ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგას” ვებგვერდის ტრადიციული რუბრიკის “12 კითხვა” სტუმარი ამჯერად გოჩა ხოჯავა გახდა, რომელმაც კლუბის გულშემატკივრების მიერ გამოგზავნილ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.
- რატომ თამაშობთ 99-ნომრიანი მაისურით? ეს საყვარელი რიცხვია თუ უბრალოდ, ციფრების ლამაზი კომბინაცია?
- ადრე 10-ნომრიანი ან 25-ნომრიანი მაისურით ვთამაშობდი. “99” ნომერი კი ოთარ მარცვალაძეს უკავშირდება. როდესაც “ვოლგაში” გადავედი, ის უკვე თამაშობდა გუნდში 77-ნომრიანი მაისურით. ამიტომ, მე და გიორგი ნავალოვსკიმ გადავწყვიტეთ, “88” და “99” ნომრები აგვეღო, ლამაზი რომ ყოფილიყო – “77”, “88”, “99”.
- კარიერაში თქვენი პირველი გოლი როგორ გაიტანეთ?
- მახსოვს საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების შემადგენლობაში გატანილი გოლი. მაშინ ბერძნებს ვეთამაშებოდით და გოლი საჯარიმო დარტყმით გავიტანე, ხოლო მატჩი 1:1 დასრულდა. იყო თუ არა ეს პირველი გოლი, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ მე დამამახსოვრდა.
- “ვოლგას” შემადგენლობაში გატანილი გოლებიდან ყველაზე მეტად რომელი მოგეწონათ?
- პრემიერლიგის პირველ წრეში “როსტოვის” კარში გატანილი ბურთი. მოულოდნელი და ლამაზი გოლი გამოვიდა, მით უმეტეს, იმ გუნდის კარში, სადაც ადრე ვთამაშობდი.
- კავკასიელი ხართ - ე.ი. ტემპერამენტიანი და ძალიან ემოციური ადამიანი. თქვენი აზრით, ხასიათის ეს თვისებები თამაშისთვის განწყობის შესაქმნელად გადამწყვეტია? რუსეთის პრემიერლიგის კლუბებს შორის თქვენთვის პრინციპული მეტოქე ვინ არის?
- მატჩის დაწყებამდე 15 წუთით ადრე მწვრთნელები გვირჩევენ, ხმაურიანად განვაწყოთ თავი სათამაშოდ, რათა მოედანზე ემოციურად დამუხტულები გავიდეთ. მე კი, პირიქით, მირჩევნია ჩუმად ვიჯდე, რათა ზედმეტი ენერგია და ემოცია არ დავხარჯო. საფეხბურთო მოედანზე მართლაც ემოციური ვარ. კარგია ეს თუ ცუდი? ალბათ, 50/50. ზოგჯერ საკუთარ ემოციებს უნდა გაუმკლავდე, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ეს არ გამოდის. დღესდღეობით, ჩემთვის პრინციპული მეტოქე “ანჟია”. მოუთმენლად ველი ამ გუნდთან შეხვედრას, რადგან მახაჩყალაში თამაში ძალიან საინტერესოა. წარმომიდგენია, იქ რა იქნება. როდესაც ჩავალთ, ადგილობრივი გულშემატკივრები შემხვდებიან ისევე, როგორც სხვა ბიჭებს, ტაშს დაგვიკრავენ, რადგან არასოდეს ავიწყდებათ, ვინ და რა გააკეთა მათთვის. თუმცა, მოედანზე რომ გავალთ, სულ სხვა რეაქცია ექნებათ.
- როგორ ფიქრობთ, ამბიციური ფეხბურთელი გულშემატკირების აზრს უნდა ითვალისწინებდეს? მათ რჩევებს, მაგალითად ტაქტიკაზე, ყურს უნდა უგდებდეს? თუ გულშემატკივრებმა ბევრი არ იციან?
- ტაქტიკა მწვრთნელებისა და მოთამაშეების საქმეა. თუმცა, ყოველთვის მოხარულები ვართ, ქომაგების საქმიან რჩევებს მოვუსმინოთ იმ საკითხებში, რომლებშიც ისინი ჩვენზე უკეთ ერკვევიან. ცოტა ხნის წინ გულშემატკივრებს შევხვდით და მათ მოედანზე ერთობილი მისალმების სურვილი გამოთქვეს. ახლა ვცდილობთ, ეს შევასრულოთ. ასეთი რჩევები საჭიროა და მათ მოსასმენად მზად ვართ.
- გუნდმა ადგილი ფანებს რომ გაუცვალოს, რა შეძახილს მოიგონებდით?
