ფეხბურთი

0:24 | 25.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ისევ 0:3...

ჯერ თბილისის “დინამო”, ახლა – “ზესტაფონი”. დედაქალაქელთა მსგავსად, იმერულმა კლუბმაც ევროთასის განმეორებითი მატჩი სტუმრად 0:3 წააგო და ტურნირს გამოეთიშა. ერთი განსხვავება ის გახლავთ, რომ ზესტაფონელებს საშინაო შეხვედრა არ დაუთმიათ, “დინამო” კი 2 თამაშის ჯამში 0:4 დამარცხდა.

სამწუხაროა, თუმცა, გია გეგუჩაძის გუნდს სლოვაკეთში წარმატების შანსი არც ჰქონია. საქმე მხოლოდ ანგარიშშიც არაა. ქართული კლუბის თამაშში არანაირი რესურსი არ იგრძნობოდა და არც ის სჩანდა, “ზესტაფონს” წარმატებისთის რის ხარჯზე უნდა მიეღწია.

ზლატე მორავცეში გამართულ მატჩში, ქართველ ფეხბურთელებს საქმე თავიდანვე გაურთულდათ. სლოვაკური კლუბის 31 წლის კაპიტანმა მარეკ იანეჩკამ უკვე მე-4 წუთზე გაიტანა და როდესაც მანვე ტაიმის მიწურულს სტუმართა კიდევ ერთი შეცდომით ისარგებლა, ცხადი გახდა, რომ “ზესტაფონს” სასწაულიღა გადაარჩენდა – გეგუჩაძის გუნდი 2 გოლის გამტანი არ სჩანდა...

შეხვედრის მე-2 ნახევარში კიდევ ერთი გოლი გავიდა და თავი ისევ ტრნაველებმა გამოიჩინეს. ზესტაფონელთა ბრაზილიელმა მცველმა რენე სანტოსმა საკუთარ საჯარიმოში წესები დაარღვია და ერიკ საბომ პენალტი ზუსტად შეასრულა.

უეფას ევროპა ლიგა-2014/2015. მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩი. ზლატე მორავცე (სლოვაკეთი)

სპარტაკ ტრნავა (სლოვაკეთი) – ზესტაფონი (საქართველო) 3:0 (2:0)

სპარტაკი: რუსოვი, სივა, იანეჩკა (ხოვანეცი, 84), ბორტელი, ტოტი, ჩონკა, მიკოვიჩი (მიკინიჩი, 80), ვლაშკო, კასადო, საბო, შრანცი (შპალეკი, 76).

ზესტაფონი: პავლოვიჩი, ღონღაძე (გრიგალაშვილი, 72), გურული, რენე სანტოსი, ჭელიძე, კუხიანიძე, შარიქაძე, დოლიძე, გეწაძე (ფანცულაია, 53), გელაშვილი, დვალი (გვალია, 46).

გოლები: იანეჩკა (4, 43), საბო (60 პენ.).

გაფრთხილება: შრანცი (36), იანეჩკა (53), მიკოვიჩი (73) – დოლიძე (85), შარიქაძე (92).

მსაჯი: კალკავანი (თურქეთი).

0.11622