ფეხბურთი

18:04 | 27.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

გია ისიანი: “რა ქნას კლუბმა, როცა ხულიგნების დაჭერა შსს-ის პრეროგატივა უნდა იყოს...”

 

გორის “დილაში” ისევ არ დარიგებულა ხელფასები. უკვე მესამე თვეა, გუნდი უხელფასოდაა – არა მარტო მწვრთნელ-ფეხბურთელები, არამედ მთლიანი პერსონალი. სხვათა შორის, იგივე სიტუაციაა სხვა რამდენიმე ქართულ კლუბში და ყველა ელის თანხას, რომელიც სახელმწიფო პროგრამითაა გათვალისწინებული: 250 000 ლარი ახალ წლამდე.

მანამდე კი გუნდებს მგზავრობა, გადაადგილებაც უჭირთ. ახლა კიდევ დიდი შანსია, “დილას” ჯარიმაც დაემატოს ბათუმის “დინამოსთან” მომხდარი ინციდენტის გამო – გულშემატკივრებმა იქ სხვადასხვა საგნები ისროლეს სტადიონზე, აღშფოთების მიზეზი კი მსაჯობა იყო. მსაჯმა მალხაზ ბეუქლიშვილმა მეორე ტაიმში პენალტი არ დანიშნა ბათუმელთა კარში, როცა მათმა ფორვარდმა გიორგი ბერიაშვილმა ხელით ითამაშა საკუთარ საჯარიმოში.

გია ისიანი (“დილას” მენეჯერი): “ხვალ-ზეგ ფედერაციის სადისციპლინო-ტექნიკური კომიტეტის სხდომა გაიმართება. ჯარიმა გველის, მაგრამ მინდა განვმარტო: ვიღაცამ ჯოხი რომ ისროლა სტადიონზე და ბეუქლიშვილს ოდნავ ასცდა, ესაა ხულიგნობის ფაქტი და უნდა იყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივა. რა ქნას კლუბმა? ეს ხომ პოლიციამ უნდა აკონტროლოს. უპირველესად, სწორედ ვანდალური ფაქტები უნდა განიხილონ და იზრუნონ აღმოფხვრაზე. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უნდა მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ კონტროლზე აიყვანონ ასეთი ადამიანები. შსს უნდა ჩაერიოს და მობიზილებული შეხვდეს ამა თუ იმ მატჩს. როცა “დინამოს” უსაფრთხოების ოფიცერი ვიყავი, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონიდან 20-30, ზოგჯერ 40 პოლიციელსაც აგზავნიდნენ მატჩზე. იმის მიხედვით, თუ რამდენად დიდი რისკის თამაში იყო. სადაც არ უნდა ტარდებოდეს მატჩი, იმ პიროვნებებმა უნდა აგონ პასუხი, რომლებსაც უშუალოდ ევალებათ სტადიონზე უსაფრთხოება. ამ უფულო კლუბებისთვის ჯარიმების დაკისრება გამოსავალი არაა. ინგლისელი ქომაგები როგორი ხულიგნობით გამოირჩეოდნენ, ყველამ იცის. იქ მიიღეს კანონი, რომ ამა თუ იმ ადამიანს, 4-5 წლით უკრძალავენ სტადიონზე შესვლას (ყოფილა სამუდამო სასჯელებიც). 2009 წელს ევროპარლამენტში, სტრასბურში იმსჯელეს სტადიონებზე მომრავლებული ვანდალური ფაქტების აღმოფხვრაზე, სადაც მეც გახლდით”.  

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111192