ფეხბურთი

12:13 | 1.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

გავეცნოთ ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგას

გუშინ ჩემპიონთა ლიგის ახალგაზრდული ტურნირის მატჩები გაიმართა.

ახალგაზრდა ფეხბურთელებისა და მწვრთნელების კარგად გასაცნობად გადავწყვიტეთ მხოლოდ ორი მატჩის შესახებ გვესაუბრა, თუმცა არა იმდენად მატჩზე, რამდენადაც ფეხბურთელთა და მწვრთნელთა კარიერაზე. ვფიქრობთ, ყველა მატჩზე ზოგადი მიმოხილვა ნაკლებ ცოდნას იძლევა. ამიტომ გადავწყვიტეთ ამ ფორმისთვის მიგვემართა.

რა თქმა უნდა ყველა მათგანი დიდ ფეხბურთს ვერ ითამაშებს, ნაწილი ითამაშებს, ნაწილი შედარებით დაბალ დონეზე გააგრძელებს კარიერას, თუმცა ადრეული ეტაპიდანვე მათი კარიერისთვის თვალის დევნება ვფიქრობ გულშემატკივრისთვის საინტერესო უნდა იყოს.

 

მოსკოვის “ცსკა” – მიუნხენის “ბაიერნი” 3:1 (2:0)

გოლები: 1:0 ნიკიტა ჩერნოვი (თერთმეტმეტრიანი 25), 2:0 თემურ ჟამელეტდინოვი (43), 2:1 ლუკას შოლი (56), 3:1 ალექსანდრ მაკაროვი (90+2)

ფეხბურთელები

ნიკიტა ჩერნოვი – 18 წლის, ამპლუით ცენტრალურმა მცველმა რუსეთის 17-წლამდე ნაკრებთან ერთად 2013 წელს ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

თემურ ჟამელეტდინოვი – 17 წლის, პირველ ტურში “რომას” გაუტანა, მეორე ტურში “ბაიერნს”.

ალექსანდრ მაკაროვი – 18 წლის, პირველ ტურში “რომასთან” საგოლე პასით გამოიჩინა თავი, “ბაიერნთან” გოლი გაიტანა. ნიკიტა ჩერნოვის მსგავსად, 2013 წელს 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ლუკას შოლი – 18 წლის, მიუნხენის “ბაიერნის” აღზრდილი. გერმანიის 18-წლამდე ნაკრების წევრი. წარსულში ცნობილი ფეხბურთელის მეჰმეთ შოლის შვილი.

ჯანლუკა გაუდინო – 17 წლის ნახევარმცველი. ტურნირზე მონაწილე ფეხბურთელთაგან უდაოდ გამორჩეულია. პროფესიულ ფეხბურთში ჯანლუკას დებიუტი გასულ სეზონში შედგა, როცა პეპ გვარდიოლამ “ბაიერნის” ძირითად გუნდში ათამაშა.

17 წლის ფეხბურთელს მიუნხელენელთა ძირითად გუნდში 4 მატჩი მოუგროვდა. აღსანიშნავია, რომ აგვისტოს თვეში გერმანიის სუპერთასის ფინალში დორტმუნდის “ბორუსიას” წინააღმდეგ გვარდიოლამ ძირითადში დააყენა და არც შეუცვლია.

ლუკას შოლის მსგავსად, ჯანლუკას მამა მაურიციო გაუდინო ცნობილი ფეხბურთელი იყო. მაურიციო გაუდინო თამაშობდა გერმანიის ეროვნულ გუნდში, საკლუბო დონეზე “შტუტგარტში,” ფრანკფურტის “აინტრახტში,” ასევე თურქულ და მექსიკურ კლუბებში.

1993-95 წლებში “აინტრახტში” მაურიციო გაუდინიოს თანაგუნდელი ქართველი მცველი კახა ცხადაძე იყო.

მწვრთნელები

2009 წლიდან მოყოლებული მოსკოვის “ცსკას” ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი ყოფილი ფეხბურთელი ალექსანდრ გრიშინია. საფეხბურთო კარიერის დროს თამაშობდა მოსკოვის “ცსკა-სა” და მოსკოვის “დინამოში.” გრიშინმა მთელი კარიერა რუსულ კლუბებში განვლო.

ქართველი გულშემატკივრისთვის შეიძლება იმით იყოს საინტერესო, რომ რამდენიმე ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი გახლდათ. 2002 წელს ყაზანის “რუბინში” გიზო ჯელაძის, ლევან სილაგაძისა და დავით ჩალაძის მხარდამხარ თამაშობდა.

მიუნხენის “ბაიერნის” 19-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი 38 წლის ჰეიკო ვოგელია. მიუნხენური კლუბის ახალგაზრდულ შემადგენლობას 1998-დან 2007 წლამდე წვრთნიდა, 2009-2011 წლებში “ბაზელის” მთავარი მწვრთნელის ტორსტენ ფინკის ასისტენად მუშაობდა, 2011-2012 წლებში “ბაზელის” მთავარი მწვრთნელი გახდა, ხოლო 2013 წელს დაუბრუნდა მიუნხენურ კლუბს.

