გრიგოლ ჭანტურიამ, გასული საფეხბურთო სეზონი რუსთავის “ოლიმპის” ძირითად მეკარედ ჩემპიონის რანგში დაასრულა. ახლა, იგი უგუნდოდაა და დიდი ალბათობაა - კარიერა დაასრულოს. თუ 36 წლის კიპერი ხელთათმანებს გაიძრობს და წავედიო, იტყვის, ამაში დიდი გასაკვირი არაფერი იქნება, მაგრამ როცა ეროვნულ ჩემპიონატზე კარის კვალიფიცირებული დარაჯების დეფიციტია, იქნებ, კიდევ ღირდეს მისი გამოცდილების საქმეში გამოყენება.
ჭანტურია ეროვნული ჩემპიონატების ჩატარებიდან (1990) გორის “დილაში” იყო, მაგრამ 16 წლისა განაცხადსმიღმა ყოფნას დააჯერეს. ეროვნულ “ფერხულში” 1991 წლის შეკვეცილი სეზონიდან ჩაერთო და მას შემდეგ, ხელიდან თათმანი არ მოუშორებია. კარიერაში 3 უცხოურ (სანკტ პეტერბურგის “ლოკომოტივში” (რუსეთი), სიმფეროპოლის “ტავრიასა” და უჟგოროდის “ზაკარპატიეში” - ორივე უკრაინა) გუნდში უთამაშია, საქართველოში გატარებული 16 სრული სეზონის განმავლობაში კი, ტიტულებისა და მედლების საკმაოდ შთამბეჭდავ კოლექციას მოუყარა თავი:
ქვეყნის 2-გზის ჩემპიონი (“ტორპედო” - 1999-2000, “ოლიმპი” - 2009-2010), 2-გზის თასის მფლობელი (“ტორპედო” - 1998-1999, “ზესტაფონი” - 2007-2008), 3-გზის ვიცე-ჩემპიონი (“სამტრედია” - 1994-1995, “ტორპედო” - 1998-1999, 2002-2003), ერთგზის ბრინჯაოს პრიზიორი (“ზესტაფონი” - 2007-2008).
გრიგოლ ჭანტურია ამჟამად თავისუფალი აგენტია. იგი დღესაც ელოდება საქმიან შეთავაზებას, მაგრამ როგორც “სპორტულ ამბებთან” ინტერვიუში განაცხადა, რეალური წინადადება ჯერ არ გამოჩენილა.
- გიორგი, გავიგეთ, თითქოს, აქტიურ ფეხბურთზე თავის დანებებას აპირებთ.
- სიმართლე გითხრათ, ისეთი არავითარი შემოთავაზება არაა, რომ განსახილველად ღირდეს. მე კიდევ, ისეთ ასაკში აღარ ვარ, უფულოდ ვირბინო.
- გასულ სეზონში, “ოლიმპის” შემადგენლობაში პირველ ადგილზე გახვედით და არა გვგონია, ჩემპიონ გუნდს ფული ისე გაჭირვებოდა, თქვენი დატოვება ვერ შეძლო.
- ვერაფერს გეტყვით, კონტრაქტის გაგრძელება აღარ ისურვეს. არადა, ვფიქრობდი ჩემპიონთა ლიგაზეც შემეძლო გუნდის დახმარება. როგორც ჩანს, მათთვის საჭირო აღარ ვარ.
- რამე ისეთი პირობები წაუყენეთ კლუბს, თუ რატომ აღარ მოხდა კონტრაქტის გაგრძელება?
- ეგ, არ ვიცი. უფრო სწორად, ვიცი, მაგრამ ეს რომ დავწერო - მერე იმხელა “კუდები” მოჰყვება ყველაფერს, მირჩევნია, არაფერი ვთქვა.
- ალბათ, უცხოური ვარიანტები გექნებოდათ. აზერბაიჯანში ქართველებზე დიდი მოთხოვნაა – თან, იქ ფეხბურთში დიდი ფული ტრიალებს და მგონი, ცუდი პირობები არ უნდა იყოს.
- ჩემი ასაკის კაცს, უცხოეთში ყველა იწუნებს. არადა, ისეთ ფორმაში ვარ და თავსაც ისე ვგრძნობ, მინიმუმ 2 სეზონს კარგ დონეზე კიდევ ვითამაშებდი.
