“ეს უნდა ნახოთ!“ – ამ სიტყვებს ყველაზე ხშირად სარეკლამო სლოგანებში მოისმენთ. სარეკლამოზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ბევრ წარმოუდგენელ რამეს ნამდვილად ნახავთ, თუკი ვერის ბაღში მდებარე გიორგი კანდელაკის კრივის დარბაზში წასვლას გადაწყვეტთ. ყველამ კარგად ვიცით, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც უამრავი რამ მოსაწესრიგებელი, მისახედი და გასაკეთებელია, მაგრამ ის გარემო, რაც ზემოთ აღნიშნულ დარბაზში სუფევს, არც სპორტულია და ვერც იმით შეიძლება გამართლდეს, რომ მრავალ სხვა სახეობასთან ერთად, ქართულ კრივსაც გვარიანად უჭირს და ირგვლივ ჯიბეგაფხეკილობაა დავანებული.
მოდით, სულ თავიდან დავიწყოთ. ვერის ბაღის კრივის დარბაზში შესულ ადამიანს, უწინარესად, ცხვირის წვერს აგიწვავთ ფრიად საცნაური სუნი, რომელიც მხოლოდ ერთმანეთს შერკინებული ჯეელებიდან შეიძლება იფრქვეოდეს. და რატომ დგას ეს სუნი? ისეთი არაფერი - უბრალოდ, დაბაზის არც ერთი ფანჯარა არ იღება. ხოლო, სადაც ფანჯარა არ იღება, იქ მდინარე ვერედან დაბერილი მაცოცხლებელი ნიავის ნაცვლად, ბუნებრივია, გარემო ასეთი “გრანდიოზული“ სუნით იქნება გაჯერებული.
თუკი, სპარტაკისებრ ნებისყოფას გამოიჩენთ, სუნთქვით რეფლექსებს დათრგუნავთ და კრივის საცქერლად სკამზე ჩამოჯდომას მოიწადინებთ, უმალ აღმოაჩენთ, რომ სკამებად სამი ფიცრისაგან შეკრული, სწორედ ისეთი ჩამოსაჯდომები დაუდგამთ, საქართველოს რეგიონებში ქორწილებსა და ქელეხებზე რომ გვინახავს. ამ სკამებს ერთი პრიალა ქაღალდის გადაკვრაღა აკლია და ჭეშმარიტად საქელეხო სუფრაზე მჯდომი კაცის განწყობა გარანტირებული გაქვთ. გარდა ამისა, ეს უცნაური სკამები ისეთი პატარაა, რომ ფეხის ოდნავ გაშლის მსურველ კაცს, წინა ადგილზე მჯდომისთვის ათასი ბოდიშის თქმა გიწევს იმის გამო, რომ ფეხსაცმელი შეგნებულად არ გაგისვამთ წინ მჯდომის ზურგზე და სულაც არა ხართ მასთან ჩხუბის მოსურნე.
მაშ ასე, შეხვედით, ჩამოჯექით, მუხლები საკუთარ მკერდზე მიიტყუპეთ და ელოდებით, როდის დაიწყება ესოდენ ტანჯვად ქცეული ასპარეზობა. კრივის დაწყებასთან ერთად, ბუნებრივია, დარბაზის განათების ჩართვის იმედიც გაქვთ, რამეთუ ბნელ დარბაზში მოკრივეების კი არა, რინგზე გაჭიმული თოკების გარჩევაც კი რთულია.
სამი, ორი, ერთი... და ვიღაცის ძალმოსილი ხელი, სინათლის ჩამრთველის ღილაკს შეეხო, მაგრამ რად გინდა... მკრთალად აციალდა ოთხიოდე გასაცოდავებული ნეონის ნათურა და მათ შორის ორი, ანთებისთანავე გადაიწვა. რა გაეწყობა, მოკრივეებს ორი ნათურის შუქზე უწევთ ბრძოლა, მაყურებლებს კი, თვალების გადმოკარკვლამდე დაძაბვა, რომ რაიმენაირად გაარჩიონ, რინგზე ვინ ვის ურტყამს. ხოლო თუ მაყურებლებში ახლომხედველი კაცი გამოერია, სუფლიორის გარეშე, მას მხოლოდ ბრაგა-ბრუგისა და გულშემატკივრების შეძახილების მოსმენა მოუწევს.
როდესაც ამ ყველაფერს ნახავ და განიცდი, ნამდვილად აღარ გაგიკვირდება, რომ რინგზე გამოუცხადებელი სპორტსმენების ნაცვლად, კრივის შოუმენ-რეპორტიორი, პრაქტიკულად მაყურებლის როლში მყოფ სხვა მოკრივეებში დაიწყებს ჩხუბის მსურველთა ძებნას. შემდეგ კი, ამდენი უცნაური ფაქტის ნახვით გაოგნებული, წახვალ სახლში, მიესვენები საწოლზე და თავში კიდევ ერთხელ ამოგიტივტივდება ქართველებისთვის ბოლო პერიოდში ლამის, ყველაზე ხშირად ნახსენები ფრაზა: გვეშველება რამე?
ჩვენს ქვეყანაში, როდესაც ადამიანი ჟურნალისტობასა და მეტადრე, სპორტზე წერას გადაწყვეტ, კარგად უნდა იცოდე, რომ ბევრი ადამიანის განაწყენება მოგიწევს. არ დაგიმალავთ, შესანიშნავად ვგრძნობ და ვხვდები, რომ ეს სვეტიც ბევრ ადამიანს გაანაწყენებს და უპირველესად, ალბათ, ცნობილი ქართველი მოკრივის – გიორგი კანდელაკის გულისწრომის მიზეზი გახდება - ზემოთაღწერილი მთელი ღონისძიებების უფროსი და ხელმძღვანელი ხომ სწორედ გიორგი კანდელაკია. არ გამიკვირდება, თუ ზოგიერთები კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ მე და ჩემი კოლეგები “ქართული სპორტის მტრები ვართ“, “მხოლოდ ცუდ ამბებზე წერა გვახარებს“ და “ქართული კრივის მომავალი არაფრად გვიღირს“. ზოგიერთს, შესაძლებელია, მართლაც ეტკინოს გული და ალალად შეწუხდეს ყველაფრით, რაც აქ დაიწერა და რაც უბრალოდ, აღარ დავწერეთ. მაგრამ, მთავარი ისაა, რომ ეს ყველაფერი ნამდვილია და ეს ყველაფერი, საქართველოში ხდება. და განა, ეს ცოტას ნიშნავს?
ლევან სეფისკვერაძე







