შემთხვევითი არ გახლავთ ის, რომ რუსეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები სათავეს ფეხბურთიდან იღებს. როგორც იცით, რუსეთში ნეოფაშისტების გულისამრევი გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც მავანმა ჩრდილოკავკასიელმა რუსეთის მოქალაქეებმა მოსკოვის “სპარტაკის“ ახალგაზრდა ქომაგი მოკლეს. ამ ფაქტმა სრულიად რუსეთის ფაშისტურად განწყობილი არსებების მზარდი აგრესია გამოიწვია და მთელ რუსეთში, კავკასიელების, შეიძლება ითქვას, ნამდვილი დევნა და შევიწროება დაიწყო.
რატომაა ბუნებრივი ის, რომ რუსული ფაშისტური აგრესია ფეხბურთს უკავშირდება?! ყველაფერი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც გასული საუკუნის რუხი 90-იანი წლების შუახანები იდგა და ვლადიკავკაზის “ალანია“ რუსეთის ჩემპიონობისაკენ პირველ ნაბიჯებს დგამდა. ალბათ გახსოვთ, რომ მაშინდელ ოსურ გუნდში, რამდენიმე ქართველი ფეხბურთელიც გამოდიოდა და ვლადიკავკაზელთა გაჩემპიონებაში გვარიანი წვლილიც დაიდეს.
ძაუჯიკაუ რომ რუსეთის ღრმაზე ღრმა პროვინციად ითვლება და “ალანიას“ გაჩემპიონება რომ პეტერბურგელებსა და მოსკოველებს დიდად გულზე არ დაეხატებოდათ, ეს მაშინვე ცხადი იყო, თუმცა, ჯერ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი პრეზიდენტ-პრემიერი არ გახლდათ და ანტიკავკასიურ განწყობებსაც რუსეთში, დღევანდელის მსგავსად, დიდი გასაქანი და ხელისუფლების მხრიდან ხელშეწყობა არ ჰქონდა.
იმ პერიოდში, სამაჩაბლოს პირველი ომი ახალი დასრულებული იყო. თუმცა, ურთიერთობა ქართველებსა და ოსებს შორის ჯერ კიდევ არსებობდა და ვლადიკავკაზის ბაზარშიც, უმეტესად, ხილის გასაყიდად ჩასულ არაერთ ქართველს ნახავდით. ხოლო, თუ მავანი ქართველი ქრთამის სახით ცოტა ფულსაც გადაიხდიდა, რუსული პასპორტის შოვნა და ვლადიკავკაზის ნავსაყუდლად ქცევაც არ იყო ძნელი საქმე.
სხვების მსგავსად, ერთმა ზორბა ქართლელმა ჭაბუკმაც დატვირთა 4 ტრაილერი ვაშლით, ჩავიდა ვლადიკავკაზში, იშოვა ბლომად ფული, “გაუტკბა“ იქაურობა, იოლად იყიდა რუსეთის მოქალაქის პასპორტი და რაკი ადამიანის ბუნება “მომხვეჭელ და მეტის მსურველ არს“, ვლადიკავკაზის მასშტაბები იცოტავა და ვაშლით გაძეძგილი ტრაილერი ახლა “დედა რუსეთის“ დედაქალაქისაკენ გააელვა.
იცოცხლეთ, იქაც გვარიანი დახლი დაუდგა და არც მოსკოვში მოკლებია ფული და წელგამოზნექილობა. ჰოდა, რა სურს უპირველესად საშუალო სტატისტიკურ ქართველს, რომელმაც ცოტაოდენი ფული იშოვა? დიახ, თქვენ სწორად მიხვდით, ქალები და რესტორანი! მეტადრე მოსკოვ-ქალაქში, სადაც არც ერთის ნაკლებობაა და არც მეორის. ჰოდა, ერთ-ერთ გაზიზინებულ რესტორანში, ფულის მშოვნელი ქართველები ჯიგრულად სმას რომ შეჰყვნენ და “განიერი შალახოც“ გააჩაღეს, თავზე ათიოდე უჟმურსახიანი რუსი მუტრუკი წამოადგათ. “ვლადიკავკაზელი ხარ არა?“ – ჰკითხა ერთ-ერთმა უჟმურთაგანმა გორში აღზრდილსა და დაფრთიანებულ ქართველ ჭაბუკს. ამანაც იფიქრა – თავს ვლადიკავკაზელად გავასაღებ, მაინც რუსეთიაო და ამის აღიარება იყო და დაჰკა! ისე შესდგნენ და გაუარ-გამოუარეს, ვითარცა მონღოლნი აოტებდნენ ქალაქ რიაზანსა და ფსკოვს. ურტყამდნენ და თან დასძახოდნენ: “თქვენ უნდა გახდეთ ჩემპიონები არა, თქვე ტილიანო ღორებო?! თასი გინდათ არა, მე თქვენი სუნიანი დედები რომ ავაბურთავე“... და სხვანი მრავალნი და ენით გამოუთქმელნი...
ბევრი კი იძახა, ამ უბედურმა გორელ-ვლადიკავკაზელმა – “ალანიას“ საერთოდ არ ვგულშემატკივრობ და ფეხბურთს ბოლოს აგარაში, “მეშაქრის“ სტადიონზე ვუყურეო, მაგრამ “სასმენელნი დახშულნი ჰქონდათ“ იმ რუსებს და ყოველ უარყოფაზე ახალი ძალებით უტყაპუნებდნენ ყბებსა თუ ფერდებში.
ამ ამბის შემდეგ, დაახლოებით 15 წელი გავიდა. ამ 15 წელიწადში, გაიზარდა და ძალა მოიკრიბა რუსულმა ფაშიზმმა, რომელიც ყველაზე ნათლად სპორტის ფსევდოქომაგებში გამოიხატა. შემდგომ, უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, პეტერბურგისა თუ მოსკოვის სტადიონზე ვაი და ვუიქომაგების მიერ გამოფენილი ფაშისტური და შოვინისტური შინაარსის პლაკატები. უკვე აღარავის უკვირდა სკინხედებისა და “გალავარეზების“ მიერ არამოსკოვური კლუბების შავგვრემანი ქომაგების ცემა. იყო ერთი ტყეპა და ბრაგა-ბრუგი. და ასე, ამ ბრაგა-ბრუგით მოვიდა ოლიგარქების ფულით უკვე წელგამართული რუსული ფეხბურთი დღემდე.
და ეს ყველაფერი როგორ არ ჰგავს თუნდაც იმ ყველაფერს, რაც წინა სვეტში “რომას“ და “ლაციოს“ ტიფოზებზე დავწერე. არც “სელესაოს “გულშემატკივარ მხიარულ ბიჭებს შევადარებ ამათ და არც ლუდით გალეშილ ინგლისელ ფანებს, რომლებიც საყვარელი გუნდების საკლუბო ჰიმნის მოსმენისას ცრემლად იღვრებიან. ეს არ არის გულშემატივრობა და ვერც მის აღმატებულება ფეხბურთს ვაკადრებ იმას, რომ მოსკოვის ქუჩებში კავკასიელების საცემრად შემართული სახეშეშლილი ათასობით ველური და სისხლსმოწყურებული არსება, ფეხბურთის ფანებად მოვიხსენიო. ჩვენ ხომ უპირველესად ადამიანები ვართ!
ლევან სეფისკვერაძე







