გულშემატკივრის სვეტი

11:02 | 8.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

გლოვის 24 წელი

აქამდე, არგენტინის ნაკრებს, უმეტესად, საშუალო ასაკის ადამიანები, ანუ ის ხალხი გულშემატკივრობდა, რომლებსაც საკუთარი თვალით ენახა დიეგო მარადონას თამაში და “ალბისელესტეს” ქომაგობაც იმ ნათელ და მათთვის ლამაზ წლებში გადაეწყვიტათ. ეს 2006 წლის მუნდიალის წინაც დადასტურდა, როდესაც ერთ-ერთმა ქართულმა სოციოლოგიურმა კვლევითმა ცენტრმა სპეციალური გამოკითხვა ჩაატარა და დაადგინა, რომ საქართველოში არგენტინის ქომაგთა საშუალო ასაკი 40 წელია, მაშინ როდესაც სხვა ნაკრებების ქომაგთა ასაკი მეტად ჭრელი და არაერთგვაროვანია.
რა თქმა უნდა, არსებობდნენ ერთგვარი “ასაკობრივი გამონაკლისები”, რომელთა შორის თქვენი მონა-მორჩილიცაა, მაგრამ ეს ტენდენცია, აქამდე, პრაქტიკულად ხელშეუხებელი იყო. ხელშეუხებელი გახლდათ იქამდე, სანამ ლეო მესი არ გამოჩნდა და საკლუბო ფეხბურთის მაცქერალი პატარა ბიჭებიც არ გააარგენტინისქომაგა. ეს ახალგაზრდები სიმართლე რომ ითქვას, უფრო მეტად მესის ქომაგები იყვნენ (და შესაძლოა დღესაც არიან), ვიდრე არგენტინის ნაკრებისა, მაგრამ ყველაზე მეტად რომ სწორედ “თეთრ-ცისფერებს” უჭერდნენ მხარს, ესეც ფაქტია. ამას, გნებავთ ბალანსის დარღვევა დაარქვით და გნებავთ საგულშემატკივრო ტრადიციაში დიდი სიახლე, მაგრამ ფაქტია, რომ 1\4-ფინალში გერმანიის ნაკრებთან არგენტინის სამარცხვინო მარცხის შემდეგ, “ალბისელესტეს” ქომაგები გარშემო ისე შემოეფანტა, როგორც ჯერ კიდევ “მენშევიკ” ყვარყვარე თუთაბერს “უძლეველი ჯარი”. ვაგლახად დაცემული მარადონას და მესის მისამართით, მათი ბევრი ყოფილი ქომაგისაგან, ახლა მხოლოდ გინებასა და შეჩვენებას თუ მოისმენთ.
მსოფლიოს ჩემპიონატი ახალი დაწყებული იყო, როდესაც თბილისში “ვეფხი და მოყმის” მშვენიერი ძეგლის კვარცხლბეკის ძირში დიდი და ძლივსგამოყვანილი ასოებით შემდეგი წინადადება ამოვიკითხე: “არგენტინა ჩემპიონია! მესი 4ever”. არ დაგიმალავთ და ძალიან გავბრაზდი ამ წარწერის წაკითხვის შემდეგ. ბავშვების მიერ სადარბაზოებსა და შენობების კედლებზე მიჩხაპნილი ათასგვარი წარწერა არავის გვიკვირს. მით უმეტეს, რომ ხანდახან მსგავსი წარწერები საინტერესო და ღიმილისმომგვრელიც კია, მაგრამ ვერანაირ ნოვაციას ვერ ვხედავ იმაში, რომ მავანი თინეიჯერი ვეფხვთან შეჭიდებული ჯიგარის ძეგლის ქვეშ მსგავს სისულელეს აწერს. უსაგნო პატრიოტიზმი და გულზე მჯიღის დაშხოშიანად ცემა არაფერ შუაშია და არც იმას ვესწრაფვი, რომ ძეგლის ძირში მჩხაპნელი ბავშვი “ერის მოღალატედ” გამოვაცხადო, მაგრამ მე უწინარესად იმაზე დამწყდა გული, რომ ჩემს გონებასა და მეხსიერებაში არგენტინის ქომაგები მხოლოდ სოლიდური, დაღვინებული და სერიოზული ტიპები იყვნენ, მე კი უცებ გადავაწყდი შემთხვევას, რომელმაც წარმოდგენა თავდაყირა დამიყენა და გულში იმის შიშმა, რომ ასეთი “პაპსავიკი” ქომაგების ხელში არგენტინა ბევრს ვერაფერს მიაღწევდა - პირველად მაშინ გამქეჯნა. შემდეგ ეს შიში თანდათან უფრო გამიმძაფრდა და ბოლოს ყველაფერი წვერმოშვებული მარადონას ცრემლებითა და თავის კედელზე ბრახუნით დასრულდა.
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე სტადიაზე 0:4 მარცხი ნებისმიერი გუნდისათვის საშინელი შედეგია. განსაკუთრებულად საზარელი კი მათთვის, მსოფლიოს თასის აღსამართად უკვე ხელებს რომ იკაპიწებენ, მაგრამ ყველაზე ცუდი მაინც ისაა, რომ მიუხედავად მუდმივად ვარსკვლავური შემადგენლობისა, ეს მარადიული იმადგაცრუება და გლოვა არგენტინის ქომაგებისათვის უკვე მთელი 24 წელიწადია გრძელდება. ეს 24 წელიწადი ზოგადად დროსთვის საერთოდ არაფერია, მაგრამ თმებში მრავალი ჭაღარისა და გულის ტკივილის გამომწვევია იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც “ვეფხისა და მოყმის” ძეგლზე არასოდეს არაფერი დაუწერიათ და ყველა ჩემპიონატიდან მართლაც რომ დიდი ტკივილით და ალალი ცრემლებით აცილებენ არგენტინის ნაკრებს.
მომავლის იმედი ჩვენ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ხელში ჩავარდნილ ქართველ ქომაგებსაც კი გვაქვს და რა გასაკვირია, რომ არგენტინის გულშემატკივრებსაც მუდამ ექნებათ. მით უმეტეს, რომ ექსპერიმენტმა სახელწოდებით “მარადონა-მწვრთნელი” ბევრი ნაკლი ღიად წარმოაჩინა და ხულიო გრანდონას ახლა მაინც მოუწევს ტვინის ხვეულების უფრო მეტად დაძაბვა კარგი მწვრთნელის მოსაძებნად.
ბოლოს კი, მინდა გერმანიის ქომაგებს მივულოცო მათთვის ეს დიდი და სასახელო გამარჯვება (სვეტი დაწერილია გერმანია-ესპანეთის გუშინდელ მატჩამდე – რედ.). განსაკუთრებით კი, “ბუნდესნაკრების” იმ ქომაგებს, რომლებიც მათი გუნდის შესანიშნავ გამარჯვებას ღირსეულად მიუდგნენ, სიხარულითაც დიდად გაიხარეს, მაგრამ წაქცეული და განადგურებული არგენტინის ქომაგებისათვის ქილიკითა და დაცინვით გულზე ფეხი არ დაუჭერიათ. მხოლოდ დიდ და ღირსეულ ადამიანებს შეუძლიათ ასე მოქცევა!

ლევან სეფისკვერაძე  

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.180107