ფეხბურთი

11:19 | 18.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი: “ზიდანი “რეალის” მოთამაშეებს ჩემზე უკეთ იცნობს”

  გასულ ოთხშაბათს მადრიდის “რეალმა” ესპანეთის “სამეფო თასის” ფინალში “ბარსელონას” 2:1 მოუგო, კასტილიელთა იტალიელმა დამრიგებელმა კარლო ანჩელოტიმ კი მწვრთნელი რანგში მესამე ქვეყნის ეროვნული თასი მოიგო. “რეალი” მიღწეულს არ დაჯერდება და მიმდინარე სეზონში კიდევ 2 ტიტულის მოპოვებას შეეცდება.

- საუბარი ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ პირველ ნახევარფინალზე დავიწყოთ. “ბაიერნს” უფრთხით?

- ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე ნებისმიერი მოწინააღმდეგე საშიშია. ჩემი ინფორმაციით, კენჭისყრით კმაყოფილები არც ბავარიაში არიან. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშების 4 საუკეთესო კლუბს შორის მოვხვდით, თუმცა, მიღწეულზე შეჩერებას არ ვაპირებთ. მადრიდის “რეალის” მიზანი  ჩემპიონთა ლიგის თასის მოგებაა. სხვა ამოცანა კლუბს არასდროს ჰქონია.

- “დორტმუნდთან” პირველი მეოთხედფინალური პაექრობის დამაჯერებელი სხვაობით მოგების შემდეგ საპასუხო მატჩში რთულ მდგომარეობაში ჩავარდით. რა უთხარით ფეხბურთელებს დორტმუნდის შეხვედრის შესვენებისას?

- თავდაპირველად ბიჭების გამხნევება ვცადე, რადგანაც ფეხბურთელები დაბნეულები ჩანდნენ. შემდეგ მეორე ტაიმის ტაქტიკაზე ვესაუბრე. იოლი სიტუაცია არ იყო. მეორე ტაიმში უკეთ გამოვიყურებოდით და საწადელსაც მივაღწიეთ.

- მართალია, თითქოს ზინედინ ზიდანი უფრო მეტად ურთიერთობს ფეხბურთელებთან ვიდრე თქვენ?

- ინდივიდუალურ ასპექტს თუ გულისხმობთ, ასეა. ზიდანი “რეალის” მოთამაშეებს ჩემზე უკეთ იცნობს, მე კი მოთამაშეებს ბევრს არ ვესაუბრები. სხვა შემთხვევაში საკუთარ პრინციპს ვუღალატებდი – ჩემი რწმენით დამრიგებელს მოთამაშეებთან მაინცა და მაინც ახლო ურთიერთობა არ უნდა ჰქონდეს, თორემ მწვრთნელის პატივისცემას დაკარგავენ. ზიზუს დიალოგი კი გუნდისთვის მეტად სასარგებლოა. ზიდანს სამწვრთნელო ტალანტი ღმერთისგან დანათლებული აქვს და ეჭვიც არ მეპარება, მისგან მაღალი რანგის დამრიგებელი დადგება.

- “რეალის” პრეზიდენტთან ხშირი სატელეფონო კონტაქტი გაქვთ?

- მე და ფლორენტინო პერესი მუდმივად კავშირზე ვართ, მაგრამ ფეხბურთსა და უშუალოდ მომავალ მატჩზე არასდროს ვსაუბრობთ. პრეზიდენტი გუნდში შექმნილი ატმოსფეროთი ინტერესდება, მეკითხება, როგორ გრძნობს თავს ესა თუ ის მოთამაშე თავს. ყველაზე ხშირად კი სენიორ ფლორენტინო ჩემი გუნდება-განწყობით და მდგომარეობით ინტერესდება.

- პერესს მომავალ სეზონზე თუ ესაუბრებით. მაგალითად, გუნდის გაძლიერებაზე...

- არა, მხოლოდ მიმდინარე სეზონის წარმატებით დასრულებაზე ვართ კონცენტრირებულები.

- მომავალ სეზონშიც მადრიდის “რეალის” სათავეში გიხილავთ?

- ფეხბურთში პროგნოსის გაკეთება უმადური საქმეა. ყველაფერი მყისიერად შეიძლება შეიცვალოს. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ დორტმუნდის მატჩი. პენალტი რომ გაგვეტანა, შეხვედრა ამხანაგური დაპირისპირების რეჟიმში გადავიდოდა. ჩემ მომავალს რაც შეეხება, მშვიდად ვარ – სამწვრთნელო შტაბს და მთლიანად გუნდს ვენდობი.

- თქვენ არაერთ მსოფლიო დონის ვარსკვლავთან გიმუშავიათ. რას ეუბნებოდით მათ?

- ერთადერთს – ფეხბურთელის ტალანტმა გუნდს სარგებლობა უნდა მოუტანოს.

- ყველა გუნდს საკუთარი ხასიათი აქვს. მწვრთნელისა და გუნდის ხასიათი ერთმანეთს ჰგავს?

- რასაკვირველია. თუკი დამრიგებელი ნერვული ტიპია, გუნდიც ამგვარადვე გამოიყურება, მწვრთნელის მშვიდი ხასიათი შემთხვევაში კოლექტივიც დალაგებულად, მშვიდად ასპარეზობს. თუ მწვრთნელს სადამრიგებლო გენია აქვს, გენიოსი ფეხბურთელთა შორისაც გამოჩნდება. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113127