თუკი ალკოჰოლი მაინცდამაინც არ გიყვართ და საფრანგეთში ქალაქ ბულონში მოხვდებით, ყველას გირჩევთ, რომ აუცილებლად შეიაროთ ახალგახსნილ ბარში სახელწოდებით “ოშახიზი”, სადაც უგემრიელეს აღმოსავლურ კერძებს გასინჯავთ და თუ გაგიმართლებთ, შესაძლოა, საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის ”ბაიერნის” ვარსკვლავი ფრანკ რიბერიც კი გაიცნოთ პირადად.
ეს ბარი სწორედ რიბერის ეკუთვნის. ფრანკმა და მისმა არაბმა მეუღლემ ბარს სახელი მათი შვილების სახელების – შახინეზისა და ჰაიზის შეერთებით უწოდეს. ალბათ უკვე იცით, რომ მეუღლის რჩევით, რიბერი მორწმუნე მუსლიმანი გახდა და თავის მშობლიურ პროვინციაში სწორედ ამიტომაც გადაწყვიტა ისეთი ბარის გახსნა, სადაც ლუდიც კი არ გაიყიდება. სხვა უფრო მაღალგრადუსიან ალკოჰოლურ სასმელებზე ხომ საერთოდ არცაა საუბარი...
რიბერი ირწმუნება, რომ დღეს ევროპაში თანდათან იზრდება მოთხოვნილება ისეთ ბარებზე, სადაც ალკოჰოლით არ ვაჭრობენ და მაგალითად საკუთარი თავი მოჰყავს. “ბაიერნის“ ფორვარდი თურმე ყველა ქალაქში სწორედ ასეთი ტიპის დაწესებულებას ეძებს. ძნელი სათქმელია, სხვას ვის უნდა მოეწონოს უალკოჰოლო ბარი ალკოჰოლის მოძულეებისა და მუსლიმების გარდა...







