ბლოგი

10:08 | 14.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

კაცი, რომელიც წავიდა

 

ცოტა ხნის წინ, ლევან კობიაშვილმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ლევანი თინეიჯერი ბიჭი აღარ არის და ასაკის მატებასთან ერთად, ალბათ თავადაც ნათლად უწყოდა, რომ მისი საფეხბურთო კარიერა დასასრულისაკენ მიდიოდა. წლების ამბავი ხომ იცით...

 კობიაშვილი და ალექსანდრე იაშვილი ერთ-ერთი ბოლო წარმომადგენლები არიან დამოუკიდებელი ქართული ფებურთის პირველი თაობისა. ამ თაობას ჰყავდა ძმები არველაძეები, ქინქლაძე, დემეტრაძე, ცხადაძე, ქეცბაია.. სხვანი და სხვანი, რომლებმაც მთელი რიგი მიზეზების გამოისობით ვერ ითამაშეს ის ფეხბურთის, რასაც მათგან ყველა ქართველი მოელოდა და ევროპულ საშუალო კლუბებში ჩაკარგულებისაგან ყოველი მიცემული საგოლე პასი თუ საშულოზე ოდნავ მაღალი შეფასებაც სასიამოვნო ამბავი იყო უიმედობით გატანჯული ქართველებისათვის. 

 მაშინ, როდესაც ვიდეოტექნიკა საქართველოში ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო, კარგად მახსოვს, ერთმა ჰოლანდიაში მცხოვრებმა ქართველმა ბიჭმა თბილისში ნიდერლანდების ტელევიზიის მიერ გაკეთებული დოკუმენტური ფილმი ჩამოიტანა. ბევრი ხმარებისაგან მონჯღრეულ და ათასჯერ ლენტაგადაბმულ-დაწებებულ ვიდეოკასეტაზე ჩაწერილი ფილმი ქართულ ფეხბურთზე და ევროპაში მოთამაშე ჩვენებურ ლეგიონერებზე იყო.

 ღმერთმა უწყის, მხოლოდ ჩემს თვალწინ, რამდენმა ადამიანმა გააკეთა ამ კასეტის დუბლიკატი და წინ და უკან გადახვევით რამდენმა გაცვითა ფირი. “აეკში” მოთამაშე ქეცბაიას, ჯერ ისევ “ტრაბზონსფორელი” არველაძეების, “ალანიელი” შელიასა და კიდევ ბევრი სხვა ქართველი ფეხბურთელების მიერ გატანილი გოლები თუ სათამაშო მომენტები სხვებთან ერთად მეც ფაქტობრივად, ზეპირად ვიცოდი. იმ პერიოდში ალექსანდრე იაშვილი უსახელო “ლიუბეკში” თამაშობდა და ზემოთნახსენები დოკუმენტური ფილმიდან განსაკუთრებით მახსოვს, ერთ-ერთი ლიუბეკელი სტუდენტის კომენტარი (ლიუბეკი ხომ მთელს ევროპაში ცნობილი სტუდენტური ქალაქია).

 ის გერმანელი ახალგაზრდა ამბობდა, რომ იაშვილის დარი ფეხბურთელი “ლიუბეკისთანა” მაჩანჩალა გუნდისთვის უზომოდ დიდი ფუფუნება იყო და იმასაც ამბობდა: “იაშვილი უცნობი საქართველოდან რომ არ იყოს, იგი ახლა ალბათ უკვე “ბაიერნში” ან “ბორუსიაში” ითამაშებდაო”.

 ადამიანი წარსულ და თუნდაც სულ ცინცხალ დამარცხებებს ძალიან ადვილად ივიწყებს და მის მოგონებებში როგორც წესი, მხოლოდ ნათელი დღეებისა და გამარჯვებებისთვის რჩება ადგილი. უბრალოდ ადამიანის ბუნებაა ასეთი, რადგან ყველაფერი ავადმოსაგონებლის ტრაგიზმში გადატანას ვერა კაცი ვერ გაუძლებს. ალბათ სწორედ ამიტომაც არის, რომ ფაქტობრივად, ვერ ნახავთ ქართველ გულშემატკივარს, რომელიც დეტალურად გაიხსენებს კატოვიცეში, ლა ვალეტაზე ან რეიკიავიკში გამართული მატჩების პერიპეტიებს, სადაც ჩვენი ნაკრები სამარცხვინოდ დამარცხდა. მაგრამ ყველას გვახსოვს მავანი ევროპელი ჟურნალისტის ნაწერი თუ გამონათქვამი, სადაც ჩვენი ფეხბურთელების ქება და ზოგადად, ქართველებისათვის სასიამოვნო ამბები იყო გაჟღერებული.

 ის ძველი და მიმტვრეულ-მომტვრეული ვიდეოკასეტის გახსენებაც სწორედ იმის დასტურია, რომ კარიერადასრულებული კობიაშვილი ისევე როგორც მათი ძველი და აწ უკვე ფეხბურთისათვის თავდანებებული თანაგუნდელები ქარათველ ქომაგებს არასოდეს დაავიწყდებათ. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა სულ რაღაც 20-ოდე წელს ითვლის და ამ 20 წლის განმავლობაში ჩვენი ნაკრების მიერ რამდენიმე მოგებული მატჩის გარდა, არცთუ ბევრ სასიხარულო ამბავსა და დღეს გავიხსენებთ. ეს არ არის უბრალო ამბავი...

0.115514