ფეხბურთი

16:54 | 24.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

კახა მახარაძე: “ამხანაგურ თამაშზე ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთა გაფართოებულ სიაში მოვხვდი”

ტაშკენტის “ფახთაქორის” კაპიტანმა კახა მახარაძემ, რომლის გუნდმაც უზბეკეთის ჩემპიონატის სტარტზე ხუთიდან ხუთი თამაში მოიგო, კლუბის ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გაფართოებულ სიაში მოხვდა.

- “ფახთაქორმა” სეზონი ძალიან კარგად დაიწყო. რა არის ამის ძირითადი მიზეზი?

- უმაღლეს ლიგაში 5 თამაში მოვიგეთ. მთავარი მიზეზი სეზონისთვის კარგად მომზადება და ფეხბურთელებს შორის ურთიერთგაგებაა. შემადგენლობაში დიდი ცვლილებები არ მომხდარა. გუნდს მხოლოდ ორი ფეხბურთელი დაუბრუნდა. ყველაზე დიდი ცვლილება კლუბის ხელმძღვანელობას შეეხო. გუნდის მენეჯერად სამველ ბაბაიანი დანიშნეს. ამ გამარჯვებებში მისი უდიდესი წვლილია. მან თითოეული ფეხბურთელის ხასიათი და სულიერი მდგომარეობა ძალიან კარგად იცის. ვცდილობთ სანახაოებრივი და შემტევი ფეხბურთი ვაჩვენოთ. ვფიქრობ, სეზონის განმავლობაში თამაშს კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ. 

- საკუთარი თამაშით რამდენად კმაყოფილი ხარ?

- სჯობს სხვებმა შემაფასონ. მე შევეცდები გუნდის გამარჯვებისთვის ბოლომდე დავიხარჯო. ჯერჯერობით, ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ სეზონი გრძელია და თანდათან უფრო მაღალ დონეზე უნდა გავიდეთ. ეს მთელმა გუნდმა უნდა გააკეთოს.

- მიმდინარე სეზონში უფრო შეტევაზე ხარ ორიენტირებული. კარში მეტს ურტყამ და  გოლებიც გაგაქვს. მატჩების წინ ამას გავალებენ?

- რა თქმა უნდა, წელს ყველაფერი ცოტა სხვანაირადაა. გუნდი როდესაც უტევს, გამთამაშებლის ფუნქციას ვასრულებ. ამას თავისი შედეგი მოაქვს. თავს როცა ვიცავთ, საყრდენად ვთამაშობ. ფეხბურთში მოთამაშეებს შორის ურთიერთგაგება ძალიან მნიშვნელოვანია. 

- ჩემპიონატის დონეს როგორ აფასებ?                                      

- გასულ წელთან შედარებით დონე გაიზარდა. ამჟამად, ბევრი კლუბის დონე თითქმის თანაბარია. ჩემპიონატში კონკრეტული ლიდერი არაა. ძლიერი მოთამაშეები ყველა გუნდში არიან. ხუთი თამაში ჩავატარეთ და იოლი არც ერთი ყოფილა. უფრო მეტი გულშემატკივარიც ესწრება. თამაშები უფრო სანახაოებრივი გახდა და ბევრი მოულოდნელი შედეგი ფიქსირდება. მახარებს, რომ ჩვენ საშინაო მატჩებზე ქომაგების რაოდენობა გაიზარდა. ამ შემთხვევაში კლუბის მიერ ჩატარებული აქცია “ბედნიერი გულშემატკივარი” ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენც საკუთარი თამაშით მაყურებელი სტადიონზე უნდა მივიზიდოთ.    

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მიგიწვიეს..

- ჯერჯერობით ამხანაგურ თამაშზე ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთა გაფართოებულ სიაში მოვხვდი. საბოლოო შემადგენლობა მოგვიანებით გაირკვევა.

0.111125