ბლოგი

11:49 | 10.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთში მოფუთფუთე აფერისტები

აფერისტობა და ქვემძრომობა ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილის ყველაზე დამახასაითებელ თვისებად იქცა. სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები ფეხბურთშიც ფუსფუსებენ და მათ ამოცნობას ხშირ შემთხვევაში მრავალი მცდელობა და საამისო გამოცდილება სჭირდება. ფეხბურთში მოფუთფუთე აფერისტები მრავალი მათთვის დამახასიათებელი თვისებებით გამოირჩევიან ერთმანეთისაგან, თუმცა საერთოც ბევრი აქვთ.

აფერისტების უმთავრესი დამახასაითებელი თვისება ისაა, რომ ყველაზე მეტს ისინი აგინებენ მატყუარა და ფულზე დახარბებულ ხალხს. მაგალითად, ფეხბურთში მოფუთფუთე აფერისტი ხშირად იძახის: ”ეს რა ხალხის ხელშია ჩვენი ფეხბურთი. ამ დროს პროფესიონალების მეტი რა არის ამ ქვეყანაში?” – რაც რეალურად გულისხმობს იმას, რომ თვითონ უფრო ღრმად უნდა საქმეებში ცხვირის ჩაყოფა და სწუხს დიდ საქმეებს მავანნი ჯერ ახლოს რომ არ აკარებენ.

სწორედ ეს ადამიანები არიან, რომლებიც უცხოეთში გაყიდულ ქართველ ფეხბურთელებს წლების მანძილზე ხელფასის წილში უზიან და მუქარის, შანტაჟისა თუ სხვა მეთოდებით იმასაც ახერხებენ, რომ ეს ფეხბურთელები არასოდეს ლაპარაკობენ ამ საზიზღრობებზე. საფეხბურთო აფერისტები კარგად ერგებიან ყველა მთავრობასა და ფეხბურთის ფედერაციის ცვალებადობას. მათ რაღაც საოცარი თვისება აქვთ “სავლედან” “პავლედ” გარდაისახონ და პირიქით...

საფეხბურთო აფერისტთა კასტას შეიძლება განეკუთვნებოდნენ: მწვრთნელები, ფეხბურთის ფედერაციის ჩინოსნები, კლუბის პრეზიდენტები და რიგირთი სკაუტებიც კი. მათ ყველას სამი რამ უყვართ განსაკუთრებულად: ფული, ფული და კიდევ ერთხელ ფული! არაერთი კარიერაწართმეული ფეხბურთელი ვიცი, რომლებსაც სხვადასხვა კარგ ქართულ კლუბებში გადასვლაში მავანმა ნაძირალებმა ფული მოსთხოვეს და ამ ფულის არქონის გამო, ამ ბიჭებმა საბოლოოდ აიყარეს გული ფეხბურთის თამაშზე. მსგავს ამაზრზენ ისტორიებს ალბათ თქვენც ბლომად გაიხსენებთ.

განსაკუთრებულად საწყენი ისაა, რომ ფეხბურთში მოფუსფუსე ნაძირალების ერთი ნაწილი ცნობილი ადამიანები გახლავან და მათ მწყაზარ სიფათებს ტელევზიორშიც არაერთხელ ნახავთ. დასხდებიან “ბრძენი”სახეებით და არჩევენ ჩვენი ფახბურთის ავან-ჩავანს. ბჭობენ როგორ უნდა დავამარცხოთ ფეხბურთში არსებული მანკიერებები: კორუფცია, პროტექციონიზმი, არაპროფესიონალიზმი, სითავხედე, გაუნათლებლობა და სხვა... ბჭობენ და ურცხვად გვაძლევენ რეკომენდაციებს. მათი აზრი ხომ საინტერესოა! მათი აზრი ხომ მნიშვნელოვანია!

ჩვენ და ჩვენმა ბედშავმა თანამემამულეებმაც რა უნდა ვქნათ? შევცქერით ამ აფერისტებს და ჩვენს შორის ისეთებიც არიან, რომლებსაც სჯერათ ამ ადამიანების. ადრე სულ მიკვირდა ხოლმე, როდესაც ჩვენს გულუბრყვილო თანამემამულეებს ვუსმენდი და მაოცებდა მათი უცნაური სიყვარული მავანი ნაძირალების მიმართ. მაგრამ, როდესაც აღმოვაჩინე, მათ თუ როგორ უყვართ ზოგიერთი გულისამრევი პოლიტიკოსები რომლებმაც არაერთი საზიზღრობა ჩაიდინეს და დღესაც სჩადიან – უკვე ნაკლებად მიკვირს ასეთი ამბები.

ჭეშმარიტება კი ისაა, რომ ჩვენს ფეხბურთში ადრეც და ახლაც კოხტად და უდრტვინველად საქმიანობენ ათასი ჯურის აფერისტები, რომლებიც ფულსაც აკეთებენ და კარგი კაცის იმიჯის მორგებასაც ცდილობენ. რამდენიმე კერძო შემთხვევას თუ არ ჩავთვლით, ამ ადამიანებს სათანადოდ ჯერ არავინ დაპირისპირებია. უბედურებაც ესაა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115691