კალათბურთი

14:55 | 17.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰიკმანი ტურის უძვირფასესი მოთამაშეა

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, თელ ავივის “მაკაბის” და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი რიკი ჰიკმანი ევროლიგის პლეი ოფის პირველი ტურის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ტიტულის მფლობელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ რიკიმ მილანში გაიბრწყინა, სადაც ებრაული გრანდი “ემპორიო არმანის” ესტუმრა და დრამატულ შეხვედრაში 101:99 დაამარცხა. არადა, თამაშის დასრულებამდე ორიოდი წუთით ადრე, “მაკაბი” 12 ქულის სხვაობით (!) აგებდა, თუმცა, მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა და გამარჯვება მოახერხა.

ჰიკმანმა მოედანზე გატარებულ 32:36 წუთში (სტუმართა რიგებში ყველაზე მეტხანს ითამაშა) 26 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. რიკიმ 7-დან 4 ორქულიანი, 3-ვე სამქულიანი და 9-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთბაშად 10-ჯერ დაირღვა.

ისიც სათქმელია, რომ ამერიკელმა კალათბურთელმა 26-დან 14 ქულა მატჩის უკანასკნელ შვიდ წუთში ჩააგდო. შედეგად, ჰიკმანის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 36-ს უწია და ეს, ევროლიგისთვის ბოლო ათწლეულის საუკეთესო შედეგია. ცნობისთვის, რიკი MVP-ს ტიტულის მფლობელი კარიერაში მეორედ გახდა. პირველად, მან ეს, გასული სეზონის ტოპ-16-ის მე-3 ტურში მოახერხა.

“ემპორიო არმანის” და “მაკაბის” დაპირისპირებაში, მე-2 მატჩს 18 აპრილს ისევ მილანი უმასპინძლებს, თუმცა, თელ ავიველებმა უკვე უდიდესი საქმე გააკეთეს. მათ იტალიელებს მოედნის უპირატესობა აართვეს და ახლა, “ოთხთა ფინალში” გასასვლელად მხოლოდ საშინაო თამაშების მოგებაც ეყოფათ.

https://www.youtube.com/watch?v=zPQzTJoSPLA

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102703