ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგას” ნახევარმცველმა გოჩა ხოჯავამ, კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც ფეხბურთსა და ჩოგბურთს შორის გაკეთებულ არჩევანზე, “როსტოვში” დუბლებში დაქვეითებაზე, კვიპროსულ ვოიაჟზე, “ანჟიზე”, მუხლის ტრავმასა და ომარ თეთრაძესთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
- “ვოლგაში” ყველაზე სიტყვაძუნწ ფეხბურთელად გვთლიან. რატომ არ წყალობთ ჟურნალისტებს? რუსული ენის ცოდნაში ბოლომდე დარწმუნებული არ ხართ თუ საკუთარ თავზე საუბარი არ გიყვართ?
- საქმე რუსულში არ არის – ამ მხრივ პრობლემა არ მაქვს. უბრალოდ, ინტერვიუების მიცემა არ მიყვარს. რატომ? არ ვიცი. საქართველოშიც რომ ვთამაშობდი, იგივე მდგომარეობა იყო.
- ჩაკეტილი ადამიანი ხართ თუ მიზეზი პრესასთან ურთიერთობის წარუმატებელი გამოცდილებაა?
- არა, არაფერი მსგავსი. პირიქით, გახსნილი ადამიანი ვარ და ამას დაგიმტკიცებთ კიდეც.
- თქვენი საფეხბურთო აღზრდა სად დაიწყო?
- ცნობილ 35-ე საფეხბურთო სკოლაში. როცა იქ პირველად მივედი, ვარჯიშში მონაწილეობის მიღება შემომთავაზეს: “ივარჯიშე და გეტყვით - კი თუ არა”. ვარჯიშის შემდეგ მაშინვე მითხრეს, რომ გამოვდგებოდი.
- სპორტის სხვა სახეობაში საკუთარი ძალები არ მოგისინჯავთ?
- რატომ? ბავშვობაში ფეხბურთის გარდა, ჩოგბურთს ვთამაშობდი და ორჯერ თბილისის ჩემპიონი ვიყავი. თუმცა, საქართველოში ფეხბურთი გაცილებით პოპულარული იყო, ვიდრე ჩოგბურთი და ამიტომ, გადავწყვიტე, არჩევანი ფეხბურთის სასარგებლოდ გავაკეთე.
- შესაძლოა, ფეხბურთი იმიტომ არჩიეთ, რომ ბუნებით გუნდური მოთამაშე ხართ? ჩოგბურთი ხომ მაინც ინდივიდუალური სპორტია...
- შესაძლოა. თუმცა, ჩემი აზრით, მთავარი მიზეზი ის არის, რომ ფეხბურთს ჩოგბურთზე უკეთ ვთამაშობდი. ბავშვობაში დანიაში საერთაშორისო ტურნირზე ვიმყოფებოდით და საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი ავიღე. ეს თასი დღემდე სახლში მიდევს.
- 17-18 წლის ასაკში პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლებოდით?
- საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში ყოველთვის ვთამაშობდი და კაპიტანიც ვიყავი. კარგი გუნდი გვყავდა. ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში მომავალ ჩემპიონ შვეიცარიასთან წავაგეთ.
- ახლა გასაგებია, პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელს საიდან გამოუჩნდა კვიპროსში თამაშის ვარიანტი...
- კვიპროსში გამგზავრება ჩემმა მენეჯერმა შემომთავაზა: “სცადე, თუ მოგეწონება, იქ დარჩები. თუ გინდა, კლუბი თავად მოძებნე”. “ანორთოსისის” მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია იყო. ჩვენ კვიპროსის ჩემპიონატი მოვიგეთ. ამის შემდეგ, მიწვევა “როსტოვიდან” მივიღე და რუსეთში გავემგზავრე.
- ნუთუ რუსეთში უფრო კარგია, ვიდრე კვიპროსზე?
- კვიპროსში ცხოვრება კარგია – ყოველთვის თბილა და ვიზის ხელახლა გაფორმება ხშირად არ გიწევს. თუმცა, რუსეთის ჩემპიონატი კვიპროსულზე გაცილებით ძლიერია. არჩევანიც აქედან გამომდინარე გავაკეთე.
- “როსტოვში” რატომ არ დარჩით?
