ინტერვიუები

10:33 | 26.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

გარი ნევილი: "ტევესის გაშვებით, სერ ალექსი სწორად მოიქცა"

დღეს და ხვალ ინგლისურ პრემიერლიგაში მორიგი ტურის მატჩები ჩატარდება, თუმცა, კალენდარულ შეხვედრებში მონაწილეობას არ მიიღებენ მანჩესტერის “იუნაიტედი” და “სიტი”, რომლებიც ხვალ “ოლდ ტრაფორდზე” ინგლისის ლიგის თასის განმეორებით მატჩს ჩაატარებენ. ასპარეზობას დამატებით ინტრიგას გარი ნევილისა და კარლოს ტევესის დაპირისპირება მატებს. ერთ დროს პარტნიორები ამჟამად ერთმანეთს მტრებად არიან მოკიდებულნი და ყოველი შეხვედრის დროს უხამსი ჟესტებისა და სიტყვების მეშვეობით არკვევენ ურთიერთობას. “იუნაიტედის” ვეტერან მცველთან ინტერვიუმდე კი მოგახსენებთ, რომ “სიტის” სტადიონზე ჩატარებული პირველი ნახევარფინალური მატჩი რობერტო მანჩინის გუნდმა 2:1 მოიგო.
- რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო სერ ალექს ფერგიუსონმა, როდესაც “იუნაიტედიდან” კარლოს ტევესი გაუშვა? თქვენი გუნდის შეტევაში თამაში დიდადაა დამოკიდებული მხოლოდ უეინ რუნიზე. არადა, არგენტინელთან ტანდემში უეინის ასპარეზობაც კიდევ უფრო მწვავე იქნებოდა და მთლიანობაში გუნდის შეტევაც...
- გარკვეულწილად გეთანხმებით, მაგრამ მაინც მგონია, რომ ჩვენმა დამრიგებელმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ტევესი “ოლდ ტრაფორდზე” ყოფნისას ურიგოდ არ თამაშობდა, მაგრამ ბოლო მომენტში გუნდის ინტერესზე უფრო მაღლა საკუთარი ამბიცია და ფულადი ინტერესი დააყენა. ჩემი აზრით, ამგვარი მოთხოვნის უფლება არავის აქვს. რამდენიმე ვარსკვლავთან დაკავშირებით მსგავსი პრობლემა ფერგიუსონს ადრეც შექმნია და იგი ყოველთვის ერთპიროვნულად წყვეტდა, დაჰყოლოდა თუ არა ამა თუ იმ მოთამაშის კაპრიზს. “მანჩესტერის” მთავარი მწვრთნელის სასახელოდ უნდა ვთქვა, რომ იგი რთულ სიტუაციაში ჩავარდნილი არასდროს შემცდარა.
- დავიჯეროთ სერ ალექსს 1986 წლიდან მოყოლებული შეცდომა არ დაუშვია?
- ფერგიუსონი თავადაც აღიარებს, “ოლდ ტრაფორდზე” ორ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობისას რამდენიმე შეცდომა რომ დაუშვა. მთავარია, რომ იგი სწორ დასკვნას აკეთებს და უზუსტობასაც ასწორებს. ჩვენ პლანეტის საუკეთესო მწვრთნელი გვყავს, რომელსაც ძლიერი, ერთ მუშტად შეკრული, დაბალანსებული გუნდის ჩამოყალიბება ხელეწიფება.  
- დავუბრუნდეთ ტევესის საკითხს. იქნებ კლუბი მას იმ უბრალო მიზეზით შეელია, რომ მისთვის გაზრდილი ხელფასის საშუალება არ ჰქონდა...
- მოდით, ბოლომდე გავხსნათ ფრჩხილები. კარლოს ტევესი ნაღდად არაა ის ფეხბურთელი, რომელთანაც “იუნაიტედს” 25 მილიონი გირვანქის ოდენობის კონტრაქტი უნდა გაეფორმებინა და შემდეგ ყოველთვიურად 150 ათასი გადაეხადა. “სიტის” ჯიბესქელ მეპატრონეებს არგენტინელი ამ ფასად უღირთ და ღმერთმა სიკეთეში მოახმაროს.

გოჩა კაჭარავა

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164916