როდესაც მთელი საფეხბურთო მსოფლიო ფაქტის წინაშე დადგა და ერთ მშვენიერ დღეს “აღმოაჩინა“, რომ 8 წლის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთში უნდა გაიმართოს, ყველამ მერეღა დაიწყო ბჭობა და მსჯელობა იმაზე, რომ: “ინგლისისათვის რუსეთი არ უნდა ემჯობინებინათ“, “რუსეთში ტერორიზმის საფრთხე დიდია“ და “ფიფა ბოლო დროს ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს“. ერთადერთი კაცი, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ტერი ვენეიბლზი იყო, რომელმაც, ბრიტანული პირდაპირობით, მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლის დასახელებისთანავე განაცხადა: “ფიფა და “კა–გე–ბე“, ფაქტობრივად ერთნაირი ყაიდის ორგანიზაციებია და ეს ხალხი ბევრ ცუდ საქმეს აკვარახჭინებს“.
ვენეიბლზის სიტყვები ბოლო ერთი კვირაა, მასმედიის საშუალებებმა აიტაცეს და ყველა კონტექსტში ატრიალებენ. ამ სიტყვებს ციტირებენ იმ ქვეყნების გაზეთებიც, რომლებმაც ხმა რუსეთს მისცეს და ვითომც აქ არაფერიო, ახლა დემოკრატიისა და სამართლიანობის მებაირაღეებად გვევლინებიან. საკუთარ გადაწყვეტილებაში ყველა თავისუფალია, მაგრამ ცოტა არ იყოს უხერხულია ფიფას კრიტიკა იმის გამო, რაშიც თავად გაქვს მონაწილეობა მიღებული. მორალისტად თავის წარმოჩენას ნამდვილად არ ვაპირებ, მაგრამ, ამ ყველაფერში ფიფაზე არანაკლებ დამნაშავეებად, “ბებერი“ ევროპის ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებს და იქაურ ჟურნალისტებს მივიჩნევ, (რა თქმა უნდა, ყველაზე არაა საუბარი) რომლებიც საქმე-საქმეზე როდესაც მიდგება, სრულ უპრინციპობას იჩენენ და მხოლოდ მაშინ იღებენ ხმას, როდესაც ხედავენ, რომ მათი ინფანტილიზმი და არაფრისმაქნისობა, უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება.
და მაინც, რუსეთის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლად დასახელება რატომ იყო ფიფას მხრიდან დიდი შეცდომა... 1. რუსეთში არ არსებობს და ვერც იარსებებს რაიმე უსაფრთხოების გარანტიები, სპორტსმენებისა და გულშემატკივრების დასაცავად, რადგან, ამ ქვეყანას პრაქტიკულად ყველა მეზობელი (თვით ბელარუსიც კი!) მოძულებული ჰყავს და სამ რეგიონში (ჩეჩნეთში, ინგუშეთსა და დაღესტანში) დღესაც პრაქტიკულად საომარი მდგომარეობაა. აღარაფერს ვამბობთ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხზე. 2. ქვეყანაში მძვინვარებს უსაშინლესი კორუფცია (რასაც ყველა დასავლური კვლევითი ორგანიზაცია ადასტურებს). სწორედ ამიტომ, ძნელია საუბარი რაიმე ეკონომიკურ სტაბილურობაზე და ნდობაზე, რომ რუსეთი თავს გაართმევს მასპინძლის ტვირთს. 3. იგივე ინგლისისაგან განსხვავებით, რუსული სპორტული ინფრასტრუქტურა, სატრანსპორტო გზები, სასტუმროები, აეროპორტები და სხვა... ვერანაირად ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს და თითქმის ყველაფერი თავიდანაა გასაკეთებელი, რისი თანხებიც რუსეთმა სწორედ დასავლეთში უნდა ეძიოს.
ამას გარდა, ჩვენ შეგვიძლია უსასრულოდ ვისაუბროთ რუსეთში ადამიანების უფლებების მასობრივ დარღვევებზე, ხელისუფლების მხრიდან, “გალავარეზებისა“ და ნეოფაშისტების წაქეზებზე, სხვადასხვა სოციალურ პრობლემებზე, რასაც ეს ქვეყანა კიდევ მომდევნო 300 წელი ვერ მოაგვარებს. მაგრამ, ფაქტი ისაა, რომ ფიფას “შეუვალობისა“ და ევროპის უნიათობის გამო, მსოფლიოს ჩემპიონატს რუსეთი უმასპინძლებს და ახლა, ევროპელმა საფეხბურთო სპეციალისტებმა თუ ჩინოსნებმა, რამდენიც უნდა იწუწუნონ “მარკას“, “გაძეტა დელო სპორტის“, “ბილდისა“ თუ “სპორტის“ ფურცლებზე – ეს რეალობა უპირველესად სწორედ რომ მათი “დამსახურებაა“.
როგორც იცით, ინგლისური ფეხბურთის ბოსები, ნამეტნავად გაანაწყენა ფიფას გადაწყვეტილებამ და უკვე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ყველაფერი უბედურების მოთავე, ზეპ ბლატერია. ინგლისელებს ბევრი სხვა ქვეყნის წარმომადგენელიც აჰყვა და სულ მალე, ერთგვარი “ანტიბლატერული“ კოალიციის მხილველნიც შეიძლება გავხდეთ.
ფიფას წინააღმდეგ გაერთიანებულები, ამჟამად ბრძოლის ორ სტრატეგიას განიხილავენ. 1. გადააყენონ ბლატერი და ფიფაში რეფორმები განახორციელონ (რაც წარმოუდგენელი ჩანს), 2. შექმნან ფიფას ალტერნატივა. ორგანიზაცია, რომელიც ფიფადან გამოყოფილ ქვეყნებს გააერთიანებს და თავად ჩაატარებს, საკლუბო თუ სანაკრებო პირველობებს. ეს მეორე ნაბიჯი, გახლავთ მეტად გაბედული და შორსგამიზნული ინიციატივა, რაც მხოლოდ ინგლისელების თავში შეიძლება მომწიფდეს. მაგრამ, გაბედავენ კი, დანარჩენი საფეხბურთო ქვეყნები, ამ წამოწყებაში გაერთიანებას? ეყოფა კი, ძალა და პირდაპირობა იმ ქვეყნებს, რომლებმაც ხმა უთავმოყვარეოდ სწორედ რუსეთს მისცეს? მე ვფიქრობ რომ არა! მაგრამ, ხანდახან სასწაულებიც ხდება...
ლევან სეფისკვერაძე







