გულშემატკივრის სვეტი

10:12 | 14.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

“კიჭას” მაგია

ბრაზილიაში ხშირად ხუმრობენ ხოლმე: რონალდოს რამდენიც საყვარელი ჰყავს, იმდენი ფული რომ ჰქონდეს, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი კაცი იქნებოდაო. რონალდო ის კაცი არ არის, ხუმრობაზე რომ ბრაზდებოდეს. ჭეშმარიტი ლათინომერიკელის მსგავსად, მასაც მხიარული ადამიანის სახელი აქვს გავარდნილი. თუმცა, მხოლოდ ქალებზე და კარგ ხასიათზე როგორ უნდა ვისაუბროთ, როდესაც რონალდოზე ვლაპარაკობთ...
ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდომ, ახლა სულ რომ გულზე ხელები დაიკრიფოს და ბატისტუტასავით საკუთარი სახლის აივანზე მამაპაპურად გაიშოტოს, ყოველთვის დარჩება ბრაზილიური და არა მხოლოდ ბრაზილიური ფეხბურთის ქომაგთა გულებში. განსაკუთრებით იმ ადამიანებზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომლებსაც ბრაზილიის ნაკრები დიდად არასოდეს ეპიტნავებოდათ, მაგრამ როდესაც საუბარი ჭეშმარიტად ფენომენზე იყო, ვისაც კი თუნდაც უმცირესი ობიექტურობა გააჩნდა, ყველა აღიარებდა, რომ რონალდოს მსგავსი მეგა-ვარსკვლავი იშვიათად თუ მოიძებნება ფეხბურთის ისტორიაში და მსოფლიოს ჩემპიონატების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის უზომოდ პატივსაცემ ტიტულსაც რომ თავი დავანებოთ, “ეინდჰოვენში”, “ბარსელონაში”, “რეალში”, “ინტერში”, “მილანში” თუ ბრაზილიის ნაკრებში მოთამაშე რონალდოს მიერ სიამოვნებამიღებული ადამიანები არასოდეს დაივიწყებენ მხარბეჭიან “კიჭას”, რომელმაც ფაქტობრივად, ნახევარი კარიერის განმავლობაში, პლასტმასის კოჭებით ზიდა დიდი ვარსკვლავის ტვირთი და რაც მთავარია, ზიდა ვაჟკაცურად და ისე, ჭეშმარიტ ვარსკვლავს რომ შეეფერება.
ალბათ, გახსოვთ, ორიოდე თვის წინათ, ბრაზილიაში ქომაგებმა დუნგას სახელზე მიმართვა დაწერეს და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს ერთადერთი მოთხოვნით - მათ მსოფლიოს ჩემპიონატზე რონალდოს ხილვა უნდოდათ. ამ მიმართვის ტექსტი ევროპაშიც გავრცელდა და უამრავი ხელმოწერის მოგროვების შემდეგ გაირკვა, რომ რონალდო ევროპელებს ბრაზილიელებზე არანაკლებად ჰყვარებიათ. ხელმომწერთა შორის აღმოჩნდა “იუვენტუსის” ერთ-ერთი ცნობილი ტურინელი ქომაგი – ანჯელინა ნიატი, რომელმაც რონალდოსადმი ტრფობა შემდეგი სიტყვებით ახსნა: “რონალდო “ინტერის” ვარსკვლავი იყო და ბუნებრივია, ტურინში არ უყვართ კონკურენტების არც ყოფილი და არც ახლანდელი ფეხბურთელები, მაგრამ რონალდო იყო ჭეშმარიტი ვარსკვლავი, რომელიც მხოლოდ “ინტერსა” და ბრაზილიას კი არა, მსოფლიო ფეხბურთს გამოადგა და მე არ მქონდა უფლება, რონალდოს მუნდიალზე წაყვანა რომ არ მომეთხოვა”.
დამეთანხმებით, მეტოქე ფეხბურთელის ტალანტის ფრიად ვაჟკაცური აღიარებაა იმ ადამიანისგან, რომლის საყვარელი გუნდი, რონალდომ არაერთხელ დაამწუხრა. მაშინდელი “იუვენტუსის” მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ, ტყუილად კი არ დაიჩივლა: ‘მე ვარსკვლავები მყავს, “ინტერს” კი სუპერვარსკვლავი. ეს უკვე უთანასწორო ბრძოლაა!”.  
მაინც რა ჯადო-თილისმა ჰქონდა და აქვს რონალდოს ისეთი, რომ მის ქომაგებად, თქვენი მონა-მორჩილის მსგავსად, არგენტინის ნაკრების გულშემატკივრებიც კი იქცნენ?! ურთულესია ზუსტად ამის ახსნა, მაგრამ მარტო იმის გახსენებაც კმარა, 1997 წლის უშუქო და უგაზო თბილისში, როგორ დავეძებდით “დვიჟოკის” მქონე ახლობლებსა და მეგობრებს მხოლოდ იმის გამო, რომ რონალდოს თამაში გვენახა. D
დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ ინგლისური ფეხბურთის გულშემატკივრები ვიყავით, ვინ არგენტინულისა და ვინ იტალიურის. ყველას ერთი მიზანი და სურვილი გვქონდა, რომ კიდევ ერთხელ გვენახა ბრაზილიელი ჯადო-კაცი, რომელიც ყოველ თამაშში ერთმანეთზე ლამაზ გოლებს იტანდა...

ლევან სეფისკვერაძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096887