რაგბი

15:05 | 29.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე “მონპელიესთან” დაბრუნდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და “ტულონის” მესამეხაზელი მამუკა გორგოძე ფეხის ტრავმის შემდეგ მოედანს თავის ყოფილ გუნდ “მონპელიესთან” შეხვედრაში დაუბრუნდა.

30 წლის ლეგიონერი “მონპელიეში” გატარებული 9-წლიანი კარიერის შემდეგ “ტულონში” ივნისში გადავიდა, ახალი გუნდის მაისურით წინასასეზონო ამხანაგურ მატჩებშიც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მეორე შეხვედრისას ფეხი დაიზიანა და მოედანს თვენახევრით ჩამოშორდა. ისე დაემთხვა, რომ მამუკას ოფიციალური დებიუტი ტულონელთა რიგებში სწორედ “მონპელიესთან” შედგა. გორგოძე მოედანზე შესვენების შემდეგ შევიდა, მასპინძლებმა თამაშში გარდატეხა სწორედ მეორე ნახევარში მოახდინეს და პრემიალური ქულით იმარჯვეს - 40:17.

პირველ ტაიმში გუნდებმა ორ-ორი ლელო გაიტანეს და ტაიმი 17:14 დასრულდა. სტუმართა ლელოები გაცუდებული ბოჭვების შედეგი იყო და გორგოძის მოედანზე გამოსვლის შემდეგ ეს კომპონენტი გამოსწორდა, თუმცა, 73-ე წუთზე ის მაღალი ბოჭვისთვის სინბინით დაისაჯა. ნამატჩევს მწვრთნელებმა აღნიშნეს კიდეც, მამუკა თამაშში კარგად ჩაერთო, მაგრამ ბოლოს ნერვებმა უმტყუნაო. გარდა ბოჭვებისა, გორგოძემ რამდენჯერმე კარგად აიტანა ბურთი და ერთხელ ლელოს გატანის შანსიც ჰქონდა, მაგრამ მიზნამდე სულ ცოტა დააკლდა.

“ტულონის” განაცხადში იყვნენ კოტე მიქაუტაძე და ლევან ჩილაჩავაც - პირველი თამაშში მე-60, ხოლო მეორე 65-ე წუთიდან ჩართო. მეორე ნახევრის 20 წუთში მაპინძლებმა ორი ლელო გაიტანეს, 6 ქულა ჯარიმებით აიღეს და ერთი გარდასახვა გამოიყენეს, თავად კი, 1 ჯარიმა გაუშვეს. დასკვნით 20 წუთში ტულონელებმა კიდევ ერთი ლელო მიითვალეს და დიდი ანგარიშით იმარჯვეს. “მონპელიეს” განაცხადში არ იყო მიხეილ ნარიაშვილი. “ტულონი” 24 ქულით მეორე ადგილზეა და 3-ით ჩამორჩება ლიდერს, ხოლო “მონპელიეს” 18 ქულა დარჩა და მე-6 ადგილამდე დაეშვა.

27 ქულით პირველ ადგილზე დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონია”, რომელმაც სტუმრად “ოინაქსი” 19:8 დაამარცხა. ქართველი ლეგიონერები განაცხადში არ იყვნენ.

დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსემ” 43:10 დაამარცხა ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელი”. ქუბრიაშვილი განაცხადში არ იყო, საქართველოს ეროვნული ნაკრების ბურჯი ჟვანია, რომელიც ამ სეზონში კლუბში კვაჭის პოზიციაზე თამაშობს, თამაშში ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად მე-14 წუთიდან ჩაერთო და მოედანზე 9 წუთი გაატარა, ხოლო 59-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა. ბურჯი ყაულაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო, 44-ე წუთზე შეცვალეს და 76-ე წუთზე მოედანზე დაბრუნდა. პარიზელები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას, მეტოქეს თავბრუ დაახვიეს და შესვენებამდე 4 ლელო გაიტანეს - 22:3. მეორე ტაიმში მასპინძლებმაკიდევ სამჯერ აიღეს მეტოქეს ჩათვლის მოედანი და ბოლო წუთზე, როდესაც ანგარიში 43:3 იყო, ერთი ლელო თავადაც მიიღეს. “სტად ფრანსე” 22 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო “ლა როშელი” 10 ქულით მე-12-მე-14 ადგილებს იყოფს.

კარლენ ასიეშვილისა და გოდერძი შველიძის “ბრივმა” ზაზა ნავროზაშვილის “ბორდო” 34:24 დაამარცხა. ქართველ ლეგიონერთაგან მატჩში მონაწილეობა მხოლოდ ასიეშვილმა მიიღო, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლები 50 წუთის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და 4 ლელო გაიტანეს, ამ პერიოდში მიღებული ერთი ლელო კი, ბურთის ჩაჭრას მოყვა. 65-ე წუთისთვის “ბრივი” 34:10 იგებდა, ერთის წილ 4 ლელო ჰქონდა გატანილი და პრემიალური ქულის აღებასთანაც ახლოს იყო, მაგრამ ბოლოს მოეშვა და ორი ლელო გაუშვა, რითაც პრემია დაკარგა. მიუხედავად ამისა, ამ მოგებით “ბრივმა” ბოლო ადგილს თავი დააღწია და 13 ქულით მეათეა, ხოლო “ბორდო” 17 ქულით მე-7 პოზიციამდე დაეშვა.

დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტრო” ქართველი ლეგიონერის გარეშე სტუმრად “გრენობლთან” 25:27 დამარცხდა, სტუმრებმა ლელო-გარდასახვა ბოლო წუთზე გაიტანეს, ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანეს და პრემია ჩაიწერეს. “რასინგ მეტრიო” 18 ქულით მე-5 ადგილზეა.

ქართველი ლეგიონერების გარეშე ჩაიარა გიორგი ჟღენტის “ბაიონისა” და ვასილ კაკოვინის “ტულუზას” შეხვედრამ. ტულუზელი მორაგბე 21-ე წუთზე წითელი ბარათით დაისაჯა, ამ დროს სტუმრები 10:8 იგებდნენ, მაგრამ კაცნაკლულებმა ვეღარ გაძლეს და 19:35 დამარცხდნენ. “ბაიონმა” პრემიაც აიღო და 15 ქულით მე-8 პოზიციაზეა, ხოლო “ტულუზა” 10 ქულით მე-13 პოზიციაზეა.

Top 14-ის მომდევნო ტურის თამაშები 3-4 ოქტომბერს გაიმართება.

თეგებიTop 14
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120289