კალათბურთი

0:37 | 2.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტ-2015-ს უკვე 8 ოფიციალური მსურველი ჰყავს

ფიბა-ევროპიას დღევანდელი პრეს-რელიზის თანახმად, 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის სარეკორდო – 8 განაცხადია შეტანილი. ეს ყველაზე დიდი რიცხვია 2002 წლის ანუ მას შემდეგ, რაც ფიბა-ევროპა ფიბას რიგებში ოფიციალურად გაერთიანდა.

შეგახსენებთ, რომ ივნისის შუაწელს ორგანიზაციის ახლადარჩეულმა საბჭომ უკრაინაში შექმნილი რთული ვითარების გამო, ქვეყანას ევრობასკეტ-2015-ის მიღების უფლება ჩამოართვა და ახალი კონკურსის დაწყების შესახებ გამოაცხადა.

მალევე ტურნირის ჩატარების სურვილი ერთბაშად 16-მა ქვეყანამ გამოთქვა, რომელთაც განაცხადის შეტანა 31 ივლისამდე მართებდათ. თანაც, მათ შეეძლოთ მიეღოთ ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი ჯგუფის თამაშები, იგივეს დამატებული ფინალური რაუნდი, მხოლოდ ფინალური რაუნდი ანაც სრული ტურნირი...

იმის გათვალისწინებით, რომ განაცხადების შეტანა ფორს-მაჟორულ ვითარებაში ხდებოდა და ზოგიერთ აპლიკანტს მთავრობასთან მოლაპარაკებები ჯერაც ჩასატარებელი აქვს, ფიბა-ევროპამ დედლაინი 15 აგვისტომდე გაახანგრძლივა.

ამასთან, უახლოეს კვირეებში ორგანიზაციის წარმომადგენლები უკვე ცნობილ პრეტენდენტ ქვეყნებში (გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, თურქეთი, ხორვატია, ლატვია, ფინეთი, ისრაელი) არსებულ სიტუაციას შეისწავლიან.

ფიბა-ევროპა კანდიდატთა ოფიციალურ სიას 27 აგვისტოს ანუ იმ დღეს გამოაქვეყნებს, როდესაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბოლო ტურის მატჩები ჩატარდება.

საბოლოო გადაწყვეტილება, თუ სად გაიმართება ევრობასკეტ-2015, მიმდინარე წლის სექტემბერში დაგეგმილ ფიბა-ევროპას საგანგებო სხდომაზე იქნება მიღებული.

ისიც ვთქვათ, რომ 2015 წლის ევროპის პირველობა 5-20 სექტემბერს უნდა ჩატარდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110397