ინტერვიუები

10:35 | 23.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

ფრანც ბეკენბაუერი: “მეეჭვება, “ჰერტა” ბუნდესლიგაში დარჩეს”

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ფრანც ბეკენბაუერის გასულ თვეში მიუნხენის “ბაიერნის” პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა და პოპულარულ გამოცემა “ბილდთან” საუბრისას “კაიზერ ფრანცი” “მიუკერძოებლად” საუბრობს ბუნდესლიგის პირველი წრის შედეგებზე.

- ბუნდესლიგაში პირველი წრე დასრულდა. “ზამთრის ჩემპიონის” ტიტული ლევერკუზენის “ბაიერმა” მოიპოვა. როგორ გგონიათ, შეძლებენ ფარმაცევტები საბოლოოდ ჩვენი ეროვნული პირველობის მოგებას?
- ძალიან მახარებს ჩემი ყოფილი სანაკრებო პარტნიორის იუპ ჰაინკესის წარმატება. მართალია, საკლუბო დონეზე ჩვენი გუნდები “ბაიერნი” და მიონხენგლადბახის “ბორუსია” ერთმანეთს პირველობას ვეცილებოდით და კლუბებს შორის მძაფრი კონკურენცია იყო. “ბუნდესმანშაფტში” კი მეტოქეობას ვივიწყებდით და გვერდიგვერდ ვიბრძოდით გერმანიის საფეხბურთო პრესტიჟის დასაცავად. ვულოცავ იუპს და მთლიანად “ბაიერს” ზამთრის ჩემპიონობას. ისე კი, ეს გუნდი ადრეც იგებდა ბუნდესლიგის პირველ წრეს, მაგრამ ბოლოს საჩემპიონო სინს ვერა და ვერ ისაკუთრებდა. ვფიქრობ, ამჯერად დადგა დრო, როცა ჰაინკესი ლევერკუზენელთათვის დამკვიდრებულ “უიღბლო წესს” დაარღვევს და “ბაიერს” ჩემპიონობას კლუბის ისტორიაში პირველად მოაპოვებინებს. ყოველ შემთხვევაში, ჰაინკესის ბიჭები პირველ წრეში ყველაზე კარგად თამაშობდნენ, ამ მონაკვეთის გმირი კი ტონი კროოსი გახდა.
- ამას იმიტომ ხომ არ ამბობთ, კროოსი “ბაიერნის” საკუთრება რომაა და ლევერკუზენში იჯარით ასპარეზობს?
- ჯერ კიდევ 2 წლის წინ ტონიმ საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა, როდესაც კორეაში ჩატარებულ 17 წლამდელთა მუნდიალზე საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. მაშინ გავიფიქრე, ახალი ბალაკი რომ გვეზრდებოდა. ძალიან კარგია, კროოსი სათამაშო პრაქტიკას “ბაიერში” რომ იღებს. სადღეისოდ მას “ბაიერნის” ვან გაალისეულ ტაქტიკურ კონცეფციაში ჩაწერა გაუჭირდებოდა. იდეალურ ვარიანტში ჰოლანდიელი სპეციალისტი შეტევის წინა ფრონტზე ივიცა ოლიჩსა და მარიო გომესს გაამწესებს, ფლანგებზე კი არიენ რობენსა და ფრანკ რიბერის დააყენებს. ეს სისტემა შეტევაზეა ორიენტირებული და ძნელია ამ განლაგებაში ტონი კროოსის ადგილი გამოიძებნოს.
- “ბაიერნის” საპირველწრეო გამოსვლაზე რას გვეტყოდით?
- უკანასკნელი ორი-სამი კვირის განმავლობაში გუნდმა საგრძნობლად მოუმატა მოძრაობას. გაცილებით უკეთ ათამაშდა ბასტიან შვაინშტაიგერი. როდესაც მინდორს რიბერი დაუბრუნდება, “ბაიერნის” ასპარეზობა საგრძნობლად გაძლიერდება. მეორე წრეში “ბაიერის”, “ბაიერნის” და “შალკეს” საჩემპიონო რბოლა ძალიან საინტერესო იქნება. გავბედავ და ვიტყვი, რომ პირველობისთვის ბრძოლაში ბრემენის “ვერდერიც” ჩაებმება.
- რომელმა გუნდებმა გაგიცრუეს იმედი?
- “ვოლფსბურგმა” და “ჰერტამ”. ჯერ კიდევ შვიდი თვის წინ ბერლინელები გერმანიის ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ და ძნელი სათქმელია, რამ გამოიწვია მათ თამაშში ასეთი მკვეთრი რეგრესი. “ჰერტამ” “ბაიერნთან” 2:5 წაგებული თამაშის დროს უსუსურად გამოიყურებოდა და გითხრათ სიმართლე, მეეჭვება, დედაქალაქელები ბუნდესლიგაში ადგილს რომ შეინარჩუნებენ.

გოჩა კაჭარავა 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164255