კალათბურთი

12:50 | 8.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰიკმანის, შერმადინის და მარკოიშვილის საპლეიოფო ამბები

რიკი ჰიკმანის “მაკაბიმ” ისრაელის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ სერიაში “გალილ გილბოასთან” გასვლითი მატჩი 71:75 წააგო და ნაკლებადცნობილ მეტოქეს წონასწორობის აღდგენის საშუალება მისცა – 1:1.

შეგახსენებთ, რომ თელ ავიველებმა რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე დაასრულეს, “გალილ გილბოას” კი მე-8 შედეგი ჰქონდა, თუმცა, ფავორიტად მიჩნეულ მოწინააღმდეგესთან სერიის მე-3 გადამწყვეტ მატჩამდე მიყვანა მაინც მოახერხა.

გასულ შეხვედრაში თავის გამოჩენა ვერც მაკაბელთა ქართული პასპორტის მქონე ლეგიონერმა მოახერხა. ჰიკმანი მოედანზე 23 წუთი გახლდათ და სტუმრებს 6 ქულა, 1 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა.

რიკიმ 6-დან 1 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.

თელ ავიველთა მხრიდან 10-ქულიან ზღვარს 3 კალათბურთელი ასცდა: დავიდ ბლუ (19), ალექს ტიუსი (15) და ტაირის რაისი (14).

მეოთხედფინალის გადამწყვეტ შეხვედრას 10 მაისს “მაკაბი” უმასპინძლებს.

საბერძნეთის ჩემპიონატის მეოთხედფინალური სერია გიორგი შერმადინის გარეშე გახსნა “ოლიმპიაკოსმა”. პირეოსელებმა სალონიკის “არისი” 74:44 გაანადგურეს, ქართველ ცენტრს კი მცირე ტრავმის გამო არ უთამაშია. შერმადინი, შესაძლოა, სერიის მე-2 შეხვედრაშივე გამოჩნდეს, რომელსაც 8 მაისს “არისი” უმასპინძლებს.

პლეი ოფის დრო მოდის თურქეთის ჩემპიონატშიც, სადაც მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაიმ” რეგულარული პირველობა მე-4 ადგილზე დაასრულა და მოედნის უპირატესობა დაიბევა.

დასკვნით ტურში სტამბულელებმა სტუმრად “მერსინი” 100:88 გაანადგურეს და ეს, გუნდის ლიდერთა გარეშე მოახერხეს. სტუმართა თავკაცმა ერგინ ატამანმა მიზანს – მარკოიშვილის, კარლოს აროიოს და ზორან ერცეგის გარეშე უწია. ცხადია, დასვენებული სამეული “გალას” პლეი ოფში უფრო გამოადგება.

მეოთხედფინალში მარკოიშვილის გუნდის მეტოქე სტამბულისვე “ბეშიქთაში” იქნება, ასე რომ, “გალათასარაის” პირველივე რაუნდში პრინციპული დაპირისპირება ელის. სერიის პირველ შეხვედრას 13 მაისს მანუჩარის კლუბი უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.110562