ფეხბურთი

22:01 | 24.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

კარლოს ტევესი: “ფინალში გერმანიაზე უკეთ გამოვიყურებოდით”

კარლოს ტევესი ალეხანდრო საბელიამ მსოფლიოს ჩემპიონატის განაცხადში არ შეიყვანა, რის გამოც არგენტინის ნაკრებს მიღმა დარჩენილ ფეხბურთელს დასვენების დიდი დრო ჰქონდა. რამდენიმე დღის წინ კი ტევესი გუნდთან ერთად ახალი სეზონის წინ მზადებას შეუდგა. კარლოსი ჟურნალისტებს გაესაუბრა, წინასასეზონო განწყობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

- რა შეფასებას მისცემთ არგენტინის ნაკრების გამოსვლას მსოფლიოს ჩემპიონატზე? როგორ თვლი, შეძლებდი მუნდიალზე “ალბისელესტესთვის” სარგებლობის მოტანას?

- არგენტინას თავისუფლად შეეძლო მსოფლიოს ჩემპიონი გამხდარიყო. ჩემი აზრით, ფინალში გერმანიაზე უკეთ გამოვიყურებოდით. ერთადერთი რაშიც არ გაგვიმართლა, გოლია. ბურთი ჯიუტად არ მიდიოდა ნოიერის კარში.

- გადავიდეთ “იუვენტუსზე”. ახალ მთავარ მწვრთნელს მასიმილიანო ალეგრის აქამდე იცნობდით?

- არა, მისი სამწვრთნელო მეთოდები ჩემთვის უცნობი იყო, ახლა კი ერთობლივად ვმუშაობთ და ვფიქრობ, ნაყოფიერადაც.

- ჯანლუიჯი ბუფონმა კონტეს წასვლის შემდეგ განაცხადა, რომ ანტონიო მაღალი რანგის მწვრთნელია, მაგრამ “იუვენტუსი” დიდი კლუბია და გუნდში მაღალი კლასის ფეხბურთელები დარჩნენ, რომელთა მხრებს პასუხისმგებლობა დააწვა...

- მოთამაშეებმა უნდა დავამტკიცოთ, რომ კვლავინდებურად ტიტულებისთვის მებრძოლ გუნდად დავრჩით. ბოლოდროინდელ წარმატებებში მისტერ კონტეს წვლილი დიდია, მაგრამ გუნდმაც უნდა დაამტკიცოს, რომ გამარჯვებას უპირველესად ფეხბურთელები აღწევენ.

- მას შემდეგ, რაც კონტემ “იუვენტუსი” დატოვა, გუნდის შეცვლა არ გიფიქრიათ?

- არა, ამგვარი აზრი არ გამჩენია. შარშან ტურინელებთან სამწლიანი კონტრაქტი გავაფორმე და მის ამოწურვამდე “იუვედან” წასვლას არ ვაპირებ.

- როგორ მიდის მოსამზადებელი პროცესი? 

- კონცენტრირებულნი ვართ სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე. ჯერჯერობით გუნდი სრული შემადგენლობით არ შეკრებილა. მალე ყველანი დავსხდებით, მოვითათბირებთ, რას უნდა ველოდეთ ჩემპიონატისა და ევროთასზე გამოსვლისგან.

- “იუვენტუსს” კვლავინდებურად სკუდეტოს მოპოვების საქმეში ფავორიტად თვლით? ამბობენ, “ნაპოლი” და “რომა” “ბებერ ქალბატონზე” უფრო ძლიერად გამოიყურებიანო...

- კარგია, თუკი ნეაპოლელებსა და რომაელებს ჩვენზე ძლიერებად თვლიან. ჯერჯერობით იტალიის ჩემპიონი “იუვენტუსია”, დანარჩენი კი უშუალოდ მინდორზე გაირკვევა.

- პატრის ევრას უკვე ესაუბრეთ?

- დიახ, მასთან სატელეფონო საუბარი მქონდა. ევრა 31 ივლისს შემოგვიერთდება. პატრისთან ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი პერსპექტივა განვიხილეთ და იმ აზრამდე მივედით, ევროტურნირზე შორს რომ წავიდეთ, დიდი მოცულობის სამუშაოს გაწევა დაგვჭირდება. ვფიქრობ, “იუვენტუსს” დღევანდელი კონტინგენტით ევროპაში წარმატებით თამაში და გულშემატკივრის გახარება შეუძლია.

- ზედიზედ სამჯერ მოპოვებული სკუდეტოს შემდეგ და მთავარი მწვრთნელის გადადგომის ფონზე ტიტულის კიდევ ერთხელ შენარჩუნება არ გაგიჭირდებათ?

- ყველაზე ძნელი მაღალი სათამაშო დონის შენარჩუნებაა. მიჯრით მეოთხედ საჩემპიონო ტიტულის დაუფლება რთულია და ამ შემთხვევაში კონტეს წასვლას არ ვგულისხმობ.

- ამჟამად როგორ ფორმაში ხართ? კმაყოფილი ხართ სადღეისო ფიზიკური კონდიციით?

- 8 კილოგრამით მეტს ვიწონი, მაგრამ სეზონის სტარტის წინ ჩვეულ წონას აუცილებლად დავუბრუნდები.

 

0.124874