ფეხბურთი

16:14 | 26.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

კიდევ ორი Pro ლიცენზიის მფლობელი – სანაია და პერტია

საფეხბურთო Pro ლიცენზიის მქონე ქართველი მწვრთნელების რიცხვს კიდევ ორი შეემატა – გელა სანაია და თამაზ პერტია.
“მსოფლიო სპორტთან” საუბარში სანაიამ აღნიშნა, რომ 23 დეკემბერს უკრაინის დედაქალაქ კიევში პერტიასთან ერთად გამოცდა წარმატებით ჩააბარა და ორივემ ლიცენზია მიიღო. იქედან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია Pro ლიცენზიას ვერ გასცემს, ქართველი მწვრთნელების უმრავლესობა მის მისაღებად სწავლის კურსს კიევში გადის.
აღსანიშნავია, რომ ორივე მწვრთნელი დღესდღეობით უმუშევარია. სანაია მიმდინარე სეზონში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის კლუბ ხობის “კოლხეთში” მუშაობდა და მოღვაწეობა უმაღლესლიგელ ფოთის “კოლხეთში” უნდა გაეგრძელებინა, მაგრამ ბოლო მომენტში ზღვისპირელებმა მასთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს. არადა, სანაია ხობიდან უკვე წამოსული იყო და ფოთელებთან კონტრაქტის პირობებიც შეთანხმებული ჰქონდა. სანაიას თქმით, ჯერჯერობით გაურკვეველია, სად გააგრძელებს მუშაობას.
პერტიამ სეზონის ლატვიის ვირსლიგის დაუგავპილსის “დაუგავაში” დაიწყო და რიგის “ოლიმპსში” გააგრძელა, რომელიც პირველ ლიგაში დაქვეითდა. დღესდღეობით, ის უმუშევარია და ლატვიური მედიის ცნობით, სავარაუდოდ, ახალ კლუბში მომავალი წლიდან დასაქმდება.
 

ლაშა თაბაგარი


 

0.136656