დიდი მოლოდინისა და წვალების შემდეგ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები A დივიზიონის წევრი გახდა. ქართველ გულშემატკივარს ეს სიხარული, გასული წლის ზაფხულიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ არ განელებია. თუმცა, ამაზე უფრო დიდი მოლოდინები, ამბიციები და იმედები სულ ცოტა ხნის წინათ გაგვიჩნდა, როდესაც მიუნხენში გამართული კენჭისყრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ არცთუ რთულ ჯგუფში მოხვედრილ "ჯვაროსნებს", არც მეტი, არც ნაკლები, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაც კი ხელეწიფებათ. პოლონეთის, ბულგარეთის, ბელგიისა და პორტუგალიის ნაკრებები, იმერულად რომ ვთქვათ, რა "მოხელე ნაჩალნიკებიც" არიან, ამის შესახებ "მსოფლიო სპორტი" უკვე წერდა. ახლა, მთავარი ის არის, ქართველები რამდენად კარგად შევიშნოვებთ იღბალის ასეთ "საჩუქარს" და აქვე უნდა გამოვთქვათ იმის იმედი, რომ რაკი იტალიისა და მაკედონიის დარ გუნდებს ავცდით, ეს ფაქტი ჩვენი გუნდის მოდუნებისა და მეტოქეების შეუფასებლობის მიზეზი არ გახდება.
2010 წლის აგვისტომდე საჭიროზე მეტი დროც კია იმისათვის, რომ კალათბურთელებთან ერთად, ქართველი ქომაგიც მოემზადოს. მომზადებაში ძალიან ბევრ რამეს ვგულისხმობ. უპირველესად, პირადად მე სირცხვილად მიმაჩნია, რომ ქართული კალათბურთის ძველი თუ ახალი არაერთი წარმატების მიუხედავად, ჯერ კიდევ არ არსებობს და არავის მოსვლია აზრად, შეექმნა საქომაგო სიმღერა. ევროპულ ელიტაში დამკვიდრებაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანას ნამდვილად არ ეკადრება მსგავსი საკითხების უგულებელყოფა. გარდა ამისა, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს ისეთი ტექნიკური საკითხები, როგორიცაა თუნდაც, სპორტის სასახლეში ბილეთებისა თუ აბონემენტების გაყიდვისა და გულშემატკივრების ხარისხიანად მომსახურების საკითხი. ჩვენი ნაკრების A დივიზიონში გადასვლის სიხარული ბევრ გულშემატკივარს გაუფერმკრთალა სპორტის სასახლეში შესვლის დროს არსებულმა ჭყლეტვამ და ჯაჯგურმა, რაც მატჩების წინ სუფევდა. უამრავკარიან სპორტის სასახლეში, იქაური მომსახურე პერსონალი, რატომღაც, მხოლოდ ორ კარს აღებდა, რამაც ბილეთიანი თუ უბილეთო ქომაგების ერთმანეთში აღრევა და ისეთი ჩოჩქოლი გამოიწვია, ლამის მთელი პირველი მეოთხედის განმავლობაში, გულშემატკივრებმა სასახლეში შეღწევა ვერ მოახერხეს. ვითომ, ასე ძნელია გულშემატკივრების მომსახურებისა და ბილეთების საკითხის მოწესრიგება? ჩვენი ევროპელობა ასეთი საკითხების გადაწყვეტითაც უნდა წარმოვაჩინოთ.
აღარაფერს ვამბობთ სხვა, უფრო რთულად მოსაგვარებელ საკითხებზე. მაგალითად, ასეთზე - კალათბურთის, როგორც წარმატებული სახეობის დაფინანსების გაზრდა. არადა, ამაში განასაკუთრებული არაფერი უნდა იყოს.
მთელს მსოფლიოში ასე ხდება - როდესაც სპორტის რომელიმე სახეობაში წარმატებები სახეზეა და უფრო დიდი პოტენციალიც შეინიშნება, ამ სახეობას განსაკუთრებულად დიდ ყურადღებას აქცევენ და ეს ყურადღება, უპირველესად, რა თქმა უნდა, ფინანსების მოცულობით გამოიხატება.
რაც შეეხება საკუთრივ ჩვენს ნაკრებს და ჩვენს კალათბურთელებს, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, უდავოდ, მათ აკისრიათ და მათი განსაკუთრებული მონდომების გარეშე არაფერი მოხდება, მაგრამ მე ნამდვილად მჯერა, რომ ის "მარადიული წყვილი", რომელსაც ნაკრები და ქომაგი ჰქვია, ერთად ყოფნის შემთხვევაში, წარმატებას აუცილებლად მიაღწევს!
ლევან სეფისკვერაძე