- ჩემთვის შეძახილის მოგონება რთულია, რადგან როდესაც ვინმეს ვგულშემატკივრობ, ყვირილი კი არა, ლაპარაკიც არ შემიძლია. ყოველთვის ჩუმად ვქომაგობ და ვნერვიულობ – ყველაფერს ჩემს შიგნით ვინახავ.
- შეგიძლია გაიხსენო რაიმე საინტერესო ისტორია, რომელიც ფანებთან დაკავშირებით გადაგხდა?
- დიახ. მაშინ “ანჟიში” ვთამაშობდი. ერთ-ერთი მატჩი 40-გრადუსიან სიცხეში ტარდებოდა და დღის 3 საათზე დაიწყო. გულშემატკივრები ყვიროდნენ – ითამაშეთ, ითამაშეთ! აუტის ჩამოსაწოდებლად გვერდით ხაზთან მივედი. ტრიბუნიდან ვიღაცამ დამიძახა: “ხოჯავა, ითამაშე რა!” ბურთიანად მივტრიალდი და ვუპასუხე: “არ შემიძლია თამაში, რა!” ეს მომენტი კარგად მახსოვს.
- რა უნდა გააკეთო, რომ საფეხბურთო მოედანზე სუპერმენი გახდე?
- რა თქმა უნდა, ვიცი, სუპერმენს რომელ გმირს ეძახიან. თუმცა, პირველად გავიგე, რომ სუპერმენი საფეხბურთო მოედანზეც შეიძლება იყო. როგორ უნდა გახდე სუპერმენი? არ ვიცი, მაგრამ თუ თქვენთვის მე ვარ ფეხბურთში სუპერმენი, მაშინ ეცადეთ, ასევე ითამაშოთ და უფრო უკეთაც.
- დამატებითი კითხვა იბადება: მაგალითად, თქვენთვის ბავშვობაში ვინ იყო სუპერმენი?
- ზინედინ ზიდანი!
- ცნობილია, რომ ქართველებს ბურთთან მუშაობა უფრო უყვართ, ვიდრე კროსების სირბილი, კუპერის ტესტის ჩაბარება და ა.შ. კროსებზე მანძილი “მოგიჭრიათ” ან რაიმე მიზეზი მოგიგონიათ, რომ არ გერბინათ?
- უბრალოდ, ბურთთან მუშაობა უფრო კარგად გამოგვდის. კროსებთან დაკავშირებით ერთ ისტორიას მოგიყვებით. 16 წლის ვიყავი და ეს ამბავი კვლავ ჭაბუკთა ნაკრებს უკავშირდება. ყოველდღე დავრბოდით კროსებს და თითო წრე 1800-მეტრიანი იყო. სირბილი შემეძლო, მაგრამ არ მიყვარდა და არ მინდოდა, ამიტომ, ყოველთვის “ვჭრიდი”. მწვრთნელი კოშკურაზე იდგა და თვალს იქიდან გვადევნებდა. ცხადია, გამომააშკარავეს, რადგან ირგვლივ თოვლი იდო და ჩვენ წითელი ფორმები გვეცვა, რომლის არდანახვაც შეუძლებელი იყო. უბრალოდ, აღარ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, რომ მთელი მანძილი არ მერბინა. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ თოვლში დავმალულიყავი. წითელი ფორმის ქვეშ თეთრი ჩავიცვი და ასევე, თეთრი სპორტული ფეხსაცმელი მეცვა. 200 მეტრის გარბენის შემდეგ, წითელი ფორმა გავიხადე და ცოტა რომ გავირბინე, სასტარტო პოზიციას დავუბრუნდი.
- არსებობს ასეთი ქართული გამოცანა, რომელიც ალბათ თქვენც იცით – გეშინოდეს მისი, ვისაც შენი ეშინია. ცნობილია, რომ მეტოქე გუნდის ბევრი ფეხბურთელი გიფრთხით, რადგან არ იცის, რა დროს რას მოიმოქმედებთ. ეს მოედანზე შეგიმჩნევიათ? თუ არსებობს ამქვეყნად ვინმე, ვისიც გეშინიათ?
- ჩემი ვის ეშინია, ვერ გეტყვით, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მოედანზე არავისი არ მეშინია.
- ქვეყნად?
- დედის მეშინია. უფრო სწორედ, კი არ მეშინია, არამედ ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ. მისი თითოეული სიტყვა ჩემთვის კანონია.
- რომელი სპორტსმენის ავტობიოგრაფიული წიგნის წაკითხვა გსურთ? შესაძლოა, უკვე კითხულობთ?
- მარადონას ავტობიოგრაფიულ წიგნს ვკითხულობ. უკვე შუა ნაწილამდე მივედი.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა







