ბლოგი

11:35 | 11.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

კაცი შენს წინ

რა უნდა ქნა მაშინ, როდესაც ფეხბურთს ტელევიზორში უყურებ და შენს წინ მჯდომი კაცი გეფარება და ცქერაში ხელს გიშლის? წესით, დიდი გამჭრიახობა არ უნდა იმის მიხვედრას, რომ წინ მჯდომ კაცს უნდა სთხოვო, - იქნებ გვერდით გაიწიოს, ან ადგილი შეიცვალოს, რათა ნორმალურად შეძლო ყურება. ამ შემთხვევაში თქმის რამდენიმე ხერხი არსებობს: 1. როდესაც მიდიხარ და ჯიქურ ეუბნები, რომ გასწიოს თავისი ხორცები (რასაც შეიძლება მისი მხრიდან ლოგიკური აგრესია მოჰყვეს). 2. მიდიხარ და მეგობრული ღიმილით სთხოვ, რომ გაიწიოს. 3. შორიდან უყვირი: ”ჩემი ძმა, ერთი გაიწიე რა კაცურად”.

მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც შენს წინ მჯდომი კაცი ფეხბურთის ცქერაში ხელს გიშლის და შენ არაფერს ეუბნები? რასაკვირველია ამ დროს უმეტესობა იფიქრებს, რომ მშიშარა ვინმე გაუჩენიხარ გამჩენს და უბრალოდ ვერ ბედავ შენი უფლებების დაცვის მოთხოვნას. მაგრამ არამც და არამც! ეს არის შემთხვევა, როდესაც შენს წინ მჯდომი ტიპი ფეხბურთის ცქერაში კი გიშლის ხელს, მაგრამ შენ თვითონ გინდა, რომ არ გაიწიოს. რატომ? ახლავე გეტყვით...

დიდი, მაგრამ გადარეული რომაელი სარდალი, სციპიონი ამბობდა: ”ჩემი ჯარის დამარცხების ცქერას მირჩევნია ორივე თვალი საკუთარი ხანჯლით ამოვიჩიჩქნოო”. ეს სიტყვები ბევრმა სრულ სიგიჟედ შერაცხა, მაგრამ როდესაც ამ ქვეყანაში ცხოვრობ და მიგაჩნია, რომ საქართველოს ნაკრები შენი ქვეყნისა და საზოგადოების ნაწილია,  ნაკრების მორიგ დამარცხებებს მთლად თვალის ამოჩიჩქვნამდე თუ არა, იქამდე მაინც მივყავართ, რომ ჩვენი გუნდის ყველა თამაშის წინ მუხლების შეუჩერებელი კანკალი გვიტყდება და ასე გრძელდება მატჩის ბოლომდე მიუხედავად იმისა ვიგებთ თუ ვაგებთ.

ჰოდა, როდესაც ტელევიზორში საქართველო-ირლანდიის თამაშს უყურებ, თან მუხლები გიკანკალებს და ცდილობ, ვიღაც-ვიღაცეებმა შენი ეს ქცევები არ დაინახონ, შეიძლება კიდეც გაგიხარდეს, რომ შენს წინ მჯდომი ადამიანი ტელევიზორის ეკრანს ეფარება და ტელევიზორის მხოლოდ ერთ კუთხეში მდგომ მოწინააღმდეგე გუნდის მეკარეს ხედავ. მეკარე ნერვიულობს, ხელებს მაღლა სწევს, საჯარიმოშიო გარბი-გამორბის და ამ რეაქციების  მიხედვით ხვდები, რომ მაგრად გვიტევენ. მერე ალაგ-ალაგ ირლანდიის საჯარიმოში ჩასულ ჩვენს ფეხბურთელებსაც დალანდავ, ცოტა იმედებიც მოგეცემა და ისაა, რომ წინ მჯდომს გაწევა უნდა სთხოვო, რომ გულშემატკივრების იმედდაკარგული ღმუილი საქართველოს ნაკრების კარში გატანილ გოლს გამცნობს.

მერე არის დარდები, ემოციები... ცდილობ საერთოდ აარიდო თვალი ეკრანს, მაგრამ შენდა “ჭირად”, ოქრიაშვილს ისეთი მაგარი გოლი გააქვს, რომ სიხარულისგან ადგილზე ვერ ჩერდები, განმეორებებს დიდი აღფრთოვანებით უყურებ და იმის მიუხედავად, რომ მოწინააღმდეგეებს პირველი ტაიმის ბოლოსაც შეეძლოთ გოლის გატანა, მეგობრისათვის მიწერილ მოკლეტექსტურ შეტყობინებაში მაინც წერ: ”რა ვიცი, იქნებ გაიტანონ მეორეც ჩვენებმა”. აი სწორედ აქ ჩანს, რომ ქართველი ხარ  -  ბეჩავი ქართველი, რომელიც ამბიციებს ვერაფრით იოკებ და მთელი ცხოვრების განმავლობაში ყალბ იმედებს ებღაუჭები.

რაოდენ ნაცნობი სურათია: თამაში სრულდება. დაძმარებული სახით წამოდგები სკამიდან, გულში საშინელება გიტრიალებს, ფიქრებში კი ისეთი აზრები დაგირბის, აქ რომ არ დაიწერება. მეგობრებიც აღარ გწერენ იმედიან ”მესიჯებს”, რადგან ისინიც შენსავით დათრგუნულები არიან. ეს უბედური გუნდი ხომ მათიცაა. მერე მიხვალ სახლში, წელათრევით დაწვები საწოლზე და ცდილობ ნაკლებად იფიქრო ამ ყველაფერზე. კი ცდილობ, მაგრამ რომ არ გამოგდის? შენმა ნაკრებმა ხომ საკუთარ მოედანზე მარცხით მორიგი შესარჩევი ეტაპის დაწყება ჩაგიშხამა. მოდი და დაივიწყე თუ მაგარი ხარ... 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114266