ბლოგი

10:24 | 17.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთს ყველაფერი შეუძლია!

ყველას თავისი ფიქრი და განსჯა უტრიალებს თავში და ყველა ისე მოაბამს ქათანს ყურს – როგორც მოეხასიათება, მაგრამ ნამდვილად არ მესმის ფეხბურთის იმ გულშემატკივრების, რომლებიც აწდასრულებულ ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატს უინტერესო და არაფრით გამორჩეულ მუნდიალად რაცხენ.

მუნდიალზე ჩატარებული მატჩების ხარისხით პირველ ყოვლისა იმ გუნდების ქომაგები არიან უკმაყოფილონი, რომლებმაც ბევრს ვერაფერს მიაღწიეს და გულის მოოხებას ასე ცდილობენ. თუმცა, მუნდიალის მოკრიტიკეთა შორის, ორი ყველაზე წარმატებული ნაკრების – გერმანიისა და არგენტინის ქომაგებიც გამორეულან.

რა შეიძლება ვუთხართ ამ ხალხს? როგორ შეიძლება დავარწმუნოთ საპირისპიროში? შესაძლებელია მართალიც იყო ჯეკ ლონდონი რომელიც ამბობდა: “სხვისი დარწმუნების მცდელობაზე უარესი სისულელე ჯერ არავის მოუგონიაო”, მაგრამ ჩვენ მაინც ვცადოთ ეს ამბავი და ვნახოთ აბა რა გამოგვივა...

აქამდე მუდამ წუწუნებდნენ ხოლმე, რომ მუნდიალზე ძალიან ცოტა გოლები გადიოდა და ეს თანდათან უინტერესოს ხდიდა მსოფლიო ფეხბურთს. გოლების რაოდენობით თამაშების ხარისხის განსაზღვრა მინიმუმ არასწორი მგონია, მაგრამ ფაქტია, რომ ბრაზილიის მუნდიალზე სრულიად საპირისპირო რამეები მოხდა და მატჩებში (განსაკუთრებით კი ჯგუფურ ეტაპზე) იმაზე მეტი გოლი გავიდა, ვიდრე წარმოვიდგენდით. ამ მხრივ წუწუნი ალბათ ყველაზე მეტად უადგილო იქნება.

მუნდიალზე გამოჩნდნენ (ანდა მეტი სიკაშკაშით აელვარდნენ) ახალი ვარსკვლავები და ამის არაღიარება უბრალოდ დიდ ცოდვად მიმაჩნია. ხამეს როდრიგესი, ხუან კუადრადო, ანდრე შურლე, ენცო პერესი, მარუან ფელაინი და სხვანი და სხვანი... მათი სახელები ადრე ბევრმა ჩვენთაგანმა იცოდა და ისიც ვიცოდით, რომ კარგი ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ ასეთი გამოირჩეულობა სწორედ მუნდიალზე მიიღწევა.

აწდასრულებულ მუნდიალზე ისეთი რეკორდები დამყარდა, ბარე ათ მუნდიალს რომ ეყოფოდა და არც ამ კუთხით დაეწუნება ბრაზილიის ჩემპიონატს რამე. მაგალითად თუნდაც მიროსლავ კლოზეს მიერ ჩადენილი გმირობები და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის წოდების დასაკუთრებაც კმარა. თან სად მიაღწია ლეგენდარული ლუის რონალდოს გადასწრებას? შიგ ბრაზილიის გულისგულში! რონალდოს მიწა-წყალზე! ანტირეკორდებიც იმდენი იყო – შეიძლება მთლად აგერიოს თავგზა. ბრაზილიის ნაკრების მიერ გაშვებული 17 გოლი ხომ ანტირეკორდთა შორის უანტირეკორდესია...

როგორც ბრაზილიური მედია იუწყება, არ ასრულდა ავისმოსურნეთა ფიქრები და მუნდიალის განმავლობაში გულშემატკივრებს შორის არ მომხდარა არც ერთი დიდი შეტაკება და გაწევ-გამოწევა, რაც ბრაზილიელი სამარალდამცავების მონდომებითა და ჩემპიონატის ორგანიზატორების გონებამახვილობით უნდა ავხსნათ. თვით ბრაზილიის ნაკრების მუნდიალიდან გამოვარდნის შემდეგაც კი, პირადად მე გაოცებული დავრჩი, რომ მასობრივ პროტესტს ადგილი არ ჰქონია და საპროტესტო ტალღა მალევე ჩაცხრა. გამოდის, რომ უსაფრთხოების კუთხითაც მშვენიერი მუნდიალი ყოფილა.

აბა მაშ რა? აბა მაშ მეტს რას მოელოდნენ ფეხბურთის ქომაგები ჩემპიონატიდან? ჭეშმარიტად აუხსნელია ჩემთვის მათი უკმაყოფილება. თუმცა, რას გაუგებ ხალხს, რომელთაც ფეხბურთი უყვართ? დიახ, ფეხბურთი მართლაც რომ გვაერთიანებს, მაგრამ სწორედ ფეხბურთია იმის მიზეზიც, რომ ასე განვსხვავდებით ერთმანეთისაგან. ფეხბურთს ხომ ყველაფერი შეუძლია!

0.118311