რაგბი

17:45 | 19.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

გვიან გამოფხიზლებული “ბორჯღალოსნები”

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასის “ალაფის” დასკვნით მატჩში იმასთან მიახლოებული თამაში აჩვენა, რასაც მწვრთნელები ელოდნენ, ნამიბია 46:17 დაამარცხა და ტურნირი არადამაკმაყოფილებელ მე-5 ადგილზე დაასრულა.

არადა, სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ოთხი შეხვედრიდან “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” სამი მოიგეს, მხოლოდ ერთი დათმეს ერთი ქულის სხვაობით, მაგრამ მაინც მე-5 ადგილზე გავიდნენ. აქ გამოჩნდა, რომ მსგავს ტურნირებში მნიშვნელოვანია ყველა მეტოქესთან ბოლომდე ბრძოლა და პრემიალური ქულების მოპოვება. გარდა ამისა, განვლილ სამ მატჩში მიღებულმა ექვსმა ყვითელმა ბარათმა, კიდევ ერთხელ წამოწია სათამაშო დისციპლინის თემა. ხშირი იყო ტექნიკური წუნი და მოიძებნება სხვა უამრავი შეცდომაც, რაზეც ახლა მწვრთნელები იმსჯელებენ და იმედია, სამომავლოდ ყველაფერი გამოსწორდება.

ქართველებმა თამაში თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და აფრიკელებს პირველი ლელო მე-7 წუთზე ვახტანგ ამირანაშვილმა გაუტანა, ხოლო ტურნირის საუკეთესი ბომბარდირმა რეზი ჯინჭველაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მალე მანვე ჯარიმით უპირატესობა გაზარდა, ხოლო ტაიმის შუაში ამირანაშვილის ოფლოუდის შემდეგ გიორგი ტალახაძემ მეორე ლელო გაიტანა და გარდასახვა ამჯერადაც ზუსტი იყო. ამის შემდეგ ჯინჭველაშვილმა კიდევ სამი ჯარიმა გაიტანა, ამასთან, ბოლო ჯარიმისას მეტოქეს მესამეხაზელი გაუსინბინეს და ტაიმი 26:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში აფრიკელები გააქტიურდნენ და ჯერ არეკნით და შემდეგ ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა 16-ქულამდე შეამცირეს, რაზეც მურაზ გიორგაძემ მალევე ლელოთი უპასუხა და ჯინჭველაშვილი ამჯერადაც ზუსტი იყო, თუმცა, ნამიბია იოლად დანებებას არ აპირებდა და 56-ე წუთზე ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა ისევ 16 ქულამდე დაიყვანა (17:33). ქართველებმა ძალ-ღონე მოიკრიბეს და ჯინჭველაშვილმა ორი ჯარიმით მეტოქეს წარმატების იმედი მოუსპო, ბოლო წუთზე კი, დავით პაპავაძემ ქართველთა მეოთხე ლელო გაიტანა და ჯინჭველაშვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 46:17.

ამრიგად, რეზი ჯინჭველაშვილმა “ალაფაზე” ჯამში გუნდს 63 ქულა მოუტანა და წლევანდელი გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ყველა დროის ბომბარდირთა შორის კი, მეხუთე ადგილზე მოკალათდა.

სანამ მოედანზე საქართველოსა და ნამიბიის ნაკრებები გავიდოდნენ, კანადამ და ჰონკონგმა მე-7 ადგილი გაითამაშეს. მასპინძლებმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ დაძაბულ შეხვედრაში 30:33 დამარცხდნენ. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, აშშ ურუგვაის 35-ე წუთისთვის 20:3 ამარცხებდა, მაგრამ სამხრეთელებმა გაიბრძოლეს და საფინალო სასტვენამდე 5 წუთით ადრე, ლელოთი ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს. მათდა სამწუხაროდ გარდასახვა არაზუსტი იყო და საბოლოოდ აშშ-მ 26:25 იმარჯვა.

ფინალში იაპონია პირველ ტურში საქართველოს მიერ ნაგვემ ტონგას დაუპირისპირდა. აზიელები ზედიზედ მეოთხედ თამაშობდნენ “ალაფას” ფინალს და ამჯერად საწადელს მიაღწიეს - მსოფლიო თასის საგზური მოიპოვეს. ტაბლოზე 35:10 დაფიქსირდა, მაგრამ დიდხანს მოედანზე ნამდვილი ბრძოლა მიმდინარეობდა და იაპონელებმა მატჩის დასკვნით 5 წუთში გატანილი ორი ლელოთი, სტატისტიკაში დიდი სხვაობით მოგება დააფიქსირეს.

კომენტარები

დავით ვართანიანი (საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “დღევანდელ თამაშს დადებითად ვაფასებ. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ტრავმირებული გვყავდა და ამის გამო პოზიციების მიხედვით სათანადო შემცვლელებიც არ გვყავდა, მაინც კარგად ვითამაშეთ. თამაშის ხარისხი მიახლოვებული იყო იმასთან, რასაც წინა მატჩებში ველოდებოდი. დღევანდელ მატჩში ბიჭებმა წინანდელზე უკეთესად შეასრულეს დავალება და მიყვნენ იმ ტაქტიკურ მონახაზს, რაც შემუშავებული გვქონდა. რაც მთავარია, გუნდმა ის ხასიათი გამოავლინა, რომელიც წინა მატჩებში გვაკლდა და ბოლომდე იბრძოლა.