- კონტრაქტი რომ გავაფორმე, კლუბში სხვა ხელმძღვანელობა იყო, ხოლო ორი ტურის შემდეგ, პრეზიდენტი და მთავარი მწვრთნელი წავიდნენ. ახალმა მწვრთნელმა მაშინვე დუბლებში გამიშვა. ამიტომ, სხვა გუნდში წასვლაზე მომიწია ზრუნვა.
- ისეთი თავმოყვარე ხართ, რომ მწვრთნელის ასეთ გადაწყვეტილებას ვერ ეგუებით?
- როდესაც ცუდ ფორმაში ვარ, მწვრთნელის ასეთ გადაწყვეტილებაზე ხმას არ ამოვიღებ. როცა კარგად ვთამაშობ და თავდაჯერებული ვარ, მაგრამ მეტყვიან, დუბლებში წადიო, რა თქმა უნდა, მეწყინება.
- “როსტოვში” ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი?
- დიახ. საწყენი იყო, რომ ახალი მწვრთნელი არც კი დამაკვირდა. მეორე დღესვე მითხრა, დუბლებში ითამაშებო. მე ვუპასუხე, რომ დუბლებში ვითამაშებდი და ერთ თვეში სხვა გუნდში გადავიდოდი.
- საქართველოში დაბრუნდით?
- დიახ, საქართველოში.
- მიგაჩნიათ, რომ “როსტოვიდან” “ანჟიში” გადასვლამდე პერიოდი დაკარგული დროა?
- ცხადია, დრო დავკარგე, მაგრამ სხვა მიზეზით. “როსტოვის” დუბლებში ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაშის დროს ტრავმა მივიღე. ეს უკვე რაღაც კანონზომიერებასავით არის – როგორც კი ხელოვნურსაფარიანზე ვითამაშებ, მაშინვე ტრავმას ვიღებ. ამის შემდეგ ორი კვირა არ ვვარჯიშობდი და საქართველოში წავედი, რათა მევარჯიშა და ახალი გუნდი მომეძებნა. ორი თვე რუსთავის “ოლიმპში” ვთამაშობდი და საქართველოს ჩემპიონი გავხდი. მოგვიანებით “ანჟიში” გადავედი, სადაც ომარ თეთრაძემ მიმიწვია.
- იმ მომენტში “ანჟიში” თეთრაძე რომ არ ყოფილიყო, გუნდში მაინც გადახვიდოდით?
- სხვა ვარიანტებიც მქონდა, მაგრამ თეთრაძესთან მუშაობა მინდოდა და ეს შესაძლებლობა გამოვიყენე. თეთრაძე 2006 წლის ზაფხულში გავიცანი - სინჯებზე სამარის “კრილია სოვეტოვში” ვიმყოფებოდი, სადაც ის მოთამაშე-მწვრთნელი იყო.
- შეიძლება ითქვას, რომ გასული სეზონის დასაწყისში, როცა თეთრაძე “ანჟიდან” მიდიოდა, მასთან ერთად წასვლა გინდოდათ?
- რა თქმა უნდა, მინდოდა, რადგან ვიცი თეთრაძე ჩემგან რას ითხოვს და მასთან მუშაობა მსიამოვნებს. თუმცა, ასე იოლად წასვლის შესაძლებლობა არ მქონდა. “ანჟისთან” მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებდა. პლუს, სეზონის დასაწყისში მუხლი ვიტკინე და დიდი ხანი ვერ ვვარჯიშობდი.
- სეზონის დასაწყისში ტრავმის მიღება ტრადიციად გაქვთ?
- ასე გამოდის. რაც მთავარია, ყოველთვის მუხლის ტრავმას ვიღებ. მაგალითად, როდესაც კოჭი გტკივა, შესაძლოა, ორი-სამი კვირა გამოტოვო და ვარჯიში განაახლო. ან გამაყუჩებელი გაიკეთო და ითამაშო. ხოლო როცა მუხლი გტკივა, არც ნემსები გშველის და არც სხვა რამ.
- გაზაფხულზე, “ყუბანთან” თქვენთვის ავადსახსენებელ მატჩში რა მოხდა?
- ამ შემთხვევაში მეტოქე არაფერ შუაშია. ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში ფეხი ცუდად დავდგი და მყესები დამეჭიმა. 5 წამის მერე მწვავე ტკივილი ვიგრძენი და მაშინვე მივხვდი – შეცვლა უნდა მომეთხოვა. თამაშიდან ჩემი ნებით თუ გავდივარ ე.ი. სერიოზული ტრავმა მაქვს.
