გულშემატკივრის სვეტი

11:22 | 25.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

კიბერ-მომპარავები

საქართველოში ინტერნეტის განვითარების პარალელურად, ვითარდება სპორტული ტიპის ინტერნეტ-გვერდებიც. უმეტესად, ეს ეხება ე.წ. საფანკლუბე საიტებს, რომელთა რიცხვიც, წლიდან-წლამდე იმატებს და მათი თემატიკაც თანდათან უფრო მრავალფეროვანი ხდება. ეს ტენდენცია, განსაკუთრებულად თვალშისაცემი ბოლო ორი წელია რაც გახდა და პრაქტიკულად, არ დარჩა ცნობილი ევროპული კლუბი, რომელსაც ქართულენოვანი ინტერნეტ ფან-კლუბი არ ჰქონდეს. კამათსგარეშეა ის ფაქტი, რომ ნებისმიერი ქართულენოვანი და შინაარსობრივად დატვირთული პორტალი, სამამულო ინტერნეტის განვითარების საქმეში უდიდეს რამეს ნიშნავს, თუმცა, თუნდაც იმის გამო, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს შესაბამისი კანონები, რომლითაც ინტერნეტ-სივრცის რეგულირება უნდა მოხდეს, ძალზე ხშირია ერთი საიტის მიერ მეორისათვის ინფორმაციის მოპარვის შემთხვევები და თან ისე, რომ სრულიად უგულვებელყოფილია პირველწყაროს მიერ გაწეული შრომაცა და საავტორო უფლებებიც. ასეთ პრობლემებს ძალიან ხშირად აწყდება ჩვენი საიტის – worldsport.ge-ს ჯგუფი და დარწმუნებული ვარ, სხვა, სპორტული თუ არასპორტული საიტების ხელმძღვანელობაც არაერთხელ წასწყდომია მსგავს დარღვევებს.
დაახლოებით ერთი თვის წინათ, საქართველოს პარლამენტმა დაიწყო მუშაობა კანონის პროექტზე, რომელმაც ქართულ ინტერნეტ-სივრცეში არსებული ასეთი ხარვეზები უნდა დაარეგულიროს, მაგრამ სანამ კანონი ჯერ დამტკიცდება, შემდეგ ძალაში შევა და ცხოვრებაში განხორციელდება, მანამდე საკმაოდ დიდი დრო ჩაივლის, პრობლემა კი პრობლემად რჩება.
ჟურნალისტების რამდენიმე ჯგუფმა, არაერთხელ და სხვადასხვა დროს მოაწერა ხელი ჟურნალისტიკის ეთიკის კოდექსს, რომლებშიც საკმაოდ კარგად იყო ჩამოყალიბებული სტატიისა თუ ნიუსის, როგორც ინტელექტუალური პროდუქტის მნიშვნელობა და საავტორო უფლებების დაცვის აუცილებლობა, მაგრამ თავის მოტყუება იქნება იმაზე საუბარი, რომ ამ ხელმოწერების შემდეგ რაიმე შეიცვალა და ინფორმაციის მომპარავებმა, სხვათა შრომის მისაკუთრებაზე ხელი აიღეს. ელემენტარულ კოლეგიალობასაც რომ თავი დავანებოთ, ნუთუ ასე ძნელია, ინფორმაციის მოპოვების წყაროს დასახელება? ასე ხომ ყველაფერი ძალზე მარტივად და ერთი ხელის მოსმით გამოსწორდებოდა... აი, მაგალითად, შედიხარ რომელიმე საიტზე და ნამეტანი მოგეწონა ინფორმაცია, რომელსაც იქ წააწყდი და აუტანელმა სურვილმა შეგიპყრო, რომ ამ ინფორმაციამ შენს საიტზეც დაივანოს. ხელის მარტივი მოძრაობით გადაგაქვს ეს ინფორმაცია შენს ვებ-გვერდზე, უთითებ ინფორმაციის მომპოვებელ საიტსა და ავტორს (თუ სპეციალური მოთხოვნაა, ბმულსაც), შემდეგ ხელს აჭერ კლავიატურის ერთ კოხტა კლავიშს და ყველაფერი მარტივად და რაც მთავრია, პატიოსნად გამოგდის. ამას იმიტომ ვწერ, რომ შესაძლებელია, არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც ინფორმაციის მეორადი გამოყენების ეს მარტივი წესები არ იციან. ასე ყველა კმაყოფილი დარჩება, მათ შორის, მკითხველიც, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი, უბრალო მოქალაქეა და მრავალი მიზეზის გამოისობით, ირგვლივ ისედაც ბევრ სიყალბეს ხედავს და სულაც არ იქნება კარგი საქციელი, თუკი, ბეჭდური თუ ელექტრონული პრესითაც სიყალბესა და აფერისტობას შევაჩეჩებთ.
ამის თქმას კი არასოდეს დავიზარებთ, რომ ქართული სპორტისა და თუნდაც ქართული ინტერნეტის განვითარებისათვის, მშვენიერ საქმეს აკეთებენ ის, ძირითადად, ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც ბირჟაზე ჯდომის და ათასი სისულელეების კეთების ნაცვლად, საიტებს ქმნიან და ინფორმაციის მოძიებასაც (ანდა, სულაც, უცხო ენიდან თარგმნას) ცდილობენ. თუნდაც ის რად ღირს, რომ მონიტორზე ამოკითხული ყოველი ქართული სიტყვა, განსაკუთრებულ სიხარულს უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს ანიჭებს. საქართველო პატარა ქვეყანაა და ამასთან, ეთნიკურად მრავალფეროვანი. ჯერ ისევ ახალგაზრდა, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მთავარი პრობლემა და მინუსი კი ის გახლავთ, რომ სახელმწიფო ენა, ანუ ქართული, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საკმაოდ დიდმა ნაწილმა არ იცის. სწორედ ამიტომაც, ქართული ინტერნეტ-გვერდები საგანმანათლებლო ფუნქციასაც ითავსებენ და როდესაც ამდენი კარგი რამის კეთება ერთად შეგიძლია, ხომ უმარტივესი იქნება, რომ ყველაფერი კანონისა და რაც მთავარია, სამართლიანობის ჩარჩოებში მოაქციო?! პატივი სცე სხვების შრომასაც და ელემენტარულად, არ მიითვისო სხვების გაკეთებული საქმე. ხოლო, თუ მავანი ნიუსპარია თავისას არ დაიშლის, მაშინ არც თავად უნდა გაიოცოს და გაბრაზდეს, როდესაც თავის დაწერილ სტატიას სულ სხვა საიტზე, ან გაზეთში აღმოაჩენს, რომელსაც ბოლოში, მისი პერსონის ნაცვლად, ვინმე ზეზვა ბალამწარაშვილი ეწერება...
ლევან სეფისკვერაძე
 
 

0.134393