უშლის, რომ ვიწრო კოკპიტში საჭის რგოლს ისევე სხარტად ვერ ატრიალებს, როგორც ისურვებდა. ამაში ხელს დაზიანებული იდაყვი და მხარი უშლის. მაჯის ფუნქციები კი მეტნაკლებად აღიდგინა.

„ზოგი ტრეკი პრობლემა არაა. მაგალითად, მონრეალში და ბარსელონაში გამოსვლა ახლავე შემიძლია. მაგრამ მონაკოში ჩემი ხელით გამორიცხულია“, - დასძენს კუბიცა.

http://autopanoramaf2.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110419