ფეხბურთი

15:39 | 14.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთი ერთ მხარეს

 

ხშირად გაიგონებთ, თბილისი პატარა ქალაქია და ყველა ყველას იცნობსო. არ ვიცი, რამდენად იცნობს ყველა ყველას, მაგრამ ეს როდია საქმე - თბილისი ტერიტორიით დიდი ქალაქია და უამრავი ავტომობილის გამო, რა გადაჭედილი მოძრაობებია, ეს გამოგიცდიათ საკუთარ თავზე. რაღა თბილისის ერთი ბოლოდან მეორეში წასულხარ და რაღა ქარელში, ან სიღნაღში. ზოგჯერ, საცობების გამო, შესაძლოა, 20 წუთში მისასვლელი საათნახევარში მიხვიდე.

იტყვით, ფეხბურთთან რა კავშირშიაო, მაგრამ პირდაპირ კავშირშია. ამ შემთხვევაში ბავშვთა ფეხბურთის ერთ კონკრეტულ სატკივარზე უნდა ვთქვათ – გეოგრაფიულ პრობლემაზე.

თითქმის ყველა ნორმალური ბავშვთა საფეხბურთო გუნდი თბილისის დასავლეთ ნაწილშია ბაზირებული, აღმოსავლეთში კი თითო-ოროლას თუ ნახავთ. "თითო-ოროლაც" ზედმეტია – ერთადერთი "მერანია", რომელიც რეგულარულად გამოდის ელიტ-ლიგის სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში. "მერანი" ისანშია: იქ, სადაც "გაგრა" ატარებს საშინაო მატჩებს. ეს სტადიონი, როგორც იცით, ყოფილი "შევარდენის" მოედნიდან (რაგბის რომ გადაეცა) კიდევ უფრო აღმოსავლეთითაა.

თბილისის დასავლეთ ნაწილში კი, ჩამოვთვალოთ? "დინამოს აკადემია", "ავაზა", თენგიზ სულაქველიძის აკადემია, "ოლიმპიკი", "ნორჩი დინამოელი", "საბურთალო", 35-ე საფეხბურთო სკოლა, "ოლიმპი". ეს ის გუნდებია, თითქმის ყველა ასაკში რომ ჰყავთ გუნდები, ზოგს სულაც ორ-ორი, ან სამ-სამი.

გასცდები საბურთალოს ტერიტორიას და აღმოსავლეთ თბილისისკენ თითქმის სიცარიელეა. არის გუნდები ვარკეთილში და აღმოსავლეთის სხვა უბნებშიც, მაგრამ შედარებაც არაა, იმდენად ცუდი პირობებია – უმთავრესად, სტადიონის პრობლემა აქვთ. ბავშვი რომ გაიზრდება, უნდა თუ არ უნდა, იქიდან უნდა წავიდეს.

ამიტომაც არის, რომ "საბურთალოსა" თუ "დინამოს აკადემიაში" ვაზისუბნიდან, ფონიჭალიდან თუ ლილოდანაც დადიან ბავშვები. ეს კარგი ცხოვრებით არაა გამოწვეული. ყველა ბავშვს  ურჩევნია, ახლოს იაროს, რადგან ფეხბურთი მხოლოდ ბურთის გორება არაა. აღდგენა საჭიროა, ხოლო შენ როცა საათნახევრიან ვარჯიშს მორჩები და შემდეგ თბილისის საცობებში, ტრანსპორტში ჭყლეტაში ცალ ფეხზე წეროსავით დგახარ, ძალიან ძნელია. ეს პრობლემაა ვარჯიშიდან წასვლისას და ვარჯიშზე მისვლისასაც.

მშობელსაც ურჩევნია სახლთან ახლოს ივარჯიშოს შვილმა – ჯერ ერთი, ყურადღებას მიაქცევს და მეორეც, გზაში ფული არ დაეხარჯება. თუმცა, მშობელს სურს, რომ მისი ბავშვი კარგ გუნდში, კარგ პირობებში, კარგ მწვრთნელთან მოემზადოს. ამას სჭირდება მეტი თანხა, რაც ყველას როდი აქვს. ხომ ვხედავთ, როგორი ეკონომიკური პირობებია საქართველოში...

მოკლედ, გეოგრაფიული პრობლემა აშკარაა და თავში რაც ვთქვით, პირდაპირ კავშირშია ფეხბურთთან. ამიტომაც არის, რომ ფეხბურთზე მოსიარულე ბავშვთა რიცხვი წლიდან წლამდე იკლებს. დღეს, როცა ფეხბურთმა შედარებით ნაკლებად საფეხბურთო ქვეყნებშიც კი პირველ პლანზე გადაიწია და სხვა სახეობებზე მეტად პოპულარულია, ბავშვების რიცხვი იზრდება. ჩვენთან პირიქით...

მაგალითად, ესტონეთი ავიღოთ: ზაქარია ბეგლარიშვილს აქვს ჩემთვის ნათქვამი, ესტონეთში ფეხბურთია N 1 სპორტის სახეობაო. არადა, რამდენს ეგონა კალათბურთი?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135663