გულშემატკივრის სვეტი

13:49 | 5.10.2011 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთი ღვინის არომატით

საქართველოში შემოდგომის თანმხლები გაწამაწიაა და რთველი მხოლოდ სოფლებში კი არა, ქალაქებშიც კი დაიწყო. ჩვენ თუ არა, ჩვენი მრავალი ნაცნობი, ნათესავი თუ მეგობარი, თბილისში გახსნილ ყურძნის სპეციალიზებულ ბაზრობებზე აუცილებლად ყიდულობს ყურძენს და ახლა ყველა იმაზე მსჯელობს, ვის როგორი ღვინო გამოუვა და ვის რა მეთოდით სურს ყურძნის დაწურვა თუ ღვინის დაყენება. რთველი და ღვინო, როგორც სიჯანსაღის, სილამაზის, სიძლიერის, სიხარულის , ყველაფერი კარგისა და სასიამოვნოს სიმბოლო, შეუძლებელია სპორტის მოყვარულმა ხალხმა ვითომც აქ არაფერიაო – ისე გავატაროთ. მით უმეტეს, რომ კარგი ღვინო კარგ ფეხბურთს ძალიან ჰგავს. უფრო მეტიც, კონკრეტული ღვინოები კონკრეტულ საფეხბურთო ნაკრებებს ჰგავს და თუ კარგად დავაკვირდებით, ამა თუ იმ ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებები ღვინის მსგავსად ფერით, გემოთი, არომატითა და სურნელებით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.
 მაგალითად, ბრაზილიის ნაკრები ყველაზე მეტად ქვევრში დაყენებულ ხარისხიან საფერავს ჰგავს. ყურძენიც ჯანსაღია და ღვინოც ჯანსაღი და მძლავრი გამოდის. ბრაზილიურ ფეხბურთს, ქვევრის საფერავისა არ იყოს, ჯიშური არომატიც, ანუ განსაკუთრებული სათამაშო სტილი ახასიათებს. არის სურნელოვანი და სხეულიანი.  ყოველი დაგემოვნების შემდეგ, შესაძლებელია ახალ-ახალი გემო და არომატი აღმოგაჩენინოს. ეს ის ღვინო და ფეხბურთია, რომელსაც დიდმა პოპულარობამ საბოლოო ჯამში ვერაფერი დააკლო.
 იტალიიის ნაკრები და საერთოდ, იტალიური ფეხბურთი ყველაზე მეტად წინანდალს ჰგავს. ერთი შეხედვით, თითქოს ყველამ იცის და ყველას ამოცნობილი ჰყავს ეს გუნდი, მაგრამ წინანდალისა არ იყოს, ხანდახან ისეთ აღმოჩენებს გაგაკეთებინებს, რომ შეიძლება ყველა ძველი წარმოდგენა თავდაყირა დაგიყენოს. იტალიურ ფეხბურთს ახასიათებს ჩირის ნაზი გემო და მისდამი შურის არომატიც, რომელიც განსაკუთრებით ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იჩენს ხოლმე თავს.
 ჰოლანდიის ნაკრები ზოგადად ქართულ ღვინოს შეგვიძლია შევადაროთ. ღვინოს, რომელსაც დიდი ტრადიციები გააჩნია, ყველა აღიარებს, რომ არის განსაკუთრებული, გემრიელი, სასიამოვნო... მაგრამ როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალებში გასული ჰოლანდიური გუნდივით, მაინც ვერ აღწევს სანუკვარ საწადელს და მის ნაცვლად სხვა ღვინოები, ჰოლანდიის შემთხვევაში კი სხვა ქვეყნის ნაკრებები ხდებიან ჩემპიონები. ქართული ქვევრისა არ იყოს, ნიდერლანდელი ფეხბურთელებიც ჰოლანდიიდან მუდმივად სხვა ქვეყანაში მიჰყავთ. ქვევრის სახელითა და ჰოლანდიელი ფეხბურთელებით სხვები სარგებლობენ, ტიტების ქვეყნის გუნდი კი, დღემდე პირში ჩალაგამოვლებულია.
 არგენტინის ნაკრები დაავადებულ, უმაღლესი ხარისხის ფრანგულ წითელ ღვინოს ჰგავს. ისეთ ღვინოს, ფულიან კაცს მასში რამდენიმე ასეული ევროს მიცემაც რომ არ დაენანება, მაგრამ როდესაც ღვინის მყიდველი სახლში მივა და ბოთლს გახსნის, ღვინიდან მესის, კამბიასოს, ძანეტის და ლავესის საოცარი სურნელების გარდა, ცხვირში მარადონასებრი მომწარო, ცხოველური სურნელიც ეცემა, რაც ამ ღვინის დაავადებაზე მეტყველებს. ასეთ ღვინოს აღარაფერი ეშველება. ღვინის მოყვარულს ისღა დარჩენია, ცოტა მოიცადოს და ზემოთაღნიშნული ღვინო მომავალი მოსავლის შემდეგ შეიძინოს. ეგებ მაშინ მაინც შეძლონ არგენტინელებმა “მარადონაფილიის” დაძლევა.
 ინგლისური ფეხბურთი ზედმეტად დიდი ხნის დავარგებულ, გადაძველებულ თეთრ ღვინოს ჰგავს, რომელსაც ჯერ ისევ შერჩენია ძველი სურნელი და არომატი. თუმცა,  მაინც ვერ არის ის, რაც უნდა იყოს. ინგლისის ნაკრების “მეღვინეები” ადრე მაქსიმალისტები იყვნენ და სხვა ღვინოებს არც კი აღიარებდნენ. მერე უკვე ისე გაუჭირდათ, რომ მთავარ მეღვინედ იტალიელი მიიწვიეს და ყველას იმედი აქვს, რომ წლეულს “ჩამოსხმული ღვინო” მომავალი წლის ზაფხულისათვის განსაკუთრებული იქნება.
 გერმანული ფეხბურთი სხვა არაფერია, თუ არა კლასიკური ევროპული თეთრი მშრალი ღვინო. ღვინო, რომლის ხარისხიც მუდმივად აკმაყოფილებს ნორმებს. ღვინო, რომელსაც თავისი ხარისხი და ადგილი მუდამ შენარჩუნებული აქვს. ბოროტი ენები კი ამბობენ, ეს ღვინო ყოველ წელს ერთნაირი და ნაკლებად საინტერესოაო, მაგრამ გერმანიის ნაკრების ქომაგებს ეს დიდად არ ანაღვლებთ, რადგან იციან, რომ მთავარი ტაბლოა, ანუ მთავრია, რომ სწორედ ეს ევროპული ღვინოა კონტინენტზე ყველაზე მეტ კონკურსში გამარჯვებული.
 რუსეთის, ნორვეგიის, ისლანდიის, ფინეთის, უკრაინისა და შვედეთის ნაკრებების გარდა, თითქმის ყველა ჩრდილოეთის გუნდი ღვინოზე მეტად ჭაჭის არაყს ჰგავს. ძალისმიერი, ხისტი, და მაღალგრადუსიანია.  როდესაც ბევრ ჭაჭას სვამ, მერე სულერთი ხდება მისი ხარისხიცა და არომატიც. თუმცა არიან ადამიანები, რომელთაც  კარგ ღვინოს ისევ ჭაჭა ურჩევნიათ.
 აი, საქართველოს ნაკრები კი ნამდვილად ჰგავს ღვინოს. ოღონდ ისეთ ღვინოს, რომელსაც თითქმის ყველა ღვინის დაავადება ერთად სჭირს. ეს მქროლავიო, არატიპური სიძველის ტონიო, სიმწარეო, ძმრის გემოო... მოკლედ, დაავადებას ვერ ნახავთ, რომ ამ ღვინოს არ სჭირდეს. ღმერთმა იცის, ამ “ღვინის მარნის” მფლობელებმა რამდენი მეღვინე გამოიცვალეს, მაგრამ ვერა და ვერ დააყენეს ღვინის ხარისხს საშველი. ამჟამინდელი მეღვინე იძახის - აქამდე დაყენებული ყველა უხარისხო ღვინო წელს უნდა გადავღვარო და სულ ახალი, განსხვავებული ღვინო  დავაყენოო, მაგრამ ბევრს უკვე ხელი აქვს ჩაქნეული და ამ დაპირების აღარ სჯერა. არადა, უცნაური ისაა, რომ ყურძნის ხარისხი მშვენიერია, ჭურჭელსაც არა უშავს, მაგრამ ღვინო დადუღდება თუ არა, მარანში არ შეისვლება, ისეთი საშინელი სუნი დგება. ალბათ, ისევ მარანშია პრობლემა...
 

 

ლევან სეფისკვერაძე

0.166709