ევროპაში ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებას ქომაგები მოუთმენლად ელიან. თითქმის ყველა, დიდი თუ პატარა ევროპული კლუბის გულშემატკივარი, ახალ სეზონს, ბუნებრივია, დიდი იმედებითა და ოპტიმიზმით ელის. მაგრამ ამ ყველაფერს თან ახლავს ერთგვარი შიში, რომელსაც სახელად “ბარსელონას” სინდრომი” შეიძლება დავარქვათ და ეს შიში განსაკუთრებულად მწვრთნელებისა და ფეხბურთელების საუბრებიდან გამოსჭვივის. კატალონიური კლუბის შარშანდელმა ტრიუმფმა ბევრი კლუბის ხელმძღვანელობა დააფიქრა და ბევრს გაუმყარა რწმენა, რომ შეიძლება ნებისმიერ კლუბს სძლიო, გარდა “ბარსელონასი”, რომელმაც შარშან ქვა ქვაზე არ დატოვა და როდესაც კატალონიელთა სავარაუდო მეტოქე გუნდების წარმომადგენლები საუბრობენ, ზემოთქმულს თითქმის ყველა აღიარებს და ყველას სურს, რომ ცოტა იღბალი დაეხმაროთ და ეს “ავისმომასწავებელი” კლუბი რაიმენაირად აიცილონ თავიდან.
დღეს, ინტერნეტში სპეციალურად დავძებნე “ბარსელონასგან” შეფუცხუნებულთა ინტერვიუ-კომენტარები და საკმაოდ საინტერესო გამონათქვამები დამიგროვდა. მაგალითად, იტალიური ”მილანის” მწვრთნელი – მასიმილიანო ალეგრი ამბობს: ”ჩვენ ნებისმიერი კლუბის დამარცხება შეგვიძლია და ეს შარშანდელმა სეზონმაც დაადასტურა. ერთადერთი, ვისთანაც შეიძლება ვერაფერი გავაწყოთ, ეს “ბარსელონაა”. თუკი ჩემპიონთა ლიგაზე გვარდიოლას გუნდი შეგვხვდა, რა თქმა უნდა, მათთანაც ბოლომდე ვიბრძოლებთ, მაგრამ აქედან რა გამოვა, ნამდვილად ვერ გეტყვით”.
”ბარსას” შესაძლებლობებით არანაკლებად შეფიქრიანებულია მიუნხენის ”ბაიერნის” ახალი მწვრთნელი – იუპ ჰაინკესი, რომელიც ამბობს, რომ რელიგიური ადამიანი არ არის, მაგრამ თუკი ლოცვა უშველის, აუცილებლად ილოცებს იმაზე, რომ წლეულს მათ კლუბს “ბარსელონა” რაიმენარიად ასცდეს.
ცოტა ხნის წინათ, ”მანჩესტერ იუნაიტედის” მხცოვანმა მესაჭემ – ალექს ფერგიუსონმაც აღიარა, რომ ყელში ამოუვიდა კატალონიელებთან ხშირი მარცხი და იმედი გამოთქვა, რომ წლეულს სხვა კლუბები იზრუნებენ გვარდიოლას გუნდის შეჩერებაზე. თითქმის იგივე აზრისაა არსენ ვენგერიც.
ერთადერთი, ვინც ირწმუნება, რომ ”ბარსელონას” შეჩერების ხერხები იცის, ეს, ”ბარსასთან” რამდენიმე მწარე მარცხიდან გამომდინარე, ”რეალის” გულნაიარევი მწვრთნელი – ჟოზე მოურინიოა. პორტუგალიელს ნამეტანი აბრაზებს სხვა გუნდების მხრიდან ”ბარსასადმი” ასეთი ქედმოხრა, რაც მისი ხასიათის კაცის მხრიდან ბუნებრივი რეაქციაა. “ნუ ვიდავებთ იმაზე, რომ “ბარსელონა” ძლიერი გუნდია. ეს ცხადია და ჭეშმარიტებაა, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დასასრული და დარწმუნებული ვარ, რომ წლეულს “ბარსა“ აუცილებლად დაკარგავს ევროპაში ჰეგემონობას. “რეალი“ არ არის მასზე ნაკლები გუნდი და ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ეს ასეა!“
ერთი სიტყვით, მკვეხარა ჟოზეს გარდა, თითქმის ვერავინ ბედავს საკუთარი ქომაგების დაიმედებას იმით, რომ მათ გუნდს შესწევს “ბარსელონას“ დამარცხების ძალა. მოდით ვაღიაროთ, რომ ფერგიუსონი, ვენგერი, ჰაინკესი და სხვა დიდი მწვრთნელები ნამდვილად არ არიან ჟოზეზე მშიშარა და მუხლებკანკალა ხალხი. უბრალოდ, ისინი უფრო ხშირად ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ და არა იმას, რაც უნდათ რომ იყოს. საქმე მხოლოდ ისაა, რომ მათგან განსხვავებით, მოურინიოს არამხოლოდ “რეალში“ მოღვაწეობა, არამედ, შესაძლებელია, მთელი მისი მომავალი კარიერა დიდწილად “ბარსელონას“ ძლევა-ვერძლევაზე ჰკიდია და პორტუგალიელმა კარგად იცის, რომ თუკი მომავალ სეზონშიც ვერ მოარგო გვარდიოლას გუნდს გასაღები (თუმცა, ეს 2 წლის წინათ, “ინტერში“ მოღვაწეობისას საკმაოდ კარგად გამოუვიდა), ეს მისი ხასიათისა და ამბიციების კაცისათვის უდიდესი კატასტროფა იქნება. ალექს ფერგიუსონმა ზედიზედ 5 თამაშიც რომ წააგოს კატალონიელებთან, “იუნაიტედის“ მხოლოდ ცანცარა და სულსწრაფი ქომაგი თუ იკადრებს მისი გუნდიდან გაშვების მოთხოვნის დაყენებას. ჟოზეს ბედი კი, წინა სეზონის დასრულების დროსაც ბეწვზე ეკიდა და მადრიდში მისი დარჩენა, უპირველესად, სწორედ მისმა დამაჯერებელმა ტონმა განაპირობა. როგორი ამბავია, კაცი ირწმუნება, რომ წლეულს “ბარსელონას“ ყველა ტიტულს ცხვირწინ ააცლის და მისთვის: ხავი, ინიესტა, მესი, პედრო, პუიოლი და სხვანი ჩვეულებრივი ფეხბურთელები არიან და რამე რომ იყოს, ჩამოთვლილთაგან ზოგიერთ მათგანს თავის გუნდში ძირითად შემადგენლობაშიც კი არ დააყენებდა (დიახ, ეს ჟოზეს სიტყვებია!).
მოკლედ, დღეს ერთი კაცი – ჟოზე მოურინიო იღებს საკუთარ თავზე იმ “ვალდებულებას“, რომ მთელი ევროპის ჯავრი ამოიყაროს და შეუჩერებელი კატალონიური კლუბი დაამარცხოს. ჟოზეს უყვარს ყურადღების თავის თავზე გადატანა და არც ქოქოლის მიყრის ეშინია. მთავარია, მომავალ სეზონში გულმა გაუძლოს. გულმა, რომელმაც შარშან 0:5 მარცხის შემდეგ კინაღამ უმტყუნა...
ლევან სეფისკვერაძე