- რამდენად რთული იყო რეაბილიტაციის შემდეგ ვარჯიშის დაწყება?
- ფეხი არ მტკივა, მაგრამ შიშის გრძნობა მაქვს. დავრბივარ და ვფიქრობ – ახლა ტრავმის რეციდივი რომ მომივიდეს, ლაზარეთში კიდევ ოცი დღის გატარება მომიწევს-მეთქი. ამიტომ, თავისთავად გამომდის, რომ ჯანმრთელ ფეხს უფრო ვტვირთავ და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ვკოჭლობ. თუმცა, ექიმმა მითხრა, ყველაფერი ნორმალურად არის და ივარჯიშეო. დავრბივარ და სატრენაჟორო დარბაზში ვვარჯიშობ – მუხლს მაინცდამაინც არ ვტვირთავ.
- გასულ სეზონს დავუბრუნდეთ. ტრავმის მორჩენის შემდეგ, პრემიერლიგაში აღზევებისთვის მებრძოლ გუნდში გადასვლამ არ შეგაშინათ? მით უმეტეს, იცოდით, რომ თავდაუზოგავად უნდა გეთამაშათ...
- თეთრაძესთან მუშაობა მომწონს. გასულ ზაფხულს, როდესაც “ვოლგამ” მიმიწვია, ნიჟნი ნოვგოროდში პირდაპირ ავსტრიიდან ჩავედი, სადაც “ანჟი” შეკრებას გადიოდა. იმ მომენტში “ვოლგას” სატურნირო მდგომარეობა არასახარბიელო იყო. ქართველები და გუნდის კაპიტანი ანტონ ხაზოვი შევიკრიბეთ, ვისაუბრეთ და ვთქვით – ამოცანა უნდა გადავწყვიტოთ. როგორც ხედავთ, “ვოლგა” პრემიერლიგაში გადავიდა. თუ ქართველებმა რაღაც გადაწყვიტეს, თავისას მიაღწევენ.
- თუ “ვოლგაში” ქართველი ფეხბურთელები არ არიან, მაშინ “ანჟისთან” მარცხი მოსალოდნელია?
- “ანჟისთან” შეხვედრაში “ვოლგას” ძირითადი შემადგენლობის ექვსმა თუ შვიდმა ფეხბურთელმა ტრავმის გამო არ ითამაშა. ასეთ დროს ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ ძნელია თამაში. ჩემი აზრით, ქულები ამიტომ ვერ ავიღეთ. არაფერია, წინ მთელი ჩემპიონატია.
- ...და მეორე წრე, რომელშიც “ანჟის” მახაჩყალაში შეხვდებით. რა განცდებით ელით ამ მატჩს?
- უკვე ვიცი, იქ რაც იქნება. მატჩამდე, მოთელვისას მახაჩყალელი გულშემატკივრები კარგად მიგვიღებენ. თამაშის დაწყებისთანავე კი ჯოჯოხეთს მოგვიწყობენ. ეს იმ ფეხბურთელებისგან ვიცი, ვინც “ანჟიში” ადრე გამოდიოდნენ და გუნდის შეცვლის შემდეგ, მახაჩყალაში “ანჟის” წინააღმდეგ სათამაშოდ ჩასულან. როცა მატჩი დამთავრდება, გულშემატკივრები ჩვენს გასახდელთან აუცილებლად მოვლენ და თბილ სიტყვებს გვეტყვიან, რადგან კარგად ახსოვთ, რომ “ანჟი” პრემიერლიგაში ჩვენთან ერთად გადავიდა – ამ გუნდისთვის მხოლოდ სიკეთე გაგვიკეთებია.
- გოლის გატანა უფრო მოგწონთ თუ საგოლე გადაცემის გაკეთება?
- საგოლე გადაცემების გაკეთება მომწონს, რადგან ამისგან სიამოვნებას ვიღებ. “ანჟიში” 19 საგოლე პასი გავაკეთე და მხოლოდ 4 გოლი გავიტანე. კლუბთან კონტრაქტშიც კი მაქვს ცალკე პუნქტად ჩადებული – 10 საგოლე გადაცემისთვის ბონუსს ვიღებ. ბონუსები გოლებისთვისაც არის, მაგრამ ჩემთვის არა.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა







