ბლოგი

10:58 | 18.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

გაუჩინარება ყატარში

 ვინ არ იძახდა, ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარება სრული სიგიჟეა და დროა ფიფამ ამ გადაწყვეტილებას გადახედოსო, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ – ფიფა მაინც ჯიუტად აწერდა ხელს მსოფლიოს 2022 წლის მუნდიალის (თან პაპანაქება ზაფხულში) არაბეთის ნახევარკუნძულზე გამართვის გიჟურ იდეას და შესაბამისი შედეგებიც უკვე სახეზეა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ყატარიში შრომით უფლებების დარღვევებზე მომუშავე გამომძიებლები გაუჩინარდნენ. ბრიტანეთის წარმომადგენლები – გჰიმაირ გუნდევი და კრიშნა უპადჰიაია თვალსა ხელს შუა არიან გამქრლაები და ჩნდება ეჭვი, რომ მათ გაუჩინარებაში იმ ხალხის ხელი ურევია, რომლებიც ცდილობენ, მსოფლიო ჩემპიონატის ინფრასტრუქტურის შექმნაზე დასაქმებული ადამიანების მონური შრომითი პირობების შესახებ  მსოფლიოს რომ შეეტყო.

 ბრიტანელ გამომძიებლებს ყატარის დაცვის აგენტები ყოველი ფეხის ნაბიჯზე აწუხებდნენ და უშლიდნენ ვიდეოგადაღებებს. ეს ვიდეოკადრები ასახავს შრომითი უფლებების დარღვევებს და სხვა ათასგვარ საზიზღრობას. დასახელებული ორი გამომძიებელი უგზო–უკვლოდ დაიკარგა მაშინ, როდესაც ისინი ემზადებოდნენ სასტუმრო დაეტოვებინათ და დოჰას აეროპორტში გამგზავრებულიყვნენ.    

ფიფასა და საერთაშორისო პროფკავშირებში დიდი ამბავია ატეხილი, მაგრამ რად გინდა? დაკარგულებს ცამ უყო პირი თუ მიწამ – ვერავინ გაიგო. ბრიტანეთის პოლიცია უკვე აცხადებს, რომ ყატარის ხელისუფლებას სურს შიშის დანერგვის გზით მსოფლიოს თვალები აუხვიოს და ევროპელებმა ვერ დაინახონ  ყატარაში არსებული თანამედროვე მონობა.

ამჟამად ასობით შრომითი მიგრანტი, მათ შორის ბევრი ქალი, დაპატიმრებული არიან დოჰას დაკავების ცენტრში, რადგან ისინი გაექცნენ თავიანთ დამსაქმებელს, რომელიც მათ საშინელ შრომით პირობებში ამუშავებდა. საერთაშორისო ჟურნალისტებს აკავებენ, როდესაც ისინი ცდილობენ სიმართლე მიაწოდონ მსოფლიოს და რეპრესიები  უფრო იზრდება იმ ქვეყანაში, სადაც მინიმალური ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტები ისედაც ცნობილი იყო და მსოფლიმ უკვე ნახა რასთან და ვისთან აქვს საქმე.

როგორც ჩანს ფიფას კიდევ ერთხელ “მიავიწყდა“ ასიათასობით  ის ადამიანი,  რომელიც მსოფლიოს თასის სტადიონის ინფრასტრუქტურას ქმნის და ყოველდღე ყველაზე ცოტა ამ საქმიანობას ერთი სიცოცხლე მაინც ეწირება. მსოფლიო მედიის წარმომადგენლები ფიფას ხმამაღლა მოუწოდებენ, რომ აჯობოს საკუთარ თავს და ყატარის ნაცვლად თავიდან აირჩიოს ახალი ქვეყანა, სადაც ჩაატარებს მსოფლიო თასს იმის მაგივრად, რომ კორპორატიული სპონსორების ჭკუაზე იარონ და მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ცუდ შრომის პირობებში მყოფი მშრომლების მონობა “გააპრავონ“. ცალკე კიდევ ეს დაკარგული ექსპერტებია მოსაძებნი...

ამ დროს კი ფიფა უდრტვინველად განაგრძობს მსოფლიო ჩემპიონატისათვის სამზადისს. აი სწორედ ამის გამო აკრიტიკებენ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას და მომავალში სწორედ ეს შეიძლება გახდეს ამ ორგანიზაციის დასასრულის დასაწყისი. ფიფას ახირებულობას და უსამართლობას კი თავად ფეხბურთი და ფეხბურთის მილიონობით ქომაგის თავმოყვარეობა ეწირება. თუმცა აბა რა დროს თავმოყვაროებაზეა ლაპარაკი...

ლევან სეფისკვერაძე

0.121165