გადასარევი რამაა ეს შემოდგომა. მით უმეტეს, თუკი სადმე ლამაზ სოფელში ხარ, სადაც ყველაფერს ყურძნის სუნი უდის და საფერავის დაწურვისაგან ხელებგაშავებული ჯეელებით დაწყებული, შემჭკნარფოთლებიანი ხეების ძირში მჯდომი მოხუცებიც კი რთველზე, მოსავალზე, ბარაქაზე, ქორწილებზე და სულ კარგ რამეებზე ლაპარაკობენ. ჰოდა, რაკი შემოდგომაა, რთველია და ამ სვეტსაც კი, რქაწითელის სუნი ასდის, მინდა რომ, ქართულ ფეხბურთზეც სულ თათარასავით ტკბილი რამე-რუმეები გელაპარაკოთ.
ალბათ, სკოლაში ყველას დაგვიწერია თავისუფალი თემა სახელწოდებით – „შემოდგომა“ (ხშირად, ასეთი თემები, სამწუხაროდ, მხოლოდ სიტყვით იყო „თავისუფალი“), სადაც ვწერდით, თუ რა კარგია შემოდგომა, როგორი ლამაზია ამ დროს ჩვენი ქვეყანა და სხვა ამისთანანი... ჰოდა, ის ჩემი ბავშვობისდროინდელი ნაწერები ახლახანს ვნახე და ძალიან გამიკვირდა, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ერთ-ერთ ასეთ „თავისუფალ თემაში“, არც მეტი, არც ნაკლები, ავჭალაში, ერთ დროს „სინათლის“ სტადიონზე მოთამაშე „მერანი 91“ მქონდა ნახსენები. აგერ, იმ ფრაზასაც მოგიყვანთ: „ჩვენ „მერანს“ უმაღლეს ლიგაში გადასვლა უნდა. შარშან, ბოლნისელებმა გაასწრეს და იქნებ, ახლა მაინც გადავიდეს“. ამ ფრაზამდე კი მეწერა, რომ შემოდგომობით სულ კარგ რაღაცეებზე ვფიქრობ-მეთქი. სამწუხაროდ, არ მახსოვს ამ თემაში მასწავლებელმა რა ნიშანი დამიწერა. ეგებ, ჩემი საშინელი კალიგრაფიის გამო საერთოდაც არ წაუკითხავს და ისე გადადო გვერდით, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ ახლაც შემოდგომაა და ქართული ფეხბურთისადმი დღესაც ზუსტად ისეთივე იმედიანი განწყობა მაქვს, როგორც მაშინ – 13 თუ 14 წლის წინ...
ჩვენი საფეხბურთო ნაკრებისთვის, 2010 წლის შემოდგომა ვერ ვიტყვით რომ ცუდად დაიწყო. ახლა, თუ ვინმეს პირეოსის სტადიონზე ჩვენი გუნდის ფრე ცუდი შედეგი ჰგონია, ის ებრაელებთან შეხვედრის დროს, ალბათ, ცხრაჯერ მოკვდებოდა. წელს დარჩენილ ორ მატჩში კი, რატომღაც მგონია, რომ 6 თუ არა, 4 ქულის აღების ილაჯი ნამდვილად გვაქვს და თუკი, ყველანი შევთანხმდით, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისაგან ჯგუფიდან გასვლას ამ ეტაპზე ჯერ არ მოვითხოვთ, მაშინ ამ შემოდგომაზე დაგროვილი 6, ან რვა ქულა, ურიგო შედეგად არ უნდა ჩავთვალოთ. თანაც, უნდა გავითვალისწინოთ რეალობა, რომ ჩვენი ნაკრები ის გუნდია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, ყველასთან „უპრობლემოდ“ აგებდა და თმებაფუჩფუჩებული ევროპელი მწვრთვნელების დანიშვნის მიუხედავად, „ანდორიზაციისკენ“ საბჭოური „მტკიცე ნაბიჯებით“ მივდიოდით.
მოკლედ, მივცეთ საკუთარ თავს პირობა, რომ მაქსიმალისტები არ ვიქნებით და მხოლოდ იმას მოვითხოვთ, რაც რეალურად შესაძლებელია გააკეთოს ჩვენმა გუნდმა. ჰოდა, თუკი შევთანხმდით და აღარ ვკამათობთ, მაშინ ერთ, ცოტა არ იყოს, უცნაურ „შემოდგომურ“ ამბავსაც გიამბობთ.
კახეთში, თელავისაკენ თუკი მიდიხართ, აუცილებლად გაივლით ბარჯისხევად სახელდებულ ადგილს, სადაც კახელებს ყველი და პურიდან დაწყებული და ყურძნის წვენით დამთავრებული, გასაყიდად თითქმის ყველაფერი აქვთ გამოფენილი. აქვე გეტყვით, რომ ბარჯისხევში ხშირად ყველაფერი ძვირია და უხარისხო, თუმცა კლიენტები რომ არ ჰყავდეთ, რომელი ჭკუადმყოფელი კაცი ჩამოდგება ოძელაშვილივით გზისპირას დოინჯშემოყრილი? ჰოდა, ამ რამდენიმე დღის წინ, ბარჯისხევში ძველი „ნივა“ გაჩერდა, საიდანაც, რის ვაი-ვაგლახით გადმობობღდა გახეული მთვრალი ბიძაკაცი. ერთ-ერთ დახლთან მივიდა და ჩურჩხელა მოითხოვა. გაკბიჩა ეს ჩურჩხელა, როგორც ჩანს არ მოეწონა, იქვე მოისროლა და ახლა ტყლაპს გადასწვდა. ტყლაპმა ხომ საერთოდ გაუფუჭა გუნება და გამყიდველებს შეუტია: „რა ჩვენი ნაკრებივით არ გამოგდით და არც ეშვებით ამ საქმეს თქვეჩემანალებო! ერთხელ არ მახსოვს, აქ გამეჩერებინოს და კაი ჩურჩხელა მეჭამოს. უნდა დაგერიოთ კაცი ერთიანად ყველასა“! მერე 5 ლარიანი დააგდო დახლზე, თავაუწევლად შეებღოტა თავის „ნივაში“, მანქანის ფანჯრიდან მუშტი ყველას კიდევ ერთხელ მოუღერა და წავიდა. ეს კაცი თავის ამბავში სადღაც მართალი იყო, მაგრამ ჩვენ ბარჯისხევული ჩურჩხელის ხარისხზე მეტად, სულ სხვა „ხარისხი“ გვჭირდება.. თორემ, მანქანაში შეხტომაზე და გაქუსვლაზე ადვილი, არაფერია!
ლევან სეფისკვერაძე







