ცნობილი ფეხბურთელებიდან ბევრია ისეთი, კინომოყვარულად რომ თვლიან. ფილმების ცქერის მოყვარულ ფეხბურთელთა ჩამოთვლა რომ დავიწყოთ, ძალიან გრძელი სია გამოგვივა, თუმცა, მათ შორის, ფილმებზე განსაკუთრებით გადარეული, მადრიდის ”ატლეტიკოს” ურუგვაელი ფორვარდი, უკანასკნელი მსოფლიოს ჩემპიონატის გმირი – დიეგო ფორლანი ყოფილა.
დიეგოს მეგობრები ამბობენ, ფორლანი ვარჯიშებზე რომ არ იყოს წასასვლელი და საკუთარ საფეხბურთო კარიერაზე არ ფიქრობდეს, მთელი დღეები თავის სახლის კინოთეატრის ეკრანთან იჯდება და არასოდეს ადგებაო. გასული წლის საუკეთესო ფილმად დასახელებული, რეჟისორ ჯეიმს კამერონის ”ავატარი” დიეგო ფორლანს იმდენჯერ უნახავს, რომ პრაქტიკულად, მთელი ფილმი ზეპირად იცის და ფილმის დაწყებიდან რომელ წუთზე რა ხდება, იმასაც კი გეტყვით.
დიეგო ფორლანი ახალგაზრდა ყმაწვილკაცი აღარ არის და მისი საფეხბურთო კარიერის დასასრულიც თანდათან ახლოვდება. ჯერ არავინ იცის, რაიმენაირად დაუკავშირებს თუ არა თავის მომავალს კინოს კინომოყვარული ფეხბურთელი, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ როდესაც ფეხბურთიდან წავა, მაშინ ვიზუალურ კინო-სამყაროში მოგზაურობისათვის უფრო მეტი დრო ექნება.







