ფეხბურთი

22:11 | 3.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჟერარდ სარაგოსა: “შემტევი ფეხბურთით შევეცდებით მეტოქის დამარცხებას”

ევროპის ლიგის წინ ქუთაისის “ტორპედოში” საკმაოზე მეტი ცვლილებებია. გუნდიდან წავიდნენ ის ფეხბურთელები, რომლებმაც დიდი წვლილი დაიდეს ევროსაგზურის მოპოვებაში. გუნდში მოვიდა ახალი სამწვრთნელო შტაბი და ახალგაზრდა ფეხბურთელების დიდი რაოდენობა. როგორც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე აღმოჩნდა, ეს ყველაფერი მიუღებელია “ტორპედოს” ფანებისათვის, რომლებმაც კლუბის ესპანელ თავკაცთან ჟერარდ სარაგოსასთან შეხვედრაზე, ჟურნალისტების კითხვების დასრულების შემდეგ ხმაურიანად გამოხატეს თავიანთი უკმაყოფილება. მთავარი ადრესატი, რა თქმა უნდა, კომპანია “ვისოლის” ხელმძღვანელობა გახლდათ, რომელმაც ქუთაისური ფეხბურთის ქომაგების კლუბთან მიმართებაში, მათი აზრით, გულგრილი დამოკიდებულება გამოიჩინა. “გვითხარით, რომელია გუნდში ადგილობრივი?” – წინა ბრალდების გარდა, კლუბის მესვეურებს ამ ბრალდებასაც უყენებდნენ...

ბოლო ვარჯიში ქუთაისურმა გუნდმა დაგეგმილზე რამდენიმე წუთით ადრე დაიწყო. ახალგაზრდა ქუთათურები მთავარი მწვრთნელის და მისი ასისტენტის ხელმძღვანელობით ემზადებოდნენ საპასუხისმგებლო მატჩისათვის. პირინეელებმა საწყისი გახურების შემდეგ ფეხბურთელები ძირითადად დარტყმებზე, ტრადიციულ ორკარასა და რამდენიმესვლიანი კომბინაციების დაგვირგვინებაზე ამუშავეს. ფაქტია, რომ ახალგაზრდა ტორპედოელები ძალზე მონდომებული არიან, თუმცა რამდენად ეყოფათ კლასი და გამოცდილება სლოვაკური “ჟილინას” წინააღმდეგ, ეს ხვალ გამოჩნდება. 

ვარჯიშის დასრულების შემდეგ კი, “ტორპედოს” თავკაცი საპრესკონფერენციო დარბაზში თარჯიმანთან ერთად მოვიდა და პრესის წარმომადგენლების კითხვებსაც უპასუხა.

- ბ-ნო ჟერარდ, როგორი განწყობით ხვდება თქვენი გუნდი ხვალინდელ მატჩს?  

- დიდი ხანი არ არის, რაც შევიკრიბეთ და მზადება დავიწყეთ. თუმცა ვგრძნობთ იმ პასუხიმგებლობას, რაც გვაკისრია. ამ მომენტისათვის კლუბში მოვარჯიშე 27-ვე ფეხბურთელი მზადყოფნაშია. არ გვყავს მხოლოდ საბანაძე, რომელსაც ტრავმა აქვს. 

- მეტოქის შესახებ რას გვეტყვით?   

- “ჟილინა” ძალიან კარგი და ძლიერი გუნდია. სლოვაკურ კლუბს საკმაოდ მდიდარი ისტორია აქვს. მარტო ის რად ღირს, რომ სამი წლის წინათ ჩემპიონთა ლიგის ქვეჯგუფში იყვნენ და “ჩელსისთან” და “მარსელთან” მოუწიათ თამაში. ახლაც, განთესილთა შორის მეორე იყო, რაც ამ გუნდის კვალიფიცირებულობაზე მეტყველებს.

- სლოვაკების კონტრშეტევებს ხომ არ უფრთხით?

- ვიცით, რომ მეტოქე გუნდი ამ სათამაშო კომპონენტს შესანიშნავად იყენებს. მე შემტევი ფეხბურთის მიმდევარი ვარ. ბუნებრივია, “ტორპედოც” ამ საფეხბურთო ფილოსოფიის მიმდევარი იქნება. ჩვენ შევძლებთ ღირსეულად გავუმკლავდეთ მოწინააღმდეგის მთავარ კოზირებს და ჩვენი თამაშით შევუქმნათ საფრთხეები. ერთიანობაში, შემტევი ფეხბურთით შევეცდებით მეტოქის დამარცხებას.

 - სლოვაკთა დამრიგებელი აცხადებს, რომ მისი გუნდი მოსაგებად არის ქუთაისში ჩამოსული...

- არ მიკვირს, რადგანაც მას ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, თუმცა იგივე სურვილი ჩვენც გაგვაჩნია და ხვალ შევეცდებით საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას.

...ბოლოს იმ ფეხბურთელთა სიას გაგაცნობთ, რომლებიც მზადყოფნაში არიან ხვალ ევროპულ ასპარეზზე “ტორპედოს” ღირსება დაიცვან: მიგინეიშვილი, ქვილითაია, კუპატაძე, ჭანტურია, ჭელიძე, ტაბატაძე, ჩიტეიშვილი, მთივლიშვილი, გიგაური, კუხიანიძე, გაბაძე, სანდოხაძე, ფირცხალავა, ცინცაძე, ახვლედიანი, გოროზია, მზევაშვილი, ტუღუში, კაპანაძე, ბარაბაძე, ჯიქია, ფანცულაია.

“ტორპედო” - “ჟილინას” ხვალინდელ პაექრობას ხორვატი მსაჯები: დომაგოი ვუჩკოვი, გორან პერიცა და ივიცა მოდრიჩი მოემსახურებიან. მეოთხე არბიტრი მათი თანამემამულე იგორ პრისტოვნიკი იქნება. მატჩი 21:00-ზე დაიწყება, ბილეთები კი, შესაბამისად, 5 და 10 ლარი ეღირება.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.394754