ფეხბურთი

12:10 | 22.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო: “სხვა გუნდი არ მაინტერესებს”

დღეს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი დაპირისპირება შედგება. მადრიდში "ატლეტიკო" "ჩელსის" წინააღმდეგ გაარკვევს ურთიერთობას. გუშინ საღამოს, ლონდონელთა თავკაცმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მოურინიო ჩვეულ სტილში კორესპონდენტებს კრიტიკულ პასუხებს აძლევდა. პორტუგალიელი სპეციალისტის განცხადებით, იგი მხოლოდ საკუთარ გუნდზეა კონცენტრირებული.

_ კურტუა? მე არ ვსაუბრობ სხვა გუნდის ფეხბურთელებზე. უეფამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ახლა ეს განსახილველი თემა არაა. ზოგი ეთანხმება, ზოგიც არა. მე მთლიანად ჩემ გუნდზე ვარ კონცენტრირებული.

_ სიმეონე აღნიშნავს, რომ თქვენ მასზე უკეთესი ხართ...

_ მე არ ვეთანხმები სიმეონეს. ძალიან რთულია შეადარო მწვრთნელები გამოცდილების მიხედვით. უსამართლოდ მიმაჩნია შეადარო 15 წლიანი გამოცდილების მწვრთნელი შედარებით ნაკლებად გამოცდილს.

_ რას იტყვით "ატლეტიკოზე", მადრიდელები დაუმარცხებლად ასპარეზობენ...

_ უკვე გითხარით, არ ვისაუბრებ "ატლეტიკოზე". ჩემ გუნდზე ვაკეთებ აქცენტს. ეს ჩემპიონთა ლიგაა ძალიან კარგი გუნდებით და ამ მხრივ "ატლეტიკო" გამონაკლისი არაა. მადრიდელებს პატივსაცემი გუნდი ყავს, თუმცა დღეს მათზე არ ვაპირებ საუბარს.

_ ტორესის შესახებ რას იტყვით?

_ "ჩელსის" სათამაშოდ მოტივაცია გააჩნია, ეს ყველა ფეხბურთელს შეეხება და ამ მხრივ ტორესი გამონაკლისი არაა. ფერნანდო მადრიდში ჯერ კიდევ უყვართ, მაგრამ მჯერა, რომ იგი პროფესიონალია და მოედანზე საკუთარი გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

_ მერვე ნახევარფინალს ატარებთ ჩემპიონთა ლიგაში...

_ შეძლებისდაგვარად ჩემ საქმეს კარგად ვაკეთებ. ზოგჯერ დამსახურებულად ვიმარჯვებდი, ზოგჯერ დაუმსახურებლად. "ჩელსისთან " ერთად პენალტების სერიაშიც დავმარცხდი. თუმცა ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება.

_ რას იტყვით მსაჯებთან დაკავშირებით?

_ არ ვისაუბრებ მსაჯებზე, ვფიქრობ ისინი თავის საქმეს აკეთებენ და ვიმედოვნებ შეცდომებს არ დაუშვებენ.

_ პირველი მატჩის სტუმრად ჩატარება თუ გინდოდათ?

_ რთული სათქმელია, ეს ხომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია და ორივე მატჩში ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენ მოედანზე გავალთ და არ ვიფიქრებთ რომელი უფრო უკეთესია, შინ თამაში თუ სტუმრად.

გიორგი ბალახაძე

0.119187