ინტერვიუები

14:41 | 15.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "ბავშვობაში მსუქანს მეძახდნენ და დამცინოდნენ"

"რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირი არ მახსოვს. 1991 წელს 4 წლის ვიყავი და ცოტ-ცოტა მახსენდება მაშინდელი ამბები. საქართველო დამოუკიდებელი გახდა, მაგრამ კომუნიზმის კვალი მოგვდევდა და დიდი გაჭირვება იყო. ოჯახში თითქმის არაფერი გვქონდა. მაგიდაზე ერთი პური თუ იდო, უკვე გვიხაროდა. შუქი და წყალი არ იყო", - ეს გურამ კაშიას სიტყვებია.
არნემის "ვიტესის" კაპიტანი ჰოლანდიელებს უყვება ბავშვობისდროინდელ მოგონებებზე. ამბობს, რომ ბავშვობაში მას ტალანტად არავინ მიიჩნევდა და მისი ძმა შოთა გაცილებით იმედისმომცემი გახლდათ.
"მსუქანს მეძახდნენ და დამცინოდნენ. მეუბნებოდნენ, შენგან სპორტსმენი არ გამოვაო. ბავშვები მაბრაზებდნენ. შოთა ჩემზე ათჯერ უკეთესი იყო. ის ორი წლითაა ჩემზე უფროსი. შოთა ძალიან სწრაფი და ტექნიკური იყო. უფროს ძმას ვუყურებდი, ის ჩემთვის მაგალითი გახლდათ და ამიტომაც გადავწყვიტე - ფეხბურთი უნდა მეთამაშა. მხოლოდ დედა და ბაბუა მიჭერდნენ მხარს. მამა სიამაყით უყურებდა ჩემს ძმას, მაგრამ მინდოდა დამემტკიცებინა, რომ მეც მქონდა შანსი, რათა ფეხბურთელი გამოვსულიყავი".
როგორც იცით, შოთა კაშია, რომელიც 16 წლის ასაკში მოხვდა თბილისის "დინამოში", ამჟამად გორის "დილაში" თამაშობს. შოთამ საკმაო ხანს ითამაშა "დინამოში", თუმცა ძალიან ხშირად ჰქონდა ტრავმა...
"მას მუხლზე 7 ოპერაცია აქვს გაკეთებული და ამიტომაც ვერ მიაღწია იმას, რაც შეეძლო", - ამბობს გურამი.
"ვიტესის" კაპიტანი 10 წლის იყო, როცა წონაში დაიკლო და წლიდან წლამდე უკეთ თამაშობდა. გადიოდა დრო და გურამ კაშიას თბილისის "დინამოდან" დაურეკეს, სადაც უკვე თამაშობდა მისი ძმა. გურამი თავიდან მეორე გუნდში იყო, 18 წლის ასაკში კი გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზეს - ძირითადი გუნდის ფეხბურთელად აქციეს.
"ჩვენთან მცველები არავის აინტერესებდა. შოთა არველაძე და გიორგი ქინქლაძე ჩვენი ქვეყნის გმირები იყვნენ. ისინი სასწაულებრივი ტექნიკის მქონე ფეხბურთელები იყვნენ, განსაკუთრებით ქინქლაძე. მისი დიდი გულშემატკივარი ვიყავი. აკრიფეთ Youtube-ზე მისი გვარი და უბრალოდ, ვიდეოები ნახეთ. ზღაპრულად თამაშობდა "მანჩესტერ სიტიში" და სამწუხაროა, რომ "აიაქსში" ვერ გაიბრწყინა", - ამბობს გურამ კაშია, რომლის აგენტებიც სწორედ გიორგი ქინქლაძე და გოგა გახოკიძე არიან.
"2010 წელს თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტი დამიმთავრდა. ჩემით ინტერესდებოდნენ რუსეთისა და ისრაელის კლუბები. აგვისტოში ქინქლაძემ დამირეკა და მითხრა, რომ მერაბ ჟორდანია ჰოლანდიაში კლუბს ყიდულობდა. თავიდან სერიოზულად არ მეგონა საქმე, მაგრამ ამას მოჰყვა ჟორდანიასთან საუბარი. ვიცოდი, რომ ის ადრე "დინამოსა" და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახლდათ. მერაბი აღტაცებული დარჩა ჩემით და მითხრა, "ვიტესი" ჰოლანდიის ჩემპიონი უნდა გახდესო. ასევე მომიყვა "ჩელსისთან" კარგ ურთიერთობაზე. საუბრის ბოლოს მკითხა, თუ რას ვფიქრობდი. ვუპასუხე, რომ ჰოლანდიაში თამაში მსურდა, რადგან ეს მართლაც მშვენიერი ჩემპიონატია და ფეხბურთელის კლასის ასამაღლებლად შესანიშნავი ადგილია".
პირველი სეზონი ძალიან ცუდი გამოდგა, "ვიტესი" ძლივს გადაურჩა გავარდნას. ბოლო ტურში გუნდმა "ექსელსიორთან" შინ 1:4 წააგო და ოთხი ბურთის სხვაობით რომ დამარცხებულიყო, გადათამაშებაში მოხვდებოდა და იქ ან შეინარჩუნებდა უმაღლესში ადგილს, ან ვერა.
"ერთმა გოლმა გვიშველა. დავფიქრდი. ახალი ფეხბურთელები მოდიოდნენ და მალე ისევ მიდიოდნენ. მეც ვფიქრობდი წასვლაზე, მაგრამ ყველაფერი უცებ შეიცვალა. მწვრთნელად ჯონ ვან დენ ბრომი დაინიშნა, ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდა. ამ სეზონში კი ჰოლანდიას ვაოცებთ ჩვენი შედეგებით. "ვენლოსთან" გასულ ტურში მარცხი (1:3) გარკვეულწილად წნეხის ბრალიც იყო. გვსურს, რომ ამ სეზონში თუ არა, 2014 წლის მაისში ჩემპიონები გავხდეთ. მიზნად ეს გვაქვს დასახული".


ილია ნანობაშვილი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.084765