ინტერვიუები

21:56 | 20.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი: “რეალის” ჩემით დაინტერესებას არც ვადასტურებ, არც უარვყოფ”

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და იტალიის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ “კანტუს” ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი შერმადინი, კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს. გიორგიმ გულშემატკივრებს თავი იტალიის ეროვნულ ჩემპიონატსა და ევროლიგაზე კარგი თამაშით დაამახსოვრა.
იტალიის სერია A-ს წინა ტურში, “კანტუმ” დედაქალაქური “რომა” 73:72 დაამარცხა. ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი შერმადინი გახდა, რომელმაც 18 წუთში ყველაზე მეტი, 18 ქულა დააგროვა და იტალიაში პირადი რეკორდი გაიმეორა, რომელიც ქვეყნის თასზე “პეზაროსთან” ჰქონდა დამყარებული.
ევროლიგის მე-2 ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში, უაღრესად დაძაბული გამოდგა “ “კანტუ” – “ბარსელონას” შეხვედრა, რომელიც კატალონიელებმა ერთი ქულის სხვაობით, 63:62 მოიგეს. კანტუელთა წაგების მიუხედავად, მატჩის გმირი შერმადინი გახდა, რომელიც 14 ქულითა და 8 მოხსნით, ორივე გუნდის შემადგენლობაში ყვეაზე შედეგიანი იყო. ამის შემდეგ, აღარავის გაჰკვირვებია, როცა შერმადინმა იტალიის ჩემპიონატის ყველა ვარსკვლავთა მატჩში ითამაშა, რომელშიც ერთმანეთს სერია A-ში მოთამაშე იტალიელი და უცხოელი კალათბურთელების ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ.
აღნიშნულ შეხვედრას ქალაქმა პიზარომ უმასპინძლა. შერმადინმა მოედანზე 10 წუთი გაატარა და დროის ამ მცირე მონაკვეთში 6 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება გააკეთა.
გიორგი შერმადინს “მსოფლიო სპორტი” დაუკავშირდა.
- თქვენმა  “კანტუში” გადასვლამ, სადაც კიდევ ერთი ქართველი, მანუჩარ მარკოიშვილი თამაშობს, აშკარად გაამართლა, რადგან კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებთ. ეს ყველაფერი, თქვენი დამსახურებაა, თუ “კანტუს” მთავარ მწვრთნელ ანდრი ტრინკიერის?
- ტრინკიერის მიმართ კარგის მეტი არაფერი მეთქმის. გუნდს გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს. აღნიშულიდან გამომდინარე, მთავარი მწვრთნელი უფლებას გვაძლევს გახსნილად, თავისუფლად ვითამაშოთ. ეს ყველაფერი ხელს მიწყობს, ჩემი შესაძლებლობები რომ ბოლომდე გამოვავლინო. ამრიგად, ჩემს წარმატებაში ტრინკიერისაც დიდი წვლილი მიუძღვის.
- რომ არა “ბარსელონასთან” საკუთარ მოედანზე დასანანი მარცხი (62:63), “კანტუ” ევროლიგის მეოთხედფინალში გადიოდა...
- თქვენს მიერ ნახსებ შეხვედრაში, “კანტუს” ყევლა კალათბურთელი ბოლომდე დაიხარჯა მოედანზე, მაგრამ მაინც არ გაგვიმართლა. ის დღე ჩვენი არ იყო. ფორტუნამ “ბარსელონას” გაუღიმა.
- როგორ შეაფასა კლუბის ხელმძღვანელობამ ევროლიგაზე “კანტუს” გამოსვლა?
- თუ გავითვალისწინებთ, რომ “კანტუმ” ევროლიგაზე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ითამაშა და 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა, ჩვენი გუნდის ევროლიგაზე გამოსვლა წარმატებად შეფასდა.
- იტალიის საკლუბო კალათბურთის გამოკვეთილ ლიდერ სიენის “მონტეპასკის” შემდეგ, ამ ქვეყნის ჩემპიონატში მე-2 ადგილზე იმყოფებით. რა მიზნებს ისახავს კლუბის ხელმძღვანელობა ამ სეზონში?
- “კანტუს” უმთავრესი მიზანი, ევროლიგის ერთ-ერთი საგზურის მოპოვებაა. ამისთვის კი საჭიროა, ერთ-ერთი სინჯის მედალი მოვიპოვოთ.
- იტალიის სერია A-ში როდის გაქვთ უახლესი შეხვედრა?
- ახლა, როცა თქვენ გესაუბრებით, ავტობუსში ვზივარ თანაგუნდელებთან ერთად და ქალაქ პეზაროში მივდივართ, სადაც ამავე სახელწოდების გუნდს უნდა ვეთამაშოთ. პირველ წრეში, “პეზარომ” საკუთარ მოედანზე მოგვიგო და ახლა რევანში გვაქვს ასაღები.
- რა გამოხმაურება ჰქონდა იტალიის ოლ სტარში თქვენს მონაწილეობას?
- ყველა მილოცავდა და მამხნევებდა.
- თვითონ რა გრძნობა დაგეუფლათ ვარსკვლავებთან ერთად რომ ითამაშეთ?
- რა თქმა უნდა, კარგი შეგრძნებაა, როცა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო საკალათბურთო ლიგის რჩეულ სპორტსმენთა შორის თამაშობ. მე მგონი, სათამაშო დროიდან გამომდინარე, ცუდად არ მითამაშია.
- თქვენი ამდენი წარმატების შემდეგ, გიორგი შერმადინით ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი, მადრიდის “რეალი” დაინტერსდაო. რამდენად შეეფერება სინამდვილეს ეს ინფორმაცია?
- არც ვადასტურებ და არც უარვყოფ. ჩემით “რეალის” დაინტერესების შესახებ სხვას ვერაფერს გეტყვით. მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ორ თვეზე მეტია დარჩენილი და არავინ იცის, რა მოხდება.
- “კანტუსთან” კონტრაქტი როდის გიმთავრდებათ?
- მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, იტალიურ კლუბთან კონტრაქტიც მიმთავრდება.
- თუ “რეალის” ვარიანტი არ გამოვიდა და “კანტუზე” უკეთესი გუნდი არ გამოჩნდა. ამ კლუბში დარჩენას, ისევ აპირებთ?
- კანტუ პატარა, მყუდრო ქალაქია, რომელიც კალათბურთით ცხოვრობს. თუ ევროლიგის საგზური მოვიპოვეთ, არც დავფიქრდები, ისე გავაგრძელებ კარიერას “კანტუში”, თუ რა თქმა უნდა, კლუბის ხელმძღვანელობაც თანახმა იქნება.
 

როლანდ ლაბუჩიძე

0.089194