ერთი ტურიღა დარჩა ესპანურ პრიმერადივიზიონში და მხოლოდ ზღვარგადასულ ოპტიმისტებს თუ სჯერათ, რომ მადრიდის “რეალი” ჩემპიონი გახდება. ანუ, სავარაუდოდ, “სამეფო კლუბი” წლეულსაც ტიტულის გარეშე დარჩება, თუმცა ამის მიუხედავადაც ვინ იტყვის, რომ კრიშტიანო რონალდოსთვის სეზონი წარუმატებელია? “რეალის” პორტუგალიელი ვარსკვლავი “სანტიაგო ბერნაბეუზეც” “ოლდ ტრაფორდის” რონალდოა - ისევ ისეთი ბრწყინვალე და შედეგიანი.
კრიშტიანო მადრიდის ტელეარხ Intereconomia-ს გადაცემა Punto Pelota-ზე მიიწვიეს, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. ან კი, როგორ შეიძლება რონალდოს ნაუბარს ინტერესი აკლდეს...
- როგორ ფიქრობთ, მოახერხებს “რეალი” პრიმერას მოგებას?
- ძნელია, მაგრამ ყველაფერი ხდება. ჩვენ “მალაგას” ვსტუმრობთ და თან იმის იმედი უნდა გვქონდეს, რომ “ბარსელონა” “ვალიადოლიდთან” წაიფორხილებს. ჩემპიონები თუ გავხდით, ისე ვიმხიარულებ, რომ ვერავინ დამაკავებს.
- პირველი წრის მატჩში, “მალაგას” ფეხბურთელ მტილიგას ცხვირი გაუტეხეთ. მოგვარდა თქვენს შორის ინციდენტი?
- არ გამიმართლა. ნამდვილად არ მინდოდა, რომ მისთვის ტრავმა მიმეყენებინა. ამ ბიჭს თამაშის დასრულებისთანავე მოვუბოდიშე და მან იცის, რომ ყველაფერი უნებურად მომიხდა.
- რონალდო მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია – ამის მოსმენა გსიამოვნებთ?
- მსიამოვნებს. მჯერა, რომ საუკეთესო წლებს აქ გავატარებ, “რეალში”.
- გაგებით ეკიდებით ხოლმე მეტოქე გუნდის ფანების თქვენდამი გინებას? მაგალითად, Ese portugues, que hijo puta es (“პორტუგალიელო, ღორის შვილი ხარ”)...
- არა! მომწონს, თუ ასე იტყვიან - Ese portugues que bueno es! (“რა კარგია, ეს პორტუგალიელი!”). არ მესმის, რატომ მთხოვენ ფანები ავტოგრაფს და რატომ სურთ ჩემთან ფოტოების გადაღება, თუ მერე უნდა მაგინონ...
- კლუბმა გაგაფრთხილათ, რომ პროვოკაციებს არ აჰყვეთ?
- ისედაც ჭკვიანი ვარ და ვხვდები, რომ თავი უნდა შევიკავო. თუმცა, სრულყოფილი და უშეცდომო არ გახლავართ, ასე რომ, ხანდახან კონტროლს ვკარგავ.
- ყველაზე კარგად, რომელი მწვრთნელის მეთოდებს ეგუებით?
- დღესდღეობით, მანუელ პელეგრინის.
- მოურინიო?
- ჩვენ თანამემამულეები ვართ და კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. მოურინიოს წარმატებული შედეგები ყველაფერზე მეტყველებს. ადამიანი, რომელიც ტიტულებს იგებს, კარგი ადამიანია - ჰაერზე არაფერი მოდის.
- არ ნანობთ “რეალში” გადმოსვლას?
- არა, ეს ოცნებად მქონდა და ახლა, ჩემი ოჯახი ბედნიერია. “რეალი” ჩემი სახეა.
- “რეალის” კაპიტნობა არ გინდათ?
- პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი ვარ და თუ “რეალშიც” მომანდობენ სამკლავურს, ეს დიდი აღიარება იქნება.
- როგორ ფიქრობთ, ფეხბურთელზე მეტი ხართ?
- ალბათ, კი. ვიცი, რომ ხალხი სხვა თვალით მიყურებს და ის ადამიანები, რომლებიც კარგად მიცნობენ, ჩემით აღფრთოვანებულები არიან.
- “ბარსელონაში” არასოდეს გადახვიდოდით?
- სიტყვა “არასოდეს” არ მიყვარს. ადამიანები ვართ და მომავალს ზუსტად ვერ გამოვიცნობთ. უბრალოდ, ახლა ჩემი სახლი მადრიდშია.
- სეზონის უცუდესი მომენტი, “ლიონთან” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩი იყო?
- უიღბლო და ძნელად ასატანი მომენტი იყო. იმედი მქონდა, ლიგაზე შორს წავიდოდით, მაგრამ არ გამოვიდა. თუმცა, “მანჩესტერ იუნაიტედშიც” თავიდან ვერ ვიგებდი ტიტულებს, მაგრამ შემდეგ...
- სერ ალექს ფერგიუსონთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- ფენომენალური. ხანდახან ვეკონტაქტებით ერთმანეთს. ფერგიუსონმა იცოდა, რომ მადრიდში წამოსვლა მინდოდა და ხელი არ შეუშლია.
- ზოგადად თქვენს ცხოვრებაზე მოგვიყევით...
- მხოლოდ არდადეგებისას ვისვენებ. მაგ პერიოდში, მიყვარს ჩემს უახლოეს ადამიანებთან ერთად ყოფნა. ხანდახან, მადრიდშიც ვისვენებ – აქ გაცილებით კარგი სასეირნო და დასასვენებელი ადგილებია, ვიდრე მანჩესტერში. მადრიდი ყველანაირად უკეთესია მანჩესტერზე.
- რაულის ფაქტორზე რას იტყვით?
- ის, განწყობის ასამაღლებლად იდეალური ადამიანია, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროფესიონალი, ვის გვერდითაც ოდესმე მითამაშია.
- რაული თუ მადრიდიდან წავა, მის 7-ნომრიან მაისურას აიღებთ, თუ 9 ნომერს დაიტოვებთ?
- რაულის “რეალიდან” წასვლა არ მინდა. და თუ მაინც წავა, მირჩევნია, 7 ნომერი ავიღო. მომწონს ეს ციფრი.
- მესი უფრო ძლიერია, თუ რონალდო?
- ორივე.
- და ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი?
- რონალდო.
- კარიერის დასრულება “რეალში” გსურთ?
- სიმართლე გითხრათ, კი.
- ამ სეზონში თქვენი თამაშით, კმაყოფილი ხართ?
- ვფიქრობ, ინდივიდუალური თვალსაზრისით კარგი სეზონი გამომივიდა, მაგრამ ტიტულებს გუნდი იგებს. პროგრესია საჭირო. დარწმუნებული ვარ, “რეალში” ბევრ ტიტულს მოვიგებ.
- იგუაინი დაახასიათეთ.
- მომწონს მასთან ერთად თამაში.
- ბენზემა?
- დაამკიცებს, როგორ შეუძლია თამაში. ჯერ ადაპტაციას გადის.
- გუტი?
- გამორჩეული ფეხბურთელია. ჩემთვის დიდი პატივია მასთან ერთად თამაში და ვარჯიშიც კი.
- კაკა?
- ჩემი მეგობარია და მასაც სურს დაამტკიცოს, რომ კლასიანი ფეხბურთელია. დარწმუნებული ვარ, კაკა “რეალში” დაუვიწყარ სეზონებს გაატარებს. უნდა მოვითმინოთ.
ილია ნანობაშვილი