მსაჯები

მოსკოვურ შეხვედრას ესტონელი მსაჯი კრისტო ტოვერი სჯიდა. ასისტენტები ასევე ესტონელი სტენ კლაასენი და არონ ჰარსინგი იყვნენ, ხოლო მეოთხე მსაჯის ფუნქციებს რუსეთის წარმომადგენელი იგორ ფედოტოვი ასრულება.

შესაძლოა გაგიკვირდეთ უეფას გადაწყვეტილება, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ყველა მატჩში მეოთხე არბიტრი მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელია.

 

“შალკე” – “მარიბორი” 5:0 (3:0)

გოლები: 1:0 მულტაუპი (20), 2:0, 3:0 ბოიამბა (26, 41), 4:0, 5:0 პლატე (69, 83)

ფეხბურთელები

მაურის მულტაუპი – 17 წლის ცენტრალური ნახევარმცველი. 2009 წელს “ვატენშეიდის” საბავშვო გუნდიდან “შალკეში” გადავიდა. გერმანიის 17-წლამდე ნაკრების მოთამაშე.

2013 წელს გერმანიის 17-წლამდე და უკრაინის 17-წლამდე ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. უკრაინელთა რიგებში ბექა ვაჩიბერიძემ ითამაშა, ხოლო გერმანელთა შემადგენლობაში იყო მაურის მულტაუპი.

იოზეფ ბოიამბა – 18 წლის შემტევი ტიპის ნახევარმცველი. ჩემპიონთა ლიგის ახალგაზრდულ გათამაშებაში “მარიბორთან” მატჩი ბოიამბასთვის სადებიუტო იყო. პირველივე შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

გელზერკინხენულ კლუბში გადასვლამდე “დუისბურგის” 17-წლამდე და 19-წლამდე გუნდებში თამაშობდა. ბოიამბას არასდროს უთამაშია გერმანიის ასაკობრივ ნაკრებებში.

ფელიქს პლატე – 18 წლის, ამპლუით ცენტრფორვარდის სიმაღლე ერთი მეტრი და 90 სანტიმეტრია.

“შალკემდე”, “პადერბონის” საფეხბურთო სკოლაში თამაშობდა. 2011 წელს “პადერბონის” 17-წლამდე გუნდში გადაიყვანეს. 2012 წელს “პადერბონის” 17-წლამდე გუნდი დატოვა და “შალკეში” გადავიდა. 2013 წლიდან “შალკეს” 19–წლამდე გუნდის მოთამაშეა.

ნიკ ლორბეკი – 18 წლის საყრდენი ნახევარმცველი სლოვენიელთა კლუბის კაპიტანია. უთამაშია სლოვენიის 17-წლამდე ნაკრებში. ამჟამად სლოვენიის 19-წლამდე ნაკრების ფეხბურთელია.

ორი ტურის შემდეგ სლოვენიურმა კლუბმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. ერთადერთი გოლის ავტორი ნიკ ლორბეკია. პირველ ტურში ლისაბონის “ბენფიკასთან” შეხვედრაში თერთმეტმეტრიანით შეამცირა სხვაობა.

მწვრთნელები

მთავარი მწვრთნელი ნორბერტ ელგერტი “შალკეს” 19-წლამდელთა გუნდში 1996 წლიდან მუშაობას. 2002 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში ძირითად გუნდში მუშაობდა, თუმცა შემდგომ დაუბრუნდა ახალგაზრდა ფეხბურთელებს.

პირველ ტურში ელგერტის მოთამაშეები ლონდონში “ჩელსისთან” დამარცხდნენ (1:4), თუმცა მეორე მატჩში დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს.

“მარიბორის” მთავარი მწვრთნელი დამიან გაისერი ყოფილი ფეხბურთელია, 90-იანი წლების მიწურულს სლოვენიის ნაკრებში თამაშობდა.

გაისერი 1996-99 წლებში “მარიბორის” ფეხბურთელი იყო, ხოლო 1999-2000 წლებში კლუბი პირველად მოხვდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. 2000-2001 წლებში გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ივო შუშაკი მუშაობდა. “მარიბორიდან” წამოსვლის შემდეგ ხორვატი სპეციალისტი თბილისის “დინამოს” წვრთნიდა.

მსაჯები

მატჩის მთავარი არბიტრი რუსი მიხაილ ვილკოვი იყო. მას ეხმარებოდნენ თანამემამულე ალექსი ლებედევი და ალექსი ვორონცოვი. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს გერმანელი კრისტიან ბანდურსკი ასრულებდა.

 

დიმა შარიქაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.152753