ფრენბურთისა და მეცნიერების მასწავლებელი ქეით სემფორდი, ამერიკული შტატის ტეხასის ქალაქ დალასის ქრისტიანული აკადემიიდან გააძევეს. ამის მიზეზად, გაუთხოვარი ქეითის ორსულობა იქცა.
უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში სემფორდი, წლის საუკეთესო მწვრთნელად სახელდებოდა, რადგან მისი გაწვრთნილი ფრენბურთელები საკმაოდ კარგ შედეგებს აჩვენებდნენ. ცოტა ხნის წინ, ქეითმა მეცნიერების სწავლებაც დაიწყო, თუმცა ბავშვის უქმროდ ჩასახვის გამო, აკადემიის ხელმძღვანელობამ სამსახურიდან დაითხოვა.
სემფორდის ადვოკატის თქმით, სკოლის ხელმძღვანელობამ ფედერალური კანონი და შტატის წესდება დაარღვია. სასწავლო დაწესებულების დირექტორმა კი განაცხადა, რომ აკადემია კერძო და რელიგიური დაწესებულებაა, ხოლო მასწავლებლებმა მოსწავლეებს მაგალითი უნდა მისცენ და საკუთარი მოსაზრებები გაუზიარონ. დირექტორის თქმით, ქეითმა კონტრაქტში მოცემული მორალის ნორმები დაარღვია და მოსწავლეებს ცუდი მაგალითი უჩვენა, რის გამოც სამსახურიდან გაათავისუფლეს.







