ფეხბურთი

3:50 | 24.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფავორიტები ლისაბონში, ესპანელები სევილიაში ითამაშებენ

ევროპის ლიგის ნახევარფინალში, ლისაბონში გასამართ მატჩში ერთმანეთს ტურნირის მთავარი ფავორიტები, “ბენფიკა” და “იუვენტუსი” შეხვდებიან.

პორტუგალიურმა გუნდმა, გასულ კვირაში მოგებით, ქვეყნის ჩემპიონობა გაინაღდა. ამ მიზნის მიღწევამდე ცოტა უკლია “იუვენტუსს”. შესაბამისად, გუნდები ევროპის ლიგაზე სრულად დაიხარჯებიან. მართალია, ანტონიო კონტე აცხადებს, რომ მისი გუნდის პრიორიტეტი იტალიის ჩემპიონატია, მაგრამ ტურინელებს ევროპის ლიგის მოსაგებად არაერთი დამატებითი მოტივაცია აქვთ. უპირველესად, უნდა ითქვას, რომ ტურნირის ფინალი ტურინში იმართება. ამას გარდა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ “იუვენტუსს” ევროტურნირი 1999 წლის შემდეგ არ მოუგია და ვერც 15 წლის წინანდელ გამრჯვებას ჩავუთვლით “ბებერ სინიორას” დიდ წარმატებად, რადგან ინტერტოტოს თასის მოგება “იუვეს” დონის გუნდისთვის დიდი ვერაფერი მიღწევაა.

ევროტურნირებზე წარმატებას დანატრებულია “ბენფიკაც”. ეს გუნდი, გასული საუკუნის 60-იან წლებში, ჩემპიონთა თასზე ძალიან წარმატებით გამოდიოდა, მაგრამ პორტუგალიელებს ევროპული თასი 1962 წლის შემდეგ არ მოუგიათ.

“ბენფიკა” და “იუვენტუსი” ერთმანეთს აქამდე 4-ჯერ შეხვედრიან. 1968 წელს, ჩემპიონთა თასის 1/2-ფინალში, ლისაბონელებმა ორივე თამაში მოიგეს – შინ 2:0 და სტუმრად 1:0. 1993 წელს, უეფას თასის 1/4-ფინალში, “ბენფიკამ” ლისაბონში კვლავ იმარჯვა, ანგარიშით 2:1, მაგრამ ტურინში 0:3 წააგო.

“ბენფიკა” ტურინელ სტუმრებს ტრავმირებული სალვიოსა და სილვიოს გარეშე დაუხვდება. სტუმართა რიგებიდან კითხვის ნიშნის ქვეშ დგას კარლოს ტევესისა და არტურო ვიდალის თამაში.

მე-2 ნახევარფინალურ წყვილში ერთმანეთს ესპანური გუნდები, “სევილია” და “ვალენსია” დაუპირისპირდებიან. მიმდინარე გათამაშებაში მეორედ ხდება, რომ ფლეი ოფის წყვილის ორივე წარმომადგენელი ესპანური გუნდია. პირველად ეს 1/8-ფინალში მოხდა, როდესაც “სევილიამ” თანაქალაქელი “ბეტისი” თერთმეტმეტრიანების წყალობით დაამარცხა.

“სევილია” დღევანდელ მატჩს კარგ ფორმაში ხვდება. უნაი ემერის გუნდმა პრიმერას ბოლო 3 თამაში იოლად მოიგო. შედეგად, სევილიელები ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ჩაებნენ.

“ვალენსიას” ესპანეთში საქმეები ცუდად მისდის. “ღამურებმა” ბოლო 5 თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგეს და ევროპის ლიგის ზონას კიდევ უფრო დაშორდნენ.

“სევილია” და “ვალენსია” ერთმანეთს ევროტურნირებზე პირველად ხვდებიან, მაგრამ ესპანეთის მასშტაბით მათ 207 მატჩი აქვთ გამართული. 95-ჯერ “ვალენსიამ” მოიგო, 77-ჯერ – “სევილიამ”, ხოლო 35 თამაში ფრედ დასრულდა.

მატჩს ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება. მასპინძლებს ტრავმირებული კრისტოფორო და დისკვალიფიცირებული კოკე არ ეყოლებათ. საეჭვოა პეროტისა და ჩერიშევის თამაშიც. სტუმრებს დიეგო ალვესი და რიკარდო კოშტა დააკლდებიან.

 

სევილია-ვალენსია

სავარაუდო შემადგენლობები

სევილია (4-2-3-1): ვარასი, ფიგეირასი, ფასიო, პარეხო, მორენო, მბია, იბორა, რეიესი, რაკიტიჩი, ვიტოლო, ბაკა.

ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა, პერეირა, სენდეროსი, რუისი, ბერნატი, კეიტა, პარეხო, ფეგული, ჟონასი, ფედე, ალკასერი.

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია).

 

ბენფიკა-იუვენტუსი

სავარაუდო შემადგენლობები

ბენფიკა (4-42): მორაეში, პერეირა, გარაი, ლუიზაო, სიკეირა, მარკოვიჩი, ამორიმი, პერესი, გაიტანი, როდრიგო, ლიმა.

იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, ლიხტშტაინერი, ვიდალი, პირლო, პოგბა, ასამოა, ტევესი, ოსვალდო. 

მსაჯი: ჯიუნეით ჩაქირი (თურქეთი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123674