მადრიდის რეალისა და ესპანეთის ნაკრების გოლკიპერი - იკერ კასილასი, ბოლო პერიოდში, ფსიქოლოგიური შინაარსის წიგნების კითხვით გატაცებულა და მისი ეს გატაცება, პრესისთვის მიცემულ ინტერვიუებშიც ჩანს.
იკერმა განაცხადა, რომ მისი აზრით, არ არსებობენ სულელი და ჭკვიანი ადამიანები. ესპანელი მეკარე ამბობს, რომ “სულელი ადამიანის იმიჯი“ მხოლოდ და მხოლოდ იმ ხალხის მიერ არის ხელოვნურად მოგონილი, რომლებსაც საკუთარი თავი სხვებზე აღმატებული ჰგონიათ. როგორც კასილასი განმარტავს (როგორ ჟღერს?!), ყველა ადამიანში გარკვეული დოზით არის თავისუფლებისაკენ (შეშლილობისაკენ) მიდრეკილება და ზოგიერთი გიჟს სწორედ იმ ადამიანებს უწოდებს, რომლებიც ყველაზე მეტად თავისუფლები არიან.
იკერ კასილასს, სავარაუდოდ, სკოლაში მაინც ექნება ნასწავლი გენიალური ესპანელი მწერლის, მიგელ დე სერვანტეს საავედრას შესანიშნავი რომანი – “სახელმოხვეჭილი იდალგო დონ კიხოტ ლამანჩელი“. დონ კიხოტი ხომ სწორედ სიმბოლოა ისეთი ადამიანისა, რომელსაც მავანნი გიჟად თვლიდნენ, ის და მისი მეგობარი სანჩო პანსა კი, ამ “სიგიჟეს“ მხოლოდ და მხოლოდ სიმამაცესთან აკავშირებდნენ. როგორც ჩანს, იკერ კასილასიც დიდი სერვანტესის გზაზეა დამდგარი და სწორედ იმ პრობლემატიკაზე საუბრობს, რაც სერვანტესს საუკუნეების წინ აწუხებდა.