ჯობდა, რომ გუნდს ეს თამაში წინა მატჩებში ეთამაშა. ძალიან ბევრი რამ ჩავინიშნეთ, რაზეც სერიოზული სამუშაოა და რომ ჩამოვალთ ამაზე მუშაობა დაიწყება. სათამაშო დისციპლინის მხრივ ხარისხმა იმატა - სულ ორი ჯარიმა ავიღეთ. ბიჭებმა პრაგმატულად ითამაშეს და შესაბამისად, მოწინააღმდეგემ მიიღო ჯარიმები, რომლებიც ჯინჭველაშვილმა გამოიყენა და დღეს 6 ჯარიმა გაიტანა. საქართველოში, რომ ჩამოვალთ “ალაფაზე” გუნდის გამოსვლაზე უფრო მეტს ვისაუბრებ”.

გიორგი ნიჟარაძე (საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი): “ბიჭებმა დღევანდელ თამაშში ყველაფერი ჩადეს. გუნდში ძალიან ბევრი ტრავმა იყო და ხაზში შეცვლაზე შერკინების მოთამაშე გვყავდა, მეორეხაზელი ფარნავაზ გასვიანი, რომელიც მოედანზე შევიდა და მისთვის უცხო პოზიციაზე შესანიშნავად ითამაშა. 15 ნომერზე ძალიან კარგად ითამაშა გიორგი ბაბუნაშვილმა. ბიჭებმა ნამიბიას უდაოდ ყველაფერში აჯობეს. მეორე ტაიმში ტრავმებმა და დაღლილობამ იმატა, მაგრამ იმის გამო, რომ შეცვლა არ იყო, თითქმის მთელი მეორე ტაიმის ტრავმებით თამაში მოუწიათ. რაც მთავარია, მათ ხასიათი გამოავლინეს და აჩვენეს ის თავდადება, რისთვისაც გულშემატკივრებს უყვართ. იყო შესანიშნავი კომბინაციები, ლამაზი ლელოები და ეპიზოდურად, ძალიან კარგ რაგბის ვთამაშობდით.

რაც შეეხება ზოგადად ტურნირს, უამრავი პრობლემა გვაქვს. სტატისტიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ - სამი თამაში მოვიგეთ და ერთი წავაგეთ 1 ქულის სხვაობით, მაგრამ ჩვენზე კარგად არავინ იცის თუ რა არის ჩვენი პრობლემები. ეს პრობლემები დავინახეთ - მთავარმა მწვრთნელმა, სამწვრთნელო შტაბმა და ყველამ ერთად, ამის ანალიზი გავაკეთეთ. ვიცით რაზეც გვაქ სამუშაო და ამ მუშაობას ჩამოსვლისთანავე დავიწყებთ. პირველ ეტაპზე დაიდება ორივე ტურნირის მიმოხილვა. როგორც გულშემატკივარს მოეხსენება, აქ იმყოფება ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი, რომელიც აქაური ტურნირის შემაჯამებელ ანალიზს გააკეთებს, ხოლო 18-წლამდელების ევროპის ჩემპიონატის ანალიზს მაიკლ ბრედლი განახორციელებს, რომელიც გუნდთან ერთად პოლონეთშია. შემდეგ, შევიკრიბებით ეროვნულ სარაგბო აკადემიაში, დავსახავთ მიზნებს და დავიწყებთ ამ შეცდომების გამოსწორებაზე მუშაობას.

მსაჯობაზე მინდა ავღნიშნო, რომ  ზოგადად მთელ ტურნირზე არის ძალიან ცუდი და არაკვალიფიციური მსაჯობა. მაგალითად, ვუყურებთ აშშ-ურუგვაის თამაშს და ბევრ შეცდომებს უშვებს მსაჯი ამერიკის სასარგებლოდ. რასაკვირველია, ეს ტურნირი ჩვენთვის წარმატებულად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან სულ სხვა ამოცანები გვქონდა და სულ სხვა შედეგი მივიღეთ. მიუხედავად ამისა, მერწმუნეთ, რომ არც ტრაგედია უნდა შევქმნათ - არის უბრალოდ ძალიან ბევრი სამუშაო და ჩვენ ყველანი მზად ვართ ამ მუშაობისთვის. კიდევ ვიმეორებ, რომ ანალიზი გაკეთებულია და ჩამოსვლისთანავე დავიწყებთ ამ პრობლემებზე მუშაობას”.

 

2014 წლის 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო “ალაფა”

ჰონკონგი. 7-19 აპრილი

19 აპრილი. პლეი ოფები

მე-7 ადგილისთვის

ჰონკონგი - კანადა 30:33

მე-5 ადგილისთვის

საქართველო - ნამიბია 46:17 (26:0)

საქართველო: 15. გიორგი ბაბუნაშვილი, 14. მურაზ გიორგაძე, 13. დევი დევსურაშვილი, 12. გიორგი ტალახაძე (22. ფარნავაზ გასვიანი 32), 11. დავით გულიტაშვილი, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი, 9. რევაზ ბროძელი; 1. ზაურ ხარებავა (17. დავით ფხაკაძე 46), 2. ბადრი ალხაზაშვილი (16. გიორგი ტორაძე 67), 3. გიორგი მარგველანი, 4. როლანდ კვაჭაძე, 5. ბესო ბარბაქაძე (21. თეიმურაზ თუთბერიძე 57), 6. საბა შუბითიძე (კაპ.) (18. დავით პაპავაძე 35), 7. გიორგი სორდია (19. ბადრი დანგაძე, 29), 8. ვახტანგ ამირანაშვილი (20. ჟორა მღებრიშვილი 51).

4 ლელო: ამირანაშვილი, ტალახაძე, გიორგაძე, პაპავაძე

4 გარდასახვა: ჯინჭველაშვილი

6 ჯარიმა: ჯინჭველაშვილი

 

მე-3 ადგილისთვის

აშშ - ურუგვაი 26:25

ფინალი

ტონგა - იაპონია 10:35

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.199624