ფეხბურთი

22:47 | 1.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

გულზე მჯიღის ცემასაც ცოდნა უნდა!

worldsport.ge პოლიტიკურ საკითხებს, განსაკუთრებული შემთხვევის გარდა რომ არ ეხება, ჩვენმა მკითხველმა კარგად იცის. ბაქოს სტადიონზე მომხდარი გუშინდელი ფაქტი, სწორედ განსაკუთრებულ შემთხვევებს მიეკუთვნება და მისთვის გვერდის ავლა, დანაშაულია!

არც ისტორიული წიაღსვლების შეხსენებით ვაპირებთ თქვენს შეწუხებას და არც იმაზე გვაქვს პრეტენზია, რომ რომელიმე ცალკეულ ადამიანს, ან ადამიანთა ჯგუფს, აღმზრდელობითი სამუშაო ჩავუტაროთ.

უბრალოდ და პირდაპირ გეტყვით: ქართველ ქომაგთა ნაწილის გუშინდელი ქმედება, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოა და შეგნებულად მოხდა ეს, თუ უნებლიედ, მხოლოდ იმათთვის აქვს მნიშვნელობა, ვინც ეს განახორციელა.

კახი და ზაქათალა ისტორიულად რომ საქართველოს შემადგენლობაში იყო, საქართველოს ისტორიის მეტნაკლებად მცოდნე ქართველმაც კი იცის და შესაბამისად, ამაზე გული ბევრ ჩვენს თანამემამულეს შესტკივა, მაგრამ ზემოაღნიშნული ქმედება, უკეთეს შემთხვევაში რომ არაფრისმომცემია, უარეს შემთხვევაში კი ორ მეგობარ ხალხს შორის შუღლის ჩამომგდები, ასე რთულად მისახვედრია? თუ ისაა რთული მისახვედრი, ვის შეიძლება აწყობდეს ქართველების და აზერბაიჯანელების დაპირისპირება (განსაკუთრებით დღეს)?

გულზე მჯიღის ცემასაც ცოდნა უნდა – მაგალითად, როგორც ამას ბატონი თენგიზ პაჭკორია აკეთებს. მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში, თანაც ოლიმპიურ თამაშებზე, მან ყველას უჩვენა, რომ სოხუმი საქართველოა! მის ამგვარ ქმედებას კი, ზურგს არა მარტო ბატონი თენგიზის პატრიოტული მოსაზრებები, არამედ საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული საზღვრები, მათდამი მსოფლიო თანამეგობრობის დამოკიდებულება და კიდევ რამდენიმე მეტნაკლებად მნიშვნელოვანი ნიუანსი უმაგრებს.

ასევე დროული და მართლაც მნიშვნელოვანი იყო 2013 წლის 15 ოქტომბერს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ სოფლებში, დვანსა და დიცში,  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და “ქართული სპორტის ქომაგთა” მიერ ერთობლივად ორგანიზებული საპროტესო აქცია, სლოგანით: “გამოექომაგე საქართველოს”.

მაშინ იქ გახლდით და საკუთარი თვალით ვიხილე, როგორი მონდომებით გაკეთდა ყველაფერი, ე.წ. სასაზღვრო პუნქტთან პროტესტის გამოხატვით დაწყებული, სიმბოლურად გამართული საფეხბურთო მატჩით დამთავრებული.

აქედან გამომდინარე, ცოტა არ იყოს, გასაკვირია “ქართული სპორტის ქომაგთა” წევრების მხრიდან ასეთი დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმა. გასაკვირია და საწყენი...

ჩვენი რედაქცია (იგულისხმება გაზეთი “მსოფლიო სპორტი” და საინფორმაციო სააგენტო worldsport.ge) იმედს გამოთქვამს, რომ მსგავსი ქმედებები (მათ შორის, თურქულ “ბურსასთან” “ჩიხურას” დაპირისპირებისას მომხდარსაც ვგულისხმობ) არც ქართველი ქომაგების, არც ფეხბურთელების და არც ზოგადად რომელიმე ქართველის მიერ განხორციელდება. ამის დიდი იმედი გვაქვს, მაგრამ იმედი ერთია, მეორეს მხრივ კი, მოვუწოდებთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ზოგადი განცხადებებით არ შემოიფარგლონ და ყველა შესაბამის უწყებასთან თუ საფეხბურთო კლუბთან ერთად, გაცილებით ქმედით ღონისძიებებს მიმართონ.

კიდევ ერთ ამგვარ ფაქტს, შესაძლოა, გაცილებით დიდი გართულებებიც მოჰყვეს...

worldsport.ge-ის მთავარი რედაქტორი დავით ბაკურაძე                  

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113034