ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში, როდესაც კოსმოსის კვლევები “ახალი ხილი“ იყო, საბჭოთა და ამერიკელი მეცნიერების საერთო ძალისხმევით, კოსმოსში გაუშვეს კაცობრიობის მიერ სხვადასხვა სფეროში შექმნილი გენიალური ნიმუშები, ჩანაწერები, კვლევების ასლები, სიმღერები და სხვა... ბევრი ქართველი დღემდე ამაყობს, რომ მათ შორის ქართული ხალხური სიმღერებიც მოხვდა. კოსმოსში ამ ყველაფრის გაშვების მიზანი კი ის იყო, რომ თუკი ოდესმე დედამიწას საფრთხე დაემუქრებოდა, მეცნიერებს სურდათ სიმბოლურად მაინც დარჩენილიყო, გალაქტიკაში ადამიანთა მოდგმის კვალი. მაშინ, კაცობრიობის საგანძურში “ფეხბურთის მეფედ“ წოდებული ბრაზილიელი პელეს მიერ გატანილი რამდენიმე ლამაზი გოლის ჩანაწერიც შევიდა.
დღეს ესპანელი მეცნიერებისა და საფეხბურთო სპეციალისტების ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ პელეს გოლები სრულად ვერ ასახავს ფეხბურთის მთელს გენიალურობას და ამ ადამიანებმა ცოტა ხნის წინ, ამერიკის კოსმოსური მკვლევის ორგანიზაცია “ნასას“ თხოვნით მიმართეს, რომ კოსმოსში ასევე ის გოლები და შეხვედრების ჩანაწერებისც გაუშვან, რომლებიც მათი აზრით პელესას არაფერით ჩამოუვარდება. ესპანელებს სურთ, რომ აქამდე გამართული ყველა დიდი საფეხბურთო მატჩი დარჩეს ისტორიას და ეს პირველ რიგში იმ ფეხბურთელების დაფასება იქნება, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ფეხბურთის განვითარებში.
სხვათა შორის, სამი წლის წინათ, “ნასას“ დაახლოებით ანალოგიური თხოვნით ამერიკის კინოაკადემიამაც მიმართა. მაშინ ამერიკელმა კოსმოსის მკვლევარებმა გაითვალისწინეს კინოაკადემიის თხოვნა და კოსმოსში ყველა ის კინოშედევრი გაუშვეს, რომლებიც ოსკარით ოდესმე დაჯილდოვებულან. ამას გარდა, ამერიკელებს არც გენიალური ევროპული ფილმები დავიწყებიათ. ესპანელებს იმედი აქვთ, რომ მათი სურვილი განხორციელდება და მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთის ისტორიის კოსმოსში გაშვება რეალურად მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებს, პირენეს ნახევარკუნძულზე თვლიან, რომ დიდი ფეხბურთელები ასეთ პატივს ნამდვილად იმსახურებენ.