- დავიჯეროთ, საქართველოში მოთამაშე გუნდებიდან, სადაც საიმედო და კვალიფიცირებული მეკარე ყოველთვის ჭირდა, არავის არ აქვს თქვენი დამატების სურვილი?
- ოფიციალურად არავითარი შემოთავაზება არ ყოფილა. ვინ რამე ჭორს გაავრცელებს - მაგის იმედზე ხომ არ ვიქნები?
ბოლოსდაბოლოს, დღეს თუ ხვალ, მაინც ხომ უნდა დავანებო ფეხბურთს თავი. ჰოდა, თუ არაფერი იქნება სეზონის დაწყებამდე, სხვა სამუშაოს მოვძებნი. შეიძლება ითქვას, სერიოზულად ვფიქრობ კარიერის დამთავრებას.
- შემოთავაზება რომელი გუნდიდან იქნება, ამას მნიშვნელობა არ აქვს?
- როგორ არ აქვს. ისეთი გუნდი უნდა იყოს, რომ მას ამბიცია ჰქონდეს - ჩემპიონობისთვის თუ არ იბრძოლებს, ევროტურნირზე მოხვედრის პრეტენზია მაინც უნდა ჰქონდეს. თუ ასეთი ვარიანტი არ იქნება, მაშინ ისევ მირჩევნია, ფეხბურთს თავი დავანებო და ჩემპიონის რანგში მაინც წავალ.
- სადაც ამდენი წელი იყავით ფეხბურთში, ალბათ, ისევ იქ დარჩებით. მწვრთნელობაზე თუ გიფიქრიათ?
- მეორე ეროვნული ჩემპიონატიდან მოყოლებული კარში ვდგავარ. 7 წლიდან მოყოლებული ფეხბურთში ვარ და თუ აქ დარჩები კაცი, რა უნდა ქნა - მწვრთნელობა უნდა დაიწყო. მთელი საქართველო მწვრთნელობს და მგონი, ადგილი აღარ დარჩა. უკვე იმდენი გამოცდილი მწვრთნელია დასაქმებული, ახალგაზრდებს გაცილებით სერიოზული მუშაობა მართებთ, რომ როგორმე ფეხი მოიკიდონ ამ ასპარეზზე.
- როგორც ვიცით, ს/კ “ზესტაფონთან” თქვენ დავა გქონდათ და კომპენსაციას ითხოვდით.
- ვითხოვდი და ახლაც ვითხოვ. ჩვენი დავა არ დასრულებულა, რადგან კლუბმა არ დააკმაყოფილა არცერთი პუნქტი, რომლის შესრულება მას დაევალა. თავიდან, კლუბის მიერ ჩემთან კონტრაქტის თვითნებურად გაწყვეტისთვის და შებამისად, მისი პირობების დარღვევისთვის, ფედერაციამ ს/კ “ზესტაფონს” 29 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. ფედერაციის წინა შემადგენლობის აღმასკომმა შეცვალა ეს თანხა და კომპენსაციის სახით 7 ათასი ლარი დააწესა. “ზესტაფონი” ამ 7 ათასსაც აპროტესტებდა, მაგრამ დოკუმენტურად გაპროტესტებული არავის უნახავს ის ბოლო გადაწყვეტილება.
- ახლა რა სტადიაშია ეს საქმე?
- ახლანდელი კანონით, ყველა სპორტული დავა, რომელიც რომელიმე მხარეს არ აკმაყოფილებს, სპორტულმა არბიტრაჟმა უნდა განიხილოს. უკვე რამდენი ხანია, ფეხბურთის ფედერაციამ მიწერა სპორტულ არბიტრაჟს წერილი, რომ განიხილოს ჩვენი საკითხი, მაგრამ საქმე არ იძვრის. როცა ტელეფონით ვუკავშირდები არბიტრაჟის უფროსს, ხან უცხოეთშია და ჩემთვის არ სცალია, ხან მიუწვდომელია და ხან კიდევ არ პასუხობს. ეს ისეთი საქმეა, მხოლოდ ფიფას და უეფას წესდებით უნდა იხელმძღვანელო. სპორტული არბიტრაჟი კი მათი მოთხოვნით შეიქმნა. დარწმუნებული ვარ, ჩემს სიმართლეს ბოლომდე მივიყვან და რაც მეკუთვნის, ყველაფერს ბოლომდე მივიღებ.
ფრიდონ კერვალიშვილი







