რუსეთის პრემიერლიგის მესამე ტურში, მოსკოვის “დინამოს” დიდი ანგარიშით (3:0) დამარცხების შემდეგ, ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგას” ნახევარმცველმა გოჩა ხოჯავამ, რომელმაც მონაწილეობა სამივე საგოლე კომბინაციაში მიიღო და მეტოქის კარიც აიღო, “სპორტ-ექსპრესთან” საუბარში აღნიშნა, რომ გამარჯვება კი სურდათ, მაგრამ მსგავს ანგარიშს არ ელოდნენ.
გოჩა ხოჯავა: “ვიცოდით, რომ “დინამო” ძალიან ძლიერი გუნდია. დავალებული გვქონდა, თამაში მთელ მოედანზე პრესინგით დაგვეწყო და შემდეგ დაცვაში “ჩავმჯდარიყავით”. თუმცა, პირველი ტაიმის ბოლოს, სტუმრებმა ჩვენს კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს. შესვენებაზე მთავარმა მწვრთნელმა გვითხრა, რომ უნდა შეგვეტია და მხოლოდ მოგებაზე გვეთამაშა. ძალიან ვცდილობდი, გუნდისთვის სარგებელი მომეტანა. მიხარია, რომ გამომოვიდა. ბიჭები გამარჯვებაში დარწმუნებულნი იყვნენ, მაგრამ ანგარიში რომ 3:0 იქნებოდა, ცხადია, არავინ ელოდა”.
- მართალია, რომ შესვენებაზე მთავარ მწვრთნელს ხმის აწევა მოუწია?
- ჩვეულებრივი სამუშაო მომენტია, არაფერი განსაკუთრებული. მთავარია, რომ შესვენების შემდეგ მართლაც აქტიურად ავთამაშდით და ამან შედეგი გამოიღო. გოლი ჩემს შვილს მივუძღვენი, რომელიც თამაშს საქართველოში ტელევიზორით უყურებდა.
- ასეთი სახიფათო საჯარიმო დარტყმებით მეკარეებისთვის იმედი ადრეც გაგიცრუებიათ?
- შესაძლოა, ასეც იყო. თუმცა, მსგავს რამეებზე ყურადღებას არ ვამახვილებ.
- წარმატებისგან თავბრუ ხომ არ დაგეხვევათ?
-არა. გარწმუნებთ, რომ ვარჯიშებზე კიდევ უფრო გულმოდგინედ ვიმუშავებთ.
- მოსკოვის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, მიოდრაგ ბოჟოვიჩმა აღნიშნა, რომ “ვოლგა” მსგავს “მძიმე” მოედანზე თამაშს მიჩვეული იყო...
- ასე ნამდვილად არ ყოფილა. მატჩამდე კისლოვოდსკში ვვარჯიშობდით, სადაც მოედნის საფარი ბეტონივით იყო. ჩვენ მოედანზე კი, პირიქით საფარი ძალიან რბილია. თუმცა, მასზე არ გვივარჯიშია, მხოლოდ ვითამაშეთ. ასე რომ, ყველა თანაბარ პირობებში ვიყავით.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა







