ფეხბურთი

11:46 | 1.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონები მადრიდში ითამაშებენ

 

A ჯგუფი

ატლეტიკო-იუვენტუსი

ჩემპიონთა ლიგის დღევანდელი მატჩებიდან ცენტრალურის გამორჩევა ძნელი არაა. მადრიდში, გასული გათამაშების ფინალისტი და ესპანეთის მოქმედი ჩემპიონი “ატლეტიკო” ბოლო წლებში იტალიის საუკეთესო გუნდს, “იუვენტუსს” დაუპირისპირდება.

ესპანეთის დედაქალაქში გასამართ მატჩს უფრო დიდი მნიშვნელობა მასპინძელი გუნდისთვის აქვს. ამის მიზეზი ისაა, რომ “ატლეტიკომ”, პირველ ტურში, “ოლიმპიაკოსთან” წააგო. რაც შეეხება “იუვენტუსს”, ამ გუნდმა “მალმიო” დაამარცხა.

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შემდეგ, გუნდებმა შიდა ასპარეზზე 3-3 თამაში გამართეს. “ატლეტიკომ”, “ოლიმპიაკოსთან” მარცხს “სელტასთან” ქულების გაყოფა მოაყოლა, შემდეგკი 2-ჯერ მოიგო. “იუვენტუსმა” სამივე შეხვედრაში იმარჯვა, თან მშრალად და ტურინელები ასპროცენტიან შედეგს ინარჩუნებენ.

“ატლეტიკო” მეტოქეს თითქმის უდანაკარგოდ ხვდება. მადრიდელთა მხრიდან საეჭვოა მხოლოდ კრისტიან როდრიგესის თამაში. “იუვე” მადრიდს მარონეს, ბარძალისა და პირლოს გარეშე ეწვია.

  • “ატლეტიკომ”, ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებაში, საკუთარ კედლებში გამართული 6 თამაშიდან 5 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა;
  • “ატლეტიკოს”, ევროტურნირებზე გამართულ ბოლო 19 საშინაო შეხვედრაში 17 მოგება აქვს;
  • “იუვენტუსმა”, ჩემპიონთა ლიგის წინა გათამაშებაში, სტუმრად ჩატარებულ 3 მატჩში მხოლოდ 1 ქულა აიღო;
  • ფეხბურთელობის დროს, დიეგო სიმეონეს “იუვენტუსის” წინააღმდეგ 7-ჯერ უთამაშია. “ატლეტიკოს” ამჟამინდელ დამრიგებელს 4 მოგება, 2 ფრე და 1 წაგება დაუგროვდა;
  • “კატანიას” მთავარ მწვრთნელად მუშაობის დროს, სიმეონე “იუვენტუსს” ერთხელ დაუპირისპირდა. მისმა გუნდმა, 81-ე და 95-ე წუთებზე გატანილი გოლების წყალობით, ქულის აღება მოახერხა;
  • “იუვენტუსის” დამრიგებელი მასიმილიანო ალეგრი, სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, ესპანურ გუნდებს ჩემპიონთა ლიგაზე 12-ჯერ დაუპირისპირდა. მის აქტივში მხოლოდ 1 მოგებაა. ესპანეთში გამართული 6 თამაშიდან ალეგრიმ 5 წააგო;
  • “იუვენტუსის” ესპანელი თავდამსხმელი ალვარო მორატა “ატლეტიკოს” საფეხბურთო სკოლაში 12 წლის ასაკიდან, 2 წლის განმავლობაში ირიცხებოდა. ამ დროის განმავლობაში, ის “ვისენტე კალდერონზე” ბურთის მიმოწოდებელი იყო;
  • “ატლეტიკოს” ნახევარმცველი ტიაგუ მენდეში, 2007-2010 წლებში, “იუვენტუსში” თამაშობდა. მან, ტურინელთა მაისურით, 48 თამაში ჩაატარა;
  • “იუვენტუსის” თავდამსხმელი ფერნანდო ლიორენტე, ესპანეთში თამაშის დროს, “ატლეტიკოს” 13-ჯერ დაუპირისპირდა. მის ანგარიშზე 5 გოლია;
  • “ატლეტიკომ”, ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, 11 გოლი გაიტანა, აქედან 8 სტანდარტული მდგომარეობის გამოყენებით;
  • კარლოს ტევესმა, ბოლო 4 თამაშში 6 გოლი გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

ატლეტიკო (4-4-2): მოია, ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, სიკეირა, თურანი, ტიაგო, გაბი, კოკე, მანჯუკიჩი, გარსია.

იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი, ოგბონა, ბონუჩი, კიელინი, ლიხტშტაინერი, ვიდალი, მარკიზიო, პოგბა, ევრა, ტევესი, ლიორენტე.

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია).

 

მალმიო-ოლიმპიაკოსი

ჯგუფური ეტაპის წარმატებით დაწყების შემდეგ, “ოლიმპიაკოსს” კარგი შანსი აქვს მე-2 თამაშიც მოიგოს. ამისთვის, ბერძნებმა ჯგუფის აუტსაიდერად მონათლულ “მალმიოს” უნდა სძლიონ.

წარუმატებელი არც “მალმიოს” სტარტს ეთქმის. “იუვენტუსთან” ტურინში 0:2 წაგება “მალმიოს” დონის გუნდისთვის ცუდი შედეგი ნამდვილად არაა.

პირველ ტურში მარცხის შემდეგ, “მალმიომ”, შვედეთის ჩემპიონატში, 3-ჯერ ითამაშა და 7 ქულა მოაგროვა. აგე ჰარეიდეს გუნდი გათამაშებას დამაჯერებლად ლიდერობს.

“ოლიმპიაკოსმა”, “ატლეტიკოს” ძლევის შემდეგ, საბერძნეთის ჩემპიონატსა და თასზე თითო თამაში მოიგო, მაგრამ მიჩელის შეგირდები შიდა პირველობის გასულ ტურში უქულოდ დარჩნენ.

შვედური გუნდი ბერძენ სტუმრებს უდანაკარგოდ მასპინძლობს, “ოლიმპიაკოსს” კი დიმიტრიოს სიოვასი დააკლდება.

  • “მალმიომ”, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართულ სამივე საშინაო მატჩში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

სავარაუდო შემადგენლობები

მალმიო (4-3-3): ოლსენი, ტინერჰოლმი, ჰელანდერი, იოჰანსონი, კონატე, ფორსბერგი, ადუ, ჰალსტი, ერიკსონი, როზენბერგი, ტელინი.

ოლიმპიაკოსი (4-3-3): რობერტო, ელაბდალაუი, ბოტია, აბიდალი, მასუაკუ, აფელაი, კასამი, მილივოიევიჩი, მანიატისი, მიტროღლუ, დომინგესი.

მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი).

 

 

B ჯგუფი

ბაზელი-ლივერპული

“ლივერპული” ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტი კია, მაგრამ მერსისაიდელები, მიმდინარე სეზონში, არადამაჯერებლად გამოიყურებიან და როჯერსის გუნდის მიერ ქულების დაკარგვა გამორიცხული ნამდვილად არაა.

“ლივერპული” რომ გასული სეზონის ფორმისგან შორსაა, ეს პირველ ტურშიც დამტკიცდა, როდესაც ინგლისელებმა ჯგუფის აუტსაიდერი “ლუდოგორეცი” გაჭირვებით დაამარცხეს. იმავე ტურში, “რეალთან” 1:5 წააგო “ბაზელმა”, მაგრამ მადრიდული გუნდის შეტევის გათვალისწინებით, ეს გასაკვირი არ ყოფილა.

“რეალთან” განადგურების შემდეგ, “ბაზელმა” შვეიცარიის თასზე და ჩემპიონატში თითო თამაში მოიგო, რასაც გასულ ტურში ქულების დაკარგვა მოაყოლა.

“ლივერპულმა” არადამაჯერებელი თამაში “ლუდოგორეცის” შემდეგაც განაგრძო. ბრენდან როჯერსის შეგირდებმა, პრემიერლიგის 2 თამაშში 1 ქულა აიღეს, თასზე კი, “მიდლსბროს” დასამარცხებლად მათ თერთმეტმეტრიანების სერია დასჭირდათ.

“ბაზელისა” და “ლივერპულის” გზები მეორედ გადაიკვეთა. პირველად ეს 2002 წელს, ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხდა. 12 წლის წინათ ორივე თამაში ფრედ დასრულდა – ინგლისში 1:1 და შვეიცარიაში 3:3.

“ბაზელი” “ლივერპულს” ტრავმირებული ივან ივანოვნისა და დისკვალიფიცირებული მარსელო დიასის გარეშე დაუპირისპირდება. სტუმართა რიგებში ტრავმები აქვთ ემრე ჩანს, ჯო ალენს, გლენ ჯონსონ, ჯონ ფლენეგანსა და დანიელ სტარიჯს.

  • “ლივერპულს” შვეიცარიაში 5-ჯერ უთამაშია და მერსისაიდელები გოლის გატანას ყოველთვის ახერხებდნენ;
  • გუნდების მთავარი მწვრთნელები, პაულუ სოუზა და ბრენდან როჯერსი, ინგლისის მე-2 დივიზიონში, ერთმანეთს 2-ჯერ შეხვდნენ და ორივე მატჩი უგოლოდ დასრულდა;
  • “ლივერპულმა”, ყველა ტურნირზე გამართულ ბოლო 17 თამაშში კარის მშრალად შენახვა მხოლოდ 2-ჯერ მოახერხა და ორივეჯერ “ტოტენჰემთან” დაპირისპირებაში.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაზელი (4-3-3): ვალციკი, ქსაკა, შერი, სუში, საფარი, დიე, ფრაი, ზუფი, გონსალესი, შტრელერი, გაში.

ლივერპული (4-2-3-1): მინოლე, მანკილიო, ლოვრენი, შკრტელი, მორენო, ჯერარდი, ჰენდერსონი, ლალანა, კოუტინიო, სტერლინგი, ბალოტელი.

მსაჯი: იონას ერიკსონი (შვედეთი).

 

ლუდოგორეცი-რეალი

ამ წყვილს გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს და დიდი მოულოდნელობა იქნება, ბოლო დროს ათამაშებულმა “რეალმა” “ლუდოგორეცს” იოლად რომ ვერ სძლიოს.

“რეალმა”, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 მატჩში კარი მშრალად მხოლოდ 3-ჯერ შეინახა, მაგრამ კარლო ანჩელოტის გუნდი შეტევაში ბრწყინავს. მადრიდელებმა უკანასკნელი 4 თამაში მოიგეს და საერთო ჯამში 20 გოლი გაიტანეს. აქედან 9 ბურთი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზეა.

“რეალის” მსგავსად, ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შემდეგ შედეგიანად ითამაშა “ლუდოგორეცმა”. ბულგარელებმა, ქვეყნის ჩემპიონატსა და თასზე გამართული 3 თამაშიდან 2 მოიგეს და 1 წააგეს, გაიტანეს 11 და გაუშვეს 5 გოლი.

ბულგარულ გუნდს ალექსანდრე ბართე არ ეყოლება, “რეალი” კი დიდი ხნის ტრავმირებულ ხესესა და სამი ხედირას მოისაკლისებს.

  • ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა, მადრიდის “რეალმა”, გასულ გათამაშებაში სტურად ჩატარებულ 6 თამაშში 20 გოლი გაიტანა;
  • “ლუდოგორეცმა”, ყველა ტურნირზე გამართული ბოლო 19 თამაშიდან მხოლოდ 9 მოიგო;
  • კრიშტიანუ რონალდუმ, “რეალის” მაისურით გამართული ბოლო 6 თამაშიდან გოლი ყველაში გაიტანა. მის ანგარიშზე უკვე 11 ბურთია;
  • თუ რონალდუმ დღეს 3 გოლი გაიტანა, ის ჩემპიონთა ლიგის ისოტირაში საუკეთესო ბომბარდირს, რაულს გაუთანაბრდება.

სავარაუდო შემადგენლობები

ლუდოგორეცი (4-2-3-1): ბორიანი, კაისარა, ა. ალექსანდროვი, მოტი, მინევი, ანისეტი, დიაკოვი, მ. ალექსანდროვი, მარსელინიო, მისიჯანი, ბეზიაკი.

რეალი (4-2-3-1): კასილიასი, კარვახალი, რამოსი, ვარანი, მარსელო, მოდრიჩი, კროოსი, ბეილი, როდრიგესი, რონალდუ, ბენზემა.

მსაჯი: კრეიგ ტომსონი (შოტლანდია).

 

 

ჯგუფი

ლევერკუზენი-ბენფიკა

პირველ ტურში წაგებების შემდეგ, “ლევერკუზენი” და “ბენფიკა” ქულების აღების აუცილებლობის წინაშე დადგნენ. ჩ ჯგუფში ძალები მეტნაკლებად თანაბრადაა გადანაწილებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერმოგებით გუნდი ქულებს არა მხოლოდ თავად კარგავს, უშუალოდ კონკურენტსაც მატებს. აქედან გამომდინარე, დღეს, “ლევერკუზენი” და “ბენფიკა” ერთმანეთს არაფერს დაუთმობენ.

