იურგენ კლინსმანი ტელეეკრანის მიღმა, საკუთარი თვალით, სხვა დანარჩენ 110 ათას ქართველთან ერთად, მეც 1995 წელს, ჩვენს “ეროვნულზე“ ვნახე. იმ თამაშს, აბა, რა დაგვავიწყებს? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა გუნდმა გერმანელებთან 0:2 წააგო, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში გერმანიის ნაკრები პირველი მსოფლიო ჩემპიონი იყო, რომელიც თბილისს საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ ეწვია. “დიმა, გააჩერე ეს ქერა გადარეული, თორემ, არ ვიცი, რას ვიზამ!“ – ყელის იოგების წყვეტამდე უყვიროდა ჩვენი გუნდის მცველ დიმა კუდინოვს ვიღაც მოხუცი კაცი... “შეხედეთ ერთი, რას დარბის ეს შობელძაღლი ცხრა ნომერი, მაგის დევნა არ გინდა?!“ – ამბობდა ჩემს უკან მჯდომი მოძველბიჭო ყაიდის ყმაწვილკაცი და გერმანელების ყოველი შეტევის დროს მზესუმზირით სავსე ქაღალდის ხვეულას ისე იქნევდა, მარტო ჩვენ კი არა, მგონი ფეხბურთელებსაც კი მზესუმზირას აყრიდა თავზე. ამის გამო, ერთი ბიძაკაცისგან გვარიანი ალიყურიც მიიღო, მაგრამ ყვირილი და მზესუმზირის დაფანტვა მაინც არ შეუწყვეტია. იმ დღეს იურგენმა ჩვენი გუნდის კარში ორი გოლი გაიტანა და რომც არ გაეტანა, მე უკვე ვრწმუნდებოდი, რომ დიდი, ძალიან დიდი ფეხბურთელის თამაშს ვუყურებდი. მაშინ ჭეშმარიტად დავიჯერე, რომ იურგენ კლინსმანი იყო ფეხბურთელი, რომელსაც მინდორზე ყველაფრის გაკეთება შეეძლო. როდესაც ეს აზრი ტრიბუნაზე სულ პატარა ბიჭმა ხმამაღლა ვთქვი, არავინ ამყოლია, რადგან, ყველას საქართველოს ნაკრების გამარჯვება მთელი სულით და გულით გვინდოდა და როდესაც რაღაც ძალიან, ფანატიკურად გინდა, იქ ობიექტურობის ადგილი ნამდვილად არაა.
გერმანიის ნაკრებისა და ბუნდესლიგური კლუბების გულშემატკივარი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ როდესაც კლინსმანის თამაში “ცოცხლად“ ვნახე, იმის შემდეგ ერთი ჩვევა დამჩემდა. თითქმის ყველა თავდამსხმელს (ქართველი იქნებოდა, თუ უცხოელი) გუნებაში თუ სიტყვით, კლინსმანს ვადარებდი. “არა, კლინსმანი ამ საგოლე მომენტს არ გააფუჭებდა“, “აქ კლინსმანი კი არ დაარტყამდა, ჯერ მცველს გაექცეოდა და მერე მისცემდა პასს“, “აი, თავით კლინსმანივით რომ თამაშობდეს მაშინ...“ – ასე ვაფასებდი ყველა ფეხბურთელის თამაშს და ბევრს არ სჯეროდა, რომ გერმანიის ნაკრებისათვის ცხოვრებაში სულ რამდენჯერმე მიგულშემატკივრია და ისიც იმ დროს, როდესაც ალემანები სხვა, ჩემთვის უფრო ნაკლებად გულმისავალ გუნდებს ხვდებოდნენ.
იურგენ კლისნმანს თავისი საფეხბურთო კარიერის მანძილზე ჩავარდნებიც ჰქონია და “ფრთების გაშლის“ ჟამიც. მაგრამ ეს კაცი არასოდეს მახსოვს მინდორზე დოინჯშემორტყმული მდგარიყოს და ხელები მრავალმნიშვნელოვნად ეშალოს, აქაოდა, თანაგუნდელები პასს არ მაძლევენ და მე რა უნდა ვქნაო... 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, გერმანელთათვის ავადახსენებელი ხორვატიის ნაკრებთან შეხვედრის დროსაც კი, როდესაც “ბუნდესნაკრები“ ხორვატებთან 0:3 დამარცხდა, გერმანელებიდან, ალბათ, იურგენ კლინსმანი იყო ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც თამაშის ბოლოს, ოფლით გალუმპული, დაქანცული და პირგამეხებული გავიდა მოედნიდან. იმ დღეს იურგენის წვალებამ შედეგი ვერ გამოიღო, მაგრამ როდესაც ხორვატები დამსახურებულ დიდებულ გამარჯვებას ზეიმობდნენ და კამერის ობიექტივმა მოწყენილი გერმანელი ფეხბურთელებისაკენაც გადაინაცვლა, არასოდეს დამავიწყდება იურგენ კლინსმანის სახე. გერმანელთა ცხრა ნომერს სახეზე ეწერა ყველაფერი ის, რაც იმ დღეს მის გუნდს დაატყდა თავს. დამარცხების სიმწარე, წარმატების ხელიდან გაშვების დარდი და ტკივილი, რომელსაც ყველა გუნდის ჭეშმარიტი ლიდერები მარცხის შემდეგ განიცდიან. საქართველოს ნაკრების რამდენი მარცხი გვინახავს, (მათ შორის, ისეთი მარცხებიც, ჩვენში “თავზე ლაფის დასხმას“ რომ უწოდებენ) მაგრამ ვერავინ გავიხსენებთ შემთხვევას, როდესაც რომელიმე ქართველ ფეხბურთელის ასე მიეტანოს მარცხი გულთან, როგორც ეს კლინსმანს შეეძლო. მავანი მეტყვის, ვის გულში რა ხდება, შენ რა იცი, იქნებ ჩვენებს გამოხატვის ფორმები აქვთ სხვაგვარიო. მეტყვის და შესაძლებელია მართალიც იყოს, მაგრამ, არც სტადიონია თეატრალური სცენა, არც კლინსმანია მსახიობი და არც ქართველი ფეხბურთელები, რომ გამოხატვის ფორმებითა და ემოციებით თამაში შეძლონ. ეს ყველაფერი გულიდან ამოდის, ნაღდად, მარტივად და ჩვეულებრივად. თუ გტკივა, განიცდი! არ გტკივა და ესეც სახეზე გაწერია!
რაღა დაგიმალოთ და, ხანდახან ძალიან მენატრება იურგენ კლინსმანის თამაშის ცქერა. ეს მონატრება უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის ხარისხიანი, ნაღდი კახური ღვინის მონატრებას ჰგავს. ღვინისა, რომლის გემოც, შეიძლება, მთელი ცხოვრება თან გაგყვეს და გაგახსენოს, რომ ცხოვრება არც ისეთი ცუდია...
ლევან სეფისკვერაძე