ამ გუნდებისთვის ერთმანეთთან თამაში სიახლე არაა. მათ შორის 4 მატჩი გამართულა. 1994 წელს, თასების თასის 1/4-ფინალში, პორტუგალიაში გამართული თამაში 1:1 დასრულდა, გერმანიაში კი გუნდებმა 8-ჯერ გაიტანეს და სტუმრად გატანილი გოლის წესის წყალობით მომდევნო ეტაპზე “ბენფიკა” გავიდა. 2013 წელს, ევროპის ლიგის 1/16 ფინალში, უფრო ძლიერი კვლავ “ბენფიკა” გამოდგა, რომელმაც სტუმრად 1:0 და შინ 2:1 მოიგო.

პირველ ტურში წაგების შემდეგ, “ლევერკუზენმა” ბუნდესლიგაში 3 თამაში ჩაატარა და 4 ქულა აიღო. “ბენფიკამ”, პორტუგალიის ჩემპიონატის ორივე შეხვედრაში იმარჯვა.

მასპინძელი გუნდი ტრავმირებული ბრანდტის, როლფესისა და პაპადოპულოსის გარეშე ითამაშებს. სტუმრებს დისკვალიფიცირებული არტურ მორაეში არ ეყოლებათ.

  • “ბენფიკამ”, ევროტურნირებზე ჩატარებულ ბოლო 5 გასვლითი შეხვედრიდან 4 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა;
  • შტეფან კისლინგმა, მიმდინარე სეზონში გამართულ 10 თამაშში 9 გოლი გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო, ჟედვაი, თორფაქი, სპაჰიჩი, ბოენიში, ბენდერი, რაინარტცი, ბელარაბი, ჩალჰანოღლუ, სონი, კისლინგი.

ბენფიკა (4-2-3-1): ლოპეში, პერეირა, ლუისაო, ჟარდელი, ელიზეუ, სამარისი, პერესი, სალვიო, ტალისკა, გაიტანი, ლიმა.

მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი).

 

ზენიტი-მონაკო

პირველ ტურში მოგებების შემდეგ, “ზენიტი” და “მონაკო” ურთიერთობას უკვე ერთმანეთთან გაარკვევენ. უკეთეს სიტუაციაში სანკტ პეტერბურგელები არიან, რომლებმაც “ბენფიკა” სტუმრად დაამარცხეს, დღეს კი, მასპინძლის უპირატესობით სარგებლობენ.

პირველი ტურის მატჩების შემდეგ, ორივე გუნდმა, შიდა ასპარეზზე, 3-3 თამაში ჩაატარა. “ზენიტმა”, რუსეთის პრემიერლიგაში ერთხელ მოიგო და ერთი მატჩი ფრედ დაასრულა, ხოლო თასზე წარმატებით ითამაშა. “მონაკოს” მიერ საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებულ სამივე მატჩში თითო გოლი გავიდა. ლეონარდუ ჟარდიმის შეგირდებმა 2-ჯერ მოიგეს და ერთხელ წააგეს.

“ზენიტის” რიგებში მცირე ტრავმები აწუხებთ გარაისა და ჰალკს, მაგრამ ისინი, სავარაუდოდ, მაინც ითამაშებენ. სტუმრებს ტრაორე და ლოპესი არ ეყოლებათ.

  • “ზენიტმა”, ევროტნურნირებზე გამართული 48 საშინაო თამაშიდან მხოლოდ 3 წააგო;
  • “ზენიტმა”, ბოლო 14 თამაშიდან 13 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა.

სავარაუდო შემადგენლობები

ზენიტი (4-2-3-1): ლოდიგინი, სმოლნიკოვი, გარაი, ლომბაერტსი, კრიშიტო, ვიტსელი, გარსია, ჰალკი, დანი, შატოვი, რონდონი. 

მონაკო (4-2-3-1): სუბასიჩი, ფაბინიო, რაგი, კარვალიო, კურზავა, ტულალანი, მოუტინიო, სილვა, ჟერმენი, ფერეირა-კარასო, ბერბატოვი. 

მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი).

 

 

D ჯგუფი

არსენალი-გალათასარაი

“არსენალი”, მიმდინარე სეზონის სტარტზე, ცუდად გამოიყურება, რაც ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურშიც გამოჩნდა. ლონდონელები “დორტმუნდთან” უშანსოდ დამარცხდნენ. არსენ ვენგერის გუნდი ვერც ინგლისის ჩემპიონატში ბრწყინავს. “მეთოფეები” კვლავ წაუგებლები არიან, მაგრამ 6 თამაშიდან მათ მხოლოდ 2 მოიგეს.

წარმატებული არც “გალათასარაის” სტარტს ეთქმის. თურქულმა კლუბმა, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, საკუთარ კედლებში “ანდერლეხტი” ვერ დაამარცხა. ჩეზარე პრანდელის შეგირდებმა, ქვეყნის ჩემპიონატში ჩატარებული 4 თამაშიდან 2 მოიგეს, 1 ფრედ ითამაშეს და ერთიც დათმეს. ისინი მე-5 ადგილზე არიან.

დღევანდელ მატჩში, “არსენალს” “გალათასარაისთვის” ძველი ანგარიშები აქვს გასასწორებელი. 2000 წელს, უეფას თასის ფინალში, თურქებმა ინგლისელები თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხეს.

“გალათასარაი” ინგლისს უდანაკარგოდ ეწვია, “არსენალის” დანაკლისი კი ტრადიციულად დიდია. არსენ ვენგერი ჟირუს, უოლკოტს, გნაბრის, მონრეალს, დებუშის, არტეტას, რემზისა და სანოგოს ვერ დაიხმარს.

  • “არსენალმა”, თურქულ გუნდებთან გამართული 9 თამაშიდან კარი მშრალად 8-ში შეინახა;
  • 2004-2012 წლებში, “არსენალს”, ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარ კედლებში მხოლოდ 1 წაგება ჰქონდა. 2012 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, 9 საშინაო მატჩიდან ლონდონელებმა 4 წააგეს;
  • 20 სექტემბერს, “ასტონ ვილასთან” გამართულ მატჩში, “არსენალის” ფეხბურთელებმა, 192 წამში, 3 გოლი გაიტანეს.

სავარაუდო შემადგენლობები

არსენალი (4-1-4-1): შჩეზნი, ჩამბერსი, მერტეზაკერი, კოშელნი, გიბსი, ფლამინი, სანჩესი, იოზილი, ჩემბერლენი, კასორლა, უელბეკი.

გალათასარაი (4-3-1-2): მუსლერა, სარი, კაია, შეჯუ, ტელესი, ჯემაილი, მელო, ინანი, სნეიდერი, ილმაზი, პანდევი.

მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია).

 

ანდერლეხტი-დორტმუნდი

პირველ ტურში ორივე გუნდმა წარმატებით ითამაშა. “დორტმუნდმა” უშუალო კონკურენტი “არსენალი” 2:0 დაამარცხა, ხოლო “ანდერლეხტი” თურქეთიდან ქულით დაბრუნდა.

ბელგიელებმა წარმატებით თამაში შიდა ასპარეზზეც განაგრძეს. მათ, ქვეყნის ჩემპიონატში 2, ხოლო თასზე 1 თამაში მოიგეს. “დორტმუნდზე” იგივეს ვერ ვიტყვით. იურგენ კლოპის გუნდმა, ბუნდესლიგის ბოლო 3 ტურში მხოლოდ ერთი ქულა აიღო. გასულ უქმეებზე, დორტმუნდელები რურის დერბიში “შალკესთან” დამარცხდნენ.

გუნდები ერთმანეთს მესამედ შეხვდებიან. პირველი 2 მატჩი 1990 წელს, უეფას თასის მე-3 ეტაპზე გაიმართა. “ანდერლეხტმა” შინ 1:0 მოიგო და მართალია სტუმრად 1:2 წააგო, მაგრამ მომდევნო ეტაპზე მაინც ბელგიელები გავიდნენ.

“ანდერლეხტი” ტრავმირებული ნ’საკალასა და ნუიტნიკის გარეშე ითამაშებს. სტუმრებს, იმავე მიზეზით, როისი, შაჰინი, კირხი და მხითარიანი არ ეყოლებათ.

  • წინა 7 შემთხვევაში, როდესაც “ანდერლეხტი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა, ბელგიური გუნდი ბოლო ადგილზე გადიოდა;
  • “დორტმუნდმა”, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებული ბოლო 6 გასვლითი თამაშიდან მხოლოდ 1 წააგო;
  • “ანდერლეხტმა”, მიმდინარე სეზონში ჩატარებული ხუთივე თამაში მოიგო.

სავარაუდო შემადგენლობები

ანდერლეხტი (4-4-1-1): პროტო, კოლინი, ეილენი, მანგულუ, დეშახტი, ნაიარი, ტილემანსი, დეფური, აშემპონი, პრაეტი, სუარესი.

დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი, პიშჩეკი, სუბოტიჩი, სოკრატისი, დურმი, ბენდერი, გინტერი, ობამეიანგი, კაგავა, გროსკროიტცი, რამოსი.

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო (იტალია).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.172703